суббота, 2 июля 2011 г.

სიმღერის საკონცერტო ვარიანტები













"მომღერალი რომ არ გამოვსულიყავი, მეცხვარე გავხდებოდი"

თემურ წიკლაური: საკურთხეველში რომ შევედი, ვიგრძენი, რომ უფალთან ვიყავი და არაფერზე აღარ ვფიქრობდი"

მომღერალი თემურ წიკლაური ორი წელია, რაც ლურჯი მონასტრის სტიქაროსანია. მისი აზრით, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უფლის ნებით გადაწყდა. თუმცა არც იმას გამირიცხავს, რომ მისი პოპულარობაც უფლის სურვილით მოხდა.

-ბ–ნო თემურ, მომაბეზრებელი ხომ არ არის, ამდენი თაყვანისმცემელი რომ გყავთ?
–პოპულარობა დიდი პასუხისმგებლობაა. თუმცა, ცხოვრებას და ადამიანის ყოფაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. წარმატება უეცრად ჰაერიდან არ მოდის. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს პიროვნების პოპულარობაზე. ეს ფაქტორები კი რაღაცის საფუძველზე იქნება. მთავარი ჩემი ხალხია, რომლისგანაც სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ და მეც სიყვარულით ვპასუხობ.
–რა უნდა გააკეთოს დამწყებმა მომღერალმა, პოპულარობა რომ მოიპოვოს?
–აქ არ არის განსაკუთრებული რეცეპტი, რომ ეს ასე გააკეთე და წარმატებული გახდები. მომღერლის წარმატებისთვის საჭიროა "ცოტა ხმა, ცოტა სმენა და ბევრი სინდის–ნამუსი". ძალიან მნიშვნელოვანია რას იმღერებ, რა სიტყვას მიაწვდი შენს მსმენელს, პირველ რიგში კი ღმერთს. თუ შენი სიმღერა პირველ რიგში უფალს არ უძღვენი, ხალხი შენს სიმღერას ვერ გაიგებს. სიმღერას, ანუ სიტყვას და მუსიკას ერთად აღებულს, დიდი დაფიქრება და სინსის–ნამუსი სჭირდება. ხალხი ამას კარგად გრძნობს. ამიტომ შენი ერის სულიერებაში ჩაწვდომა მომღერლისათვის აუცილებელია. უპირობოდ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი. ანსამბლი "ივერია" ასეთი იყო, არის და იქნება.
–საჭიროა თუ არა ფონოგრამა?
–ფონოგრამა არასოდეს დამჭირვებია, ვისაც სჭირდება ხალხი ხედავს და შესაბამისადაც აფასებს მათ. ისე კი ტელევიზიით გადაღების დროს ხარისხის გამო ფონოგრამა აუცილებელია. ტელევიზიას და კინოგადაღებას სჭირდება ფონოგრამა. თუმცა ჩემი პრინციპიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ ვიმღერო "ცოცხლად".
–ბ–ნო თემურ, თქვენთვის ხშირად იწერება სიმღერები. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა სიმღერა ძალიან შეგყვარებიათ ან მოგწონებიათ?
–თუ იმღერე, გამოდის, რომ სიმღერა მისაღებია. 40 წელია, სცენაზე ვდგავარ, რათქმა უნდა, ყველა არ მოგეწონება. ხანდახან კომპრომისზე უნდა წახვიდე, რათა სხვას არ აწყენინო. არის სიმღერები, რომლებიც იმ პერიოდში მოგწონდა, მაგრამ ახლა არა. ეს შეიძლება იმან განაპირობოს, რომ იმ დროს სხვა მოთხოვნილებები, სხვა განწყობა იყო. მერე კი ეს ყველაფერი შეიცვალა. სიმღრიას აუდიო ჩანაწერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ განწყობა არ გაქვს სიმღერას კარგად ვერ ჩაწერ. ამავე დროს უფალსაც უნდა სურდეს შენი წარმატება. თუ უფალს არ სურს, არაფერი მოხდება. უფლის ნებაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყნად ხდება.
–თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თქვენ სიმღერის განწყობაზე არ იყავით, მაგრამ სცენაზე აუცილებლად უნდა გამოსულიყავით და გემღერათ?
–ეს ძალიან პირადული საკითხია. რათქმაუნდა, იყო შემთხვევები, როცა სიმღერის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ მაინც გამოვდიოდი. 40 წლის მანძილზე ანსამბლმა "ივერია" შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი, არ დაიშალა და ერთმანეთი არ შეჭამა. არც ოპოზიცია გახდა და არც პოზიცია. 12–მა კაცმა შევქმენით 4 მიუზიკლი, 22 პროგრამა. აღარაფერს ვამბობ სოლო კონცერტებსა და გასტროლებზე. ჩემი მოვალეობაა უფლის და ხალხის სამსახური. ამ პრინციპით გამოვდიოდი ყოველთვის სცენაზე.
–ბ–ნო თემურ თქვენ სტიქაროსანიც ბრძანდებით. როგორ მოხდა თქვენი სტიქაროსნად გახდომა?
–დიახ, 2 წელია, რაც სტიქაროსანი ვარ და ღვთის მსახურებაშიც ვიმყოფები. უფალს ვემსახურები, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ეს მოხდა უფლის ნებით. ჩემმა მამაომ აწგანსვენებულმა მამა გრიგოლმა (ლურჯ მონასტერში მსახურობდა), მომიწოდა, რომ სტიქაროსანი გავმხდარიყავი. მისი ხელდასმით და კურთხევით მეც დავეთანხმე. სამღვდელოების წარმომადგენელი ღვთის შეგონებით საუბრობს და უფკლება არ მქონდა უარი მეთქვა, მორჩილად ვემსახურები ჩვენს იესო ქრისტეს, ეკლესიას და ხალხს.
– როდესაც პირველად შეხვედით საკურთხეველში, რა იგრძენით?
საკურთხეველში ადრეც ვიყავი შესული, სანამ სტიქაროსანი გავხდებოდი, მაგრამ ეს ხდებოდა გაუაზრებლად და შეუგნებლად. მაგრამ როცა გააზრებულად და შეგნებულად შევედი, აქ უკვე ცვლილება მოხდა. შესვლის მომენტი მახსოვს, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რაოდენ დიდი გზა გაქვს გასავლელი, რათა სულიერად ამაღლდე. ეს განუსაზღვრელი განცდაა. მადლობა ლურჯი მონასტრის სტიქაროსნებს და მღვდელმსახურებს თანაგრძნობისა და დახმარებისათვის.
–კომუნისტების დროსაც ასეთი მორწმუნე იყავით?
–ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მუხლებგადატყავებული დავდიოდი ეკლესიაში, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ რწმენა საჩვენებელი არ არის. უფალი გვეუბნება: "ილოცე ისე, რომ არავინ დაგინახოს, რამეთუ მამაშენი გხედავს და იგი განსაზღვრავს, შენ როგორი ხარ". კარგია ამდენი მრევლი რომ ჰყავს ეკლესიას. ადრე მოხუცები უფრო მეტნი იყვნენ ეკლესიაში, ვიდრე ახალგაზრდები. ახლა ახალგაზრდები სჭარბობენ ხანდაზმულებს. კომუნისტების დროს მატი იდეოლოგიის წინააღმდეგ რომ წასულიყავი, გაგანადგურებდნენ, ჩაგკეტავდნენ, არ გაგიშვებდნენ გასტროლებზე და მრავალი სხვა.
– მომღერალი რომ არ გამოსულიყავით რა პროფესიას აირჩევდით?
–ცხვარში წავიდოდი. მეცხვარე გავხდებოდი. თუმცა ცეკას მდივანის ვერ გამოვიდოდი, რადგან პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. კომკავშირელიც სხვის დასანახად ვიყავი. მოკლედ ღვთის ნება რაც იქნებოდა, ის გავხდებოდი. ალბათ ღვთის ნება იყო მომღერალი გამოვსულიყავი, რადგან ბავშვობიდან ვმღერი...
–თქვენ ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
–მხოლოდ საქართველოში. მქონდა შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში მეცხოვრა, მაგრამ არ მოვისურვე. საქართველოს გარდა არსად ვაპირებ ცხოვრებას. გამოვიარე ყველა ის გაჭირვება რაც ჩემს ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის არ მიღალატია. საქართველოში სხვანაირი ღვთის მადლი ტრიალებს, რადგან ის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. აქ მარხია უფლის კვართი. წმინდა გიორგი გვფარავს, თუმცა როცა ათონის მთაზე ვიყავი, იმდენად მოვიხიბლე იმ სიდიადით და სიწმინდით, რომ იქ დარჩენა მომინდა., მაგრამ ბოლოს მაინც საქართველო ვარჩიე. ალბათ ესეც უფლის ნება იყო.

ვედროთი სმის მივიწყებული ხერხი, "პრინცესის" მიერ დაკეტილი რესტორანი და ღვინისთვის "უკადრებელი" საქციელი

"ძველ ივერილეს" - ბ-ნ თემურ წიკლაურს ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეთანხმება აზრს, რომ ცუდი ღვინო არ არსებობს. თამადობაც უყვარს და განსხვავებული სასმისით სმაც. სუფრასა და ბახუსთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო აქვს გასახსენებელი. ჰოდა კიდევ ერტელ დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ...

-სუფრის ხსენებაზე, პირველ რიგში, თვალწინ წარმომიდგებიან მეგობრები, მერე კი - ღვინო, რომელიც უნდა მივირთვა და რომელმაც დადებითი ემოციები უნდა გამოიწვიოს ჩემში. ღვინოს დალევ და სამყაროს, მტერსა და მოყვარეს, სხვანაირად აღიქვამ... "ღვინო სისხლია ჩემი და პური - სხეული ჩემი!, -გვეუბნება უფალი. ამიტომაც, ამ ღვთაებრივ სითხეს პატივი უნდა სცეს კაცმა. წინათ საწნახელში ბავშვს იმიტომ აჭყლეტინებდნენ ყურძენს, რომ მისი ბავშვური სიწმინდე ღვინოში დაკრისტალებულიყო და ისეთივე სუფთა და წმინდა გამოსულიყო, როგორიც ბავშვის სულია. ბოღმიანი და გულღრძო კაცის გაკეთებული ღვინო ისეთივე ღრძო ემოციებს აღძრავს, როგორსაც მისი პატრონი.
-ე.ი. თქვენი აზრით ღვინოს ხასიათი აქვს ხომ?
-აბა, რა! ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ის იბადება, იზრდება და კვდება. მეღვინე არა ვარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ახალი ღვინის დალევა არ შეიძლება, რადგან ის ახალგაზრდა კაცივით ენერგიით სავსეა, "გიჟმაჟია" და შენც გაგიჟებს. მერე და მერე დროთა განმავლობაში ღვინდება. ხომ გაგიგონიათ დარვინებული კაციაო, რომ იტყვიან ხოლმე. დაღვინებული ღვინის დალევა სულ სხვა ხასიათზე გაყენებს კაცს.
-ნათქვამია - როგორც ქალი, ისე ღვინოც არ არსებობს კარგი და ცუდიო.
-ამ აზრს მეც ვეთანხმები. თუმცა რაღაც განსხვავება მაინც არსებობს. 18-19 წლის ქალს სულ სხვა სილამაზე აქვს, 40 წლის, გამოცდილ და ცხოვრებაში კარგად ჩახედულ ქალს - სხვა ეშხი, ასაკში შესულს კი - სულ სხვაგვარი ხიბლი. ასეა ღვინოც...
კარგი და ცუდი ღვინის გარჩევა თუ გიჭირთ?
-ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, ყოველთვის ვხვდები, ღვინო კარგია თუ ცუდი, სუფთაა თუ გაკეთებული. განა ცუდი ღვინო არ დამილევია, მაგრამ არა იმიტომ რომ მოვტყუებულვარ. სტუდენტობის დროს სად გვქონდა იმდენი ფული, რომ ღვინო აგვერჩია?! სტიპენდიას ავიღებდით, ბიჭები ფულს შევაგროვებდით და იაფფასიანი ღვინითაც მშვენივრად ვქეიფობდით. ახლა აღარ მაქვს იმის გაჭირვება, რომ ყველენაირი ღვინო დავლიო. ღვინოს ქალივით მოვლა და მოფერება სჭირდება...
-თვითონ თუ დაგიყენებიათ ღვინო?
-ღვინის დაყენება შეუძლებელი სულაც არ არის, მაგრამ ღვინისთვის არ "მიკადრებია" ამგვარი რამ. ერთი უჩვეულოდ კარგი მეგობარი მყავს - ვასო ბოლაშვილი. ის აკეთებს ხოლმე ღვინოს. მიყვარს მასთან ერთად დალევა. დავსხდებით ორნი, დავიდგამთ ორ ჩარექას, ვსვამთ და ვსაუბრობთ; გვემატებიან ძმაკაცებიც და კარგად ვქეიფობთ ხოლმე. ვასო ისეთ ღვინოს აკეთებს, რომ მისი დალევით ვერ გაძღები. იცით რატომ არის ის ღვინო ისეთი გემირელი და მადლიანი? იმიტომ, რომ კარგი კაცის დაყენებულია... სხვათა შორის, ძალიან მიყვარს წითელი ღვინო, მაგრამ ჩემმა მტერმა იქეიფა წითელი ღვინით!.. უწინ კახეთში ხშირად ჩავდიოდით გასდტროლებზე. შემოდგომის პირი იყო. კონცერტის შემდეგ, ზაოდზე" წაგვიყვანეს - იქით ცხელი არაყი მოწკრიალებდა, აქეთ ინდაური იხარშებოდა, მწვადი შიშხინებდა და განა, სხვა რარა უნდა მოქეიფე კაცს?! ჩვენი მასპინძელი გოლიათური აღნაგობის კაცი იყო, ტუხა ერქვა. ქეიფის დაწყებამდე გვკითხა - აბა ბიჭებო. რით დავლიოთ დიდი ჭიქებით თუ პატარებით? ძალიან დაღლილები ვიყავით და ვუთხარით - პატარები გვირჩევნიათქო. - კარგი მაშინ ვედროტი დავლიოთ, ოღონს ვისაც რამდენი უნდა იმდენი მოსვასო, -გადაწყვიტა და ემალის ვედრო გაავსო. ღვინოს უდიერად მოვექეცით და დავისაჯეთ კიდეც. ისეთ დღეში ჩავცვივდით, აღარაფრის თავი აღარ გვქონდა. იმდენი ვეღარ მოვიფიქრეთ, ვედროდან ორი-სამი ყლუპიც რომ მოგვესვა, სუნი მაინც დაგვათრობდა... ნათქვამია ყანწს რომ სვამ, შიგ არ უნდა ჩაიხედო, შიში იცისო...
-ე.ი. ყველაზე უცნაური სასმისი, რითაც დაგილევიათ ვედრო იყო?
-ბევრჯერ დამილევია უცნაური სასმისით. ლამპის შუშით დალევა ხომ ჩემს სამეგობროში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. აბა, წარმოიდგინეთ ლამპის შუქზე რამდენი კარგი ლექსი, მოთხრობა და პოემა დაწერილა, მაშ რატომ არ უნდა დალიო ლამპის შუშით თუნდაც ხელოვნების სადღეგრზელო?!
-თამადობაზე რას იტყვით? ხშირად გიწევთ სუფრის გაძღოლა?
-უთამადოდ სუფრა სუფრას არ ჰგავს - თამადაა კანონიერების შემომტანი და დამცველი. ჱუ ასარჩევად მაქვს საქმე, ვამჯობინებ, რომ სუფრას სიმღერით შევმატო რამე, ვიდრე ვითამადო. ისეთ მოსაუბრეებსა და თამადებს ვიცნობ, მათ თავს როგორ გავუტოლებ?! დოდო აბაშიძესთან ერთად ხშირად მიქეიფია, არაჩვეულებრივი თამადა იყო. ახლაც არაერთ კარგ თამადას ვიცნობ. ჯემალ და გია ბაღაშვილებს უჩვეულოდ კარგად გამოსდით ეს საქმე. გია ბურჯანაძე მართლაც მეფეა სუფრაზე... რომელი ერთი გითხრათ? კარგი თამადა ვერ იქნები თუ ადამიანები არ გიყვარს, შენს ნათქვამს ფასი თვითონ თუ არ დაადე და თვითონ თუ არ გიყვარს სიცოცხლე და ქვეყანა, სხვას ვერც მოეფერები და ვერც ვერაფერს ეტყვი ისეთს, რაც მასში ემოციებს გამოიწვევს.
-თამადა მკაცრი უნდა იყოს?
-ზომიერი სიმკარე აუცილებელია, სუფრაზე უწესრიგობა რომ არ იყოს. თამადამ სადღეგრძელოც დროულად უნდა თქვას და ისიც უნდა იცოდეს, რომ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". სუფრა ხელში თუ არ აიყვანე , ქეიფი პეწს დაკარგავს. ერთი სიტყვით კარგი თამადა ისე გაუძღვება სუფრას როგორც დაგიბარებიათ...
-როცა სუფრას ცუდი თამადა უძღვება მაშინ როგორ იქცევით?
-ასეთ სუფრაზე დიდხანს არ ვჩერდები ხოლმე, წავალ და სხვაგან ვიქეიფებ, ვინ დამიშლის?
-რომელ სადღეგრძელოებს ამბობთ აუცილებლად, ტრადიციული სადღეგრძელოების გარდა?
-მიყვარს ადამ და ევას, როგორც ბებიის და ბაბუის სადღეგრძელოს თქმა. მათმა შეცდომამ მოგვიყვანა აქამდე, ამ შეცდომის გამოსწორებაში ვართ დღესაც. ჰოდა ადამ ბაბუისა და ევა ბებიის მოსაგონარი არ უნდა დავლიოთ?
ხუმრობა იქით იყოს და ადამ და ევას ვადღეგრძელებ, როგორც საწყისს ყველაფრისას. თუ წასულები არ გაიხსენე, თუ სამშობლოს კარგი ლექსისა და სიმღერის სადღეგრძელო არ თქვი, თუ ქლას არ მოეფერე, სხვა რაღაა ქართული სუფრა?!

-თქვენი სიმღერა მახსენდება "აღარ მაძალებენ ღვინოს ბიჭები". ახალგაზრდობაში ალბათ უფრო მეტს სვამდით?
-რამეს მატყობ, ცუდ ფერზე გამოვიყურები თუ რაშია საქმე? ისევ იმდენს ვსვამ, რამდენსაც ახალგაზრდობაში ვსვამდი. ცხოვრებას ახლა ვიწყებ...
-რა ვიცი, თქვენს ასაკში ბევრი ამბობს - ღვინოს ვეღარ ვსვამ, აღარ შემიძლიაო...
-ა-ა, გასაგებია - უი, ეს მტკივა, ის მტკივაო! - გაიძახიან ხოლმე არა? ასაკთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მაქვს - ზოგი იზრდება და ზოგი ბერდება; მე ჯერ ვიზრდები...
-მაინც რამდენის დალევა შეგიძლიათ?
-ეგ რომ მახსოვდეს!.. მსმელმა კაცმა ღამე თუ არ გაათენე და დილით, დუდუკის ჰანგზე თუ არ იმღერე, ერთი-ორჯერ თუ არ განიცადე ეს, ჩათვალე, რომ ბევრი დაგიკარგავს. ვერ გეტყვი მთელი ჩემი ცხოვრება დუდუკებზე მიქეიფიამეთქი, მაგრამ ამ ყველაფერს სხვა ეშხი აქვს. დილით გოგირდის აბანოში "დაბიჟვინებული" რომ მიხვალ და ქისა რომ გეამება, ამას რა სჯობს. ეს ყვეკლაფერი ჩვენებური, ქართულია და კარგი...
-სიმთვრალეში როგორი ხასიათი გაქვთ? მეუღლე ხომ არ გსაყვედურობთ ხოლმე რამეს?
-(იცინის) კარგი რა, ოღონდაც შინაურებში ნუ გადახვალ! რომელი ქალი გინახავთ, უხაროდეს - უი, რა კარგია, სახლში მთვრალი რომ მოხვედიო?! ისე სიმთვრალეში ცუდი ხასიათი არ მაქვს. ადრე მაშინვე მეძინებოდა, როგორც კი სახლამდე მივაღწევდი, ახლა ჯერ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და მერეღა ვიძინებ. მთვრალი ყველას ვეფერები, ზოგჯერ შემაქუხებლადაც. შვილიშვილს ისე მაგრად მოვუჭერ ხოლმე ხელს რომ სიმწრისგან კივის. არ მოსწონს მთვრალი კაცები და ამჟამად მისი ხატრით არ ვსვამ - განტვირთვის პერიოდი მაქვს.
-სუფრასთან დაკავშირებით ალბათ არაერთი ამბავი გაქვთ გასახსენებელი...
-მოსკოვში ვიყავით გასტროლებზე. 70 -ანი წლები იყო. მე და ჯემალი გორკის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში შევედით, იქ ნაცნობი გვყავდა და გვთხოვა - ბრეჟნევის ქალიშვილი უნდა მოვიდეს, რესტორანს ვკეტავთ, მაგრამ თქვენ უარს ვერ გეტყვით, სადმე კუთხეში დასხედით და დალიეთო... დავიწყეთ არყის სმა. ბრეჟნევის ქალიშვილი თავის ბოშა ქმართან ერთად მოვიდა. მალე კი რესტორანში ბოშათა მთელი ბანაკი შემოიჭრა. გიტარაზე უკრავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მოკლედ ერთ ამბავში იყვნენ. ჩვენს უკან დასხდნენ. მე და ჯემალი კარგად ვიყავით უკვე შეჭუკჭუკებულები, ქეიფი და დროს ტარება მოგვინდა. ჯემალმა ბოშებს სთხოვა - ერთი წუთით გიტარა მათხოვეთო და იმღერა. საპასუხოდ ბოშებმაც იმღერეს. წავიდა შეჯიბრი. ხან მე ვმღეროდი, ხან - ჯემალი. აბა იქ მისნაირად ვინ დაუკრავდა გიტარაზე?! თანდათან გვეკიდებოდა ეს ოხერი არაყიც. ბრეჟნევის გოგო მრისხანედ იყურებოდა ჩვენკენ - არ ესიამოვნა მყუდროება რომ დავურღვიეთ. ბოლოს როცა ბოშები მიხვდნენ ვერ გვჯობნიდნენ აკძალული ხერხი ისმარეს - საცეკვაოდ გამოხტნენ, ეგონათ ამით დაგვჯაბნიდნენ. აბა, ორნი რას ვაჯობებდით მათ?! უეცრად ვიღაცამ დაიყვირა - ბიჭებო ნუ7 გეშინიათ აქ ვარო! - დაცვა გაარღვია და საცეკვაოდ გადმოხტა. იმან იქ "ჩიჩოტკა" გაახურა - ბოშები სულ გაგაიჟდნენ. ბოლოს "შპაკატზე" დაჯდა და დაიყვირა: ქართველი ვარო! ამის დაზახება და ბრეჟნევის გოგო თავის ამალიანად გაქრა დარბაზიდან. ის ბიჭი ვინც მოგვეშველა მახარაძელი ყოფილა, პირველი "ჩიჩოტკისტი" რუსეთში და გვიცნო. თურმე თავის მეგობრებთან ქეიფობდა და რომ შეატყო ბოშებს ვეღარ ჯობნიანო, საცეკვაოდ გადმოხტა. ადმინისტრატორი მოვიდა ჩვენთან და შეწუხებულმა გვითხრა - ეს რა მიყავითო?! - მაგრამ მერე დააყოლა - ერტთი მაგისი დედაც ვატირე მთელ რესტორაბს ვკეტავ, ჩვენ ვიქეიფოთო! ბოშებიც დარჩნენ. გათენებამდე ვიქეიფეთ და დღემდე კარგად მახსენდება ის სუფრა...
-ბოლოს ისიც მითხარით, რა სადღეგრძელოთი უნდა დაასრულოს თამადამ სუფრა?
-რა თქმა უნდა ფუძის ანგელოსის, რადგან ის მუდამ თან გვდევს, გვიცავს და გვიფარავს...

რა სიურპრიზებს უკეთებდა თემურ წიკლაური ცოლსა და შვილს ბინის რემონტის დროს

ლილი ზღვაური (თემურ წიკლაურის მეუღლე): მთელი ბინის რემონტმა თემურის კისერზე გადაიარა. მე და ქეთი არაფერში ჩავრეულვართ – არ ჩაგვრია და ჩვენც აღარ მოვინდომეთ. თვითონ აკეთებდა ყველაფერს. ელიავაზეც თვითონ დარბოდა და ხელოსნებთანაც. გააკეთებდა რაღაცას, მოგვიყვანდა და სიურპრიზად გვაჩვენებდა.
– ბინას ბევრი გადაკეთება დასჭირდა?
– საკმაოდ. რამდენიმე კედელი მთლიანად არის აღებული. არქიტექტორი კი გვყავდა, მაგრამ თემურმა დიზაინშიც ძალიან იაქტიურა. ყველაფერი მისი მეთვალყურეობის ქვეშ, მისი მითითებებით გადაკეთდა და გაკეთდა. ზოგ მამაკაცს რომ ეზარება და ეჯავრება რემონტი, თემურს პირიქით, მოსწონს და ამ დროს თავის სტიქიაშია. შპალერიც თემურის არჩეულია და აქსესუარებიც. ავეჯიც მან იყიდა თავისი გემოვნებით და, როგორ უნდა დაგველაგებინა, ესეც თავადვე მოიფიქრა (იცინის). მარტოდმარტო იყო შეჭიდებული ყველაფერს და ძალიან კარგადაც გაართვა თავი.
მოგიყვებით, როგორ ეძებდა ფარდების მკერავს.
– ფარდებიც მან აარჩია?
– რა თქმა უნდა. ფარდებიც იყიდა ელიავაზე და, სხვათა შორის, ბევრად იაფად, ვიდრე მაღაზიებშია.
– ელიავაზე რომ იცნობდნენ ბატონ თემურს და ფასებიც განსხვავებული იქნებოდა მისთვის, ამაში ეჭვი არ მეპარება.
– კი, კი! (იცინის) ყოველთვის ცნობენ და ყოველთვის უკლებენ ფასებს. თემურსაც ძალიან უხარია. მოკლედ, მოგიყვებით, როგორ იპოვა ფარდების მკერავი. მე კარგად ვკერავ, მაგრამ ფარდებს სხვა სპეციფიკა აქვს. ამიტომ, თემურმა გაიკითხა, ვინ შეგვიკერავდა ფარდებს კარგად. ასწავლეს ვინმე თამრიკო. თემურმა დაურეკა, მაგრამ არ უთქვამს, ვინ თემური იყო. მოკლედ, იმას არ ეცალა და რამდენიმე დღეში თვითონ დაურეკა. სად მოვიდე, სად მოგიტანოთ ფარდებიო, – ჰკითხა თემურმა. ხილიანი იცითო? ვიციო, – ეუბნება თემური. იქ რომ მარკეტი „ხილიანია“, ხომ იცით, იქ, ცოტა ქვემოთ, არის სახლი, სადაც ცხოვრობს თემურ წიკლაური და, აი, იქ მობრძანდითო. სწორედ ის თემურ წიკლაური გირეკავთო. თურმე, ჩვენს მეზობლად, გვერდზე სადარბაზოში იყო ნათესავთან ეს თამრიკო და იქ კერავდა (იცინის).
– იცნობდით?
– არა, რა თქმა უნდა! ქუთაისში ცხოვრობს და, როცა შეკვეთები დაუგროვდება, მაშინ ჩამოდის თავის ნათესავთან და კერავს.
– გასტროლებზე ყოფნისას იძენდით საოჯახო ნივთებს?
– მაშინ ეს ცოტა ძნელი იყო. მახსოვს, უკრაინაში, ზაპოროჟიეში ვიყავით გასტროლებით. მაღაზიაში ძალიან მოგვეწონა ავეჯის გარნიტური და საქართველოში მის გადმოსაგზავნად იქაური რაიკომის მდივნის ნებართვა ავიღეთ. საგანგებოდ წავედით რაიკომში, წამოვიღეთ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ნებართვა, მივიტანეთ მაღაზიაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგვიგზავნეს თბილისში (იცინის). უცხოეთიდან ძირითადად ფაიფურის „ბეზდელუშკები“ ჩამომქონდა და ბევრი მათგანი ახლაც მაქვს. კაფელი, მეტლახი და ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან ჩვენ არ ჩამოგვიტანია, აქაც შეიძლებოდა შოვნა და აქ ვყიდულობდით. დღესაც, მგონი, მოდურია ავეჯის უცხოეთიდან გამოწერა, მაგრამ, რასაც ბინაში ხედავთ, ყველაფერი აქ არის ნაყიდი.
– ვინ არის ამ მშვენიერი ნახატების ავტორი?
ქეთი წიკლაური: დედა. დედა პასტელში ხატავს. ლილი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია: ძალიან კარგად ხატავს, კერავს, ქსოვს არაჩვეულებრივ ჩანთებს და ბინის ინტერიერის გაფორმებაზეც დედამ იზრუნა.

თემურ წიკლაურმა მოსკოვში სიმღერაზე უარი თქვა!

ბოლო ხანს საქართველოში უჩვეულო ტენდენცია გამოიკვეთა, - ცნობილ ხელოვანთა ღირსება რუსეთთან მათი დამოკიდებულების მიხედვით იზომება!
ამ დღეებში ხმა გავრცელდა, რომ ცნობილმა "ივერიელმა" თემურ წიკლაურმა განაცხადა უარი მოსკოვში სიმღერაზე. ამასთან დაკავშირებით მომღერალს კომენტარი ვთხოვეთ. მას "ივერიის" განახლებული მიუზიკლის, "ჩხიკვთა ქორწილის" წარმოდგენის წინადღეს შევხვდი. ბატონი თემური თავს შეუძლოდ გრძნობდა, გული მაწუხებს და მალე ოპერაცია უნდა გავიკეთოო.

- ბატონო თემურ, რუსეთში ვინ და რაზე გეპატიჟებოდათ?
- მიკვირს, საიდან გავრცელდა ეს ხმები, მე ხომ არავისთან არაფერი მითქვამს. თანაც, ერთი თვე გავიდა უკვე ამ მიპატიჟებიდან. მანანა თოდაძემ მთხოვა მოსკოვში ჩასვლა. უჩვეულო არაფერი მომხდარა. რუსეთში ცხოვრობს 600 ათასი ქართველი, რომელთაც "ივერია" იმაზე ნაკლებად არ უყვართ, ვიდრე საქართველოში. სწორედ ამ ქართველთა სახელით მთხოვდნენ, მემღერა ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. 2005 წელს მისი "ჩხიკვთა ქორწილი" დაიდგა მოსკოვის ცირკის დარბაზში და იმავე დროს "ივერიამ" "ფიროსმანი" წარადგინა საკონცერტო დარბაზ "როსიის" სცენაზე.
მაშინ ჩვენმა ანსამბლმა ფაქტობრივად მთელი მოსკოვი დაიპყრო, რადგან ერთდროულად ორ წარმოდგენას ვმართავდით. "ჩხიკვთა ქორწილი" ასჯერ ნახა მოსკოველმა მაყურებელმა. დასანანია, რომ დღეს ეს არავის ახსენდება და მტრად მივიჩნევთ მთლიანად რუს ხალხსაც. არადა, პოლიტიკოსები ახვევენ ამ მტრობას თავს საზოგადოებას.
- ბევრი მათგანი მავანთა მიერ საქართველოს მოღალატედ სწორედ იმიტომ გამოცხადდა, რომ რუსეთში მოღვაწეობს.
- ვერავის განვსჯი. მე არ წავსულვარ და არც წავალ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც რუსეთში მოღვაწე ქართველებზე ვლაპარაკობთ, იმ ხალხს უჭირს და წავიდა, ამაში არაფერია გასაკვირი.
- ამბობთ, რომ არ წასულხართ და არც წახვალთ. ეს გადაწყვეტილება პროტესტის ნიშანია?
- გარანტია არ მაქვს, რომ ჩემი იქ ჩასვლა სწორად გაშუქდება მასმედიის მიერ, ეს ეხება როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიას. დააკვირდით, ჟურნალისტები ხშირად შარს მოსდებენ ისეთ პერსონებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არიან ცნობილი. მათ ჯერ გაკიცხავენ იმის გამო, რომ რუსეთში იმღერეს, მერე ისევ ხოტბას შეასხამენ... არავის აქვს უფლება, იქ მცხოვრები ქართველები აუგად მოიხსენიოს, რადგან სწორედ ისინი ინახავენ საქართველოს. განა ისინი არ აგზავნიან ფულს ოჯახების გადასარჩენად? განა ეს არ არის საქართველოს ეკონომიკის დახმარება? რა ვქნათ, მოვიგლიჯოთ ეს ხალხი გულიდან? ორი კონცერტი მქონდა ათენში და ღმერთო, ასეთი განცდით ჩემს ცხოვრებაში არ მიმღერია და არ შემცოდებია ჩემი ქვეყანა.
ამ ულამაზეს ხალხს იმხელა რა უბედურება დაატყდა, რომ ათენში სხვის შვილებს, სხვის მოხუცებს უნდა მოუარონ და თავიანთი ენატრებოდეთ. ასევე მქონდა კონცერტები ესპანეთსა და ამერიკაში. ყველგან ერთი და იგივე სურათია, - სამშობლოს გადასარჩენად სამშობლოს მოწყვეტილი ქართველები! რა განსხვავებაა რუსეთში მყოფი ქართული დიასპორისგან? უბრალოდ, რუსეთში უფრო დიდი ხანია ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ რა მათი ბრალია, ასე რომ მოხდა? ერთი ვინმე ებრალიძე გამოვიდა მტრის გუნდრუკის მკმეველი და იმას მიაბეს მთელი საქართველო! როგორ შეიძლება ერთი ვიღაც, თუნდაც გადამთიელის გამო მილიონი ქართველი მოღალატედ გამოაცხადო?
- ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ მაინც არ მიდიხართ მოსკოვში...
- რომ ჩახვალ, ისეთი სიტყვა უნდა თქვა, რომ საქართველოს და ქვეყნის გარეთ მყოფ ქართველებს წაადგე. მე კი არა ვარ იმხელა, რომ იმათ მივწვდე, ვისთანაც სიტყვაა სათქმელი. ამასობაში კი ჩემს იქ ყოფნას ისეთ კუდს მიაბამენ, რომელსაც საერთო არაფერი ექნება ჩემს მიზანთან.
- რაზე მიანიშნებს ცალკეულ პირთა მიმართ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება?
- უღმერთობაზე! ისე გაშმაგებული ვებრძვით ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთს კი არა, მონღოლთა ურდოებს ვიგერიებთ. არადა, სიყვარულზე უნდა ვაშენებდეთ ქვეყანას. სხვანაირად მართლა მტრულად მოსულსაც ვერ გავუმკლავდებით, ნამდვილ მტერსაც ვერ ვიცნობთ. სხვანაირად ყოველთვის გვეყოლება მტერი, რადგან ქართველის მოძულე ქართველის დამარცხება იოლია. ჩვენ უნდა მივახვედროთ მთელი მსოფლიო, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მოყვრულად მომსვლელს გაუგებენ და მიიღებენ, იარაღით მოსულს კი საკადრის პასუხს გასცემენ ერთად მდგომი ქართველები. ახლა იოლად შესამჩნევი სწორედ ის არის, რომ ქართველები ერთად არ ვდგავართ.

ეკა ლომიძე

”კვირის პალიტრა”

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/15499-themur-tsiklaurma-moskovshi-simgheraze-uari-thqva.html#ixzz1R5MgNnS6

რომელი კანონები მოსწონს თემურ წიკლაურს და რა მნიშვნელობა აქვს ქმარს ცოლისთვის

თემურ წიკლაურთან ქალის და მამაკაცის თანასწორობაზე საუბარი ადვილი არ არის. როგორია, „არწივს“ სთხოვო, წარმოიდგინე, ქალი რომ ყოფილიყავიო. ერთი სიტყვით, ბეწვზე გადავრჩი. მაგრამ ინტერვიუ შედგა და საკმაოდ საინტერესოც გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თემურის შეხედულებები, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე პატრიარქალურია, მაინც მიმაჩნია, რომ ყველა ჭეშმარიტი ქალი მას სიამოვნებით დაეთანხმება.

– არის უპირატესობა დაიბადო კაცად?
თემურ წიკლაური:
მამაკაცობა უპირატესობა რომ არ ყოფილიყო, ევა ადამს ხომ არ შეუჩნდებოდა. აბა, რა უნდოდა ევას?! – ადამი მოუნდა. იმიტომ რომ, ის იყო მაღლა მდგომი არსება. პირველიც ადამი გააჩინა ღმერთმა.
– მაგრამ გააჩინა თიხისგან.
– დიახ, თიხისგან. თქვენს გამო კი მამაკაცებს ერთი ნეკნი გვაკლია.
– ანუ, არასრულფასოვნები ხართ.
– ჩვენ კი არ ვართ არასრულფასოვნები, თქვენ ხართ უმადურები. (იცინის) მადლობასაც არ ამბობთ და კიდევ... არა, არა, ძალიან კარგები ხართ. კაცი რომ სახლიდან გადის, იმის მიხედვით აფასებენ, როგორი ცოლი ჰყავს. ეს მას ყველაფერზე ეტყობა. ჩაცმა-დახურვასა და უპირველესად, სახეზე. ცოლიც რომ გადის გარეთ, რანაირად ბრწყინავს, ეს უკვე მის ქმარზეა დამოკიდებული. ასე იყო ყოველთვის და ასეც უნდა იყოს. აბა, რატომ ცხოვრობს ქალი და კაცი ერთად?! უნდა მოუარონ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. მერე ოჯახიც გამართლებულია და აშენებულიც.
– თქვენ გიფიქრიათ, რომ კარგია ქალად რომ არ გაჩნდით?
– არა. მე ასეთ რაღაცეებზე არ ვფიქრობ. არც ასეთი შეკითხვები მომწონს. დაყოფას მივყავართ განხეთქილებამდე. ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთმანეთისთვის შექმნა. ისინი ერთნი არიან. მით უმეტეს, ცოლ-ქმარი. მე ასე მესმის ცოლქმრობა. თორემ, მიიღებს მალე ევროკავშირი კანონს და გაასწორებენ ქალსაც და კაცსაც. პედერასტებიც ოფიციალურად დაიწყებენ მამათმავლობას. მათ უკვე კანონი დაიცავს. ჩემთვის არის ერთი კანონი, რომელიც მოგვცა ბიბლიამ და წერია ახალ აღთქმაში. ქალი უნდა დაემორჩილოს მამაკაცს. ასე წერია. კანონია ეს. გაიგეთ, ხალხო. არ შეიძლება, ახალი კანონების გამოგონება. ათ მცნებას თუ მიჰყვები, რომელიც არის კანონთა კანონი და საფუძველი დედამიწაზე ცხოვრებისა, მაშინ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს. მერე მოიგონეს, ქალი კისერიაო, ქმარი თავიო და კისერი კიდევ, საითაც უნდა, იქით მიაპროწიალებს ამ თავსაო. (იცინის) ანუ, ყველაფერს შეიძლება რაღაც გასაღები მოენახოს, მაგრამ კანონმორჩილება უნდა იყოს, თორემ იქნება ქაოსი, რასაც კარგი არაფერი მოაქვს.
– ისე, თავის და კისრის ამბავი მართალია?
– (იცინის) კაცი ისეთი მიმნდობია, ისეთი მიამიტია, რომ მოეფერები, კარგად რომ გამოკვებავ გემრიელი კერძით, რომ გაათბობ და გაუღიმებ, ყველაფრის სჯერა. დამდნარია უკვე. მერე დამდნარი, საითაც გინდა, იქით მიაპროწიალე და მოაპროწიალე.
– საწყალი მამაკაცები.
– აბა, ქალების ხელში სამყაროს „უბედური“ მეორე ნახევარია კაცი (იცინის). მაგრამ მამაკაცი თავისი გაჩენიდან დღემდე მაინც მომტანი და სახლში შემტანია. მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარეა ეს. კაცს აქვს ორმოცდაექვსი ქრომოსომი, ქალს მხოლოდ ორმოცდაოთხი. რატომ, ეს უფალს ჰკითხეთ. ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. კუნთოვანი მასაც კაცს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქალს და არის კიდევ რაღაც, რაც მამაკაცს ანიჭებს პრიორიტეტს საკვების მოპოვებაში. კაცს დინოზავრი უნდა მოეკლა. ქალი აჩენდა ბავშვს და უვლიდა მას. მთელი ცხოვრება ასე იყო. დრო შეიძლება შეიცვალა, შეიძლება ქალს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა, მაგრამ ქმედითობა მაინც კაცის მხარეს რჩება.
– მერე, სად არიან ძლიერი, ქმედითი მამაკაცები?
– რას ნიშნავს, სად არიან?! რამდენიც გინდა, იმდენი არიან. აბა, ვინ დგას ქვეყნის სათავეებთან, ვინ აშენებს და აგებს გზებს, ვის მოაქვს დოვლათი. რუსეთში ნიჩბებზე ქალები მუშაობენ, მაგრამ იქ მათ გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. მამაკაცი ლოთია და უვარგისი. გდია მთვრალი ღობის ძირში. საქართველოში არავინ აკადრებს ქალს, მიდი და ნიჩაბზე იმუშავეო. ცუდი ყველგან არის, მაგრამ კაცი არაფერს აკეთებსო, ეგ მეორედ არ წამოგცდეთ! (არწივული მრისხანება – ავტორი) ჩვენ ქალებიც ძალიან მაგრები გვყავდა. სიკვდილით დასჯა გააუქმა თამარ მეფემ. ქალი იყო და თავისი ქალური გულმოწყალება გამოიჩინა. ფეხშიშველი წინ მიუძღოდა ჯარს. კიდევ ბევრი ძალიან ცნობილი ქალი გვყავს და არა მარტო ჩვენ, მსოფლიოსაც ჰყავს. მარტო ჟანა დარკი რად ღირს. ასე, რომ სქესთა ურთიერთდაპირისპირებას თავი დაანებე. (იცინის) ცოლ-ქმარი ერთ სულ და ერთ ხორც არს და უფლის წინაშე ორივე ერთნაირად არის პასუხისმგებელი აბსოლუტურად ყველაფერზე.
– ღალატზეც?
– საქმე ისაა, რომ ღალატი არ არის ასეთი ხელწამოსაკრავი თემა და არც ადვილად სათქმელი სიტყვა. ახლა მაინც, მეტისმეტად გაამარტივეს. ღალატის დაბრალებით, სასიკვდილო განაჩენი გამოგაქვს ადამიანისთვის. იქნებ, შენ გგონია, რომ გიღალატა. აბა, ერთი იმ ადამიანის სულში ცოტა ღრმად ჩაიხედე. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერ უნდა გაიგო, რა მოხდა. რამ აიძულა ეს ადამიანი, რომ ის გაეკეთებინა, რასაც შენ ღალატს ეძახი. მიდი, ჰკითხე, იქნებ რას გეუბნება. შეუძლებელია, ყველას ერთდროულად მოსთხოვო. როგორც „არმოკითხვა“ ჩვენი განსასჯელი არ არის, ისე „მოკითხვას“ არავინ გვეკითხება. არც მოსვლა უკითხავს ვინმეს და არც წასვლას არავინ შეგვეკითხება. სადაც ეგოიზმი, ამპარტავნობა და გაუტანლობა მოდის წინ, იქ ადამიანური თანადგომა იჩაგრება.
– როგორი ქალია მამაკაცისთვის გამაღიზიანებელი?
– ყველა მამაკაცი არ არის ერთნაირი და ზოგისთვის სულელი ქალიც მისაღებია. მე გამიმართლა, ძალიან ნიჭიერი ქალი მყავს ცოლად. კერავს, ქსოვს, (იცინის) არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. თან მშვიდია საოცრად. აბა, როგორ გითხრათ, როგორი ქალია ჩემთვის გამაღიზიანებელი. მაშინ ჯერ სხვა ქალებიც უნდა ვნახო, (იცინის) რომ ვთქვა, ცუდი ქალი როგორია. მაგრამ, მე რას ვფიქრობ, იცით, ცუდი ქალი არ არსებობს. რადგან ქალს დედობის უფლება, ამხელა პატივი მიენიჭა ღმერთისგან, ის არ შეიძლება, ცუდი იყოს. უბრალოდ, კაცია მისი ცუდად შემცნობი და აღმქმელი. როგორც ცუდი ღვინო არ არსებობს, ასევე არ არსებობს ცუდი ქალი. არის კაცი, რომელსაც გონების თვალი აქვს დახუჭული და ამ ქალის სიკარგეს ვერ ხედავს.
– უკეთესად ხომ არ გაუგებდა კაცი ქალს, ერთხელ მაინც, მის „ტყავში“ რომ ეგრძნო თავი?
– კაცი ვერ შობს შვილს. ძალიანაც რომ მოინდომოს, არაფერი გამოუვა. სხვა საკითხებში კი, „ტყავში“ შეძვრომის გარეშეც გაუგებს, თუკი მოინდომებს.
– კაცს შეუძლია დაესწროს ცოლის მშობიარობას და ასე მაინც გახდეს ამ პროცესის მონაწილე.
– რას უნდა დაესწროს?! (ისევ არწივული მრისხანება – ავტორი) გეცოდინება შენ, სვანეთში და ზოგადად მთაში საბძელში რომ გააგდებდნენ ხოლმე სამშობიაროდ გამზადებულ ქალს და კაცი ახლოს არ უნდა გაკარებოდა. აბა, რა ექნათ, ერთ ოთახში ხომ არ მოხდებოდა ყველაფერი. ბოსელში არ ჯობდა, თივაში, სითბოში, ქალების გარემოცვაში.
– კაცი კი არ უნდა შეწუხებულიყო. არ არის ეს ეგოიზმი?
– არ არის ეგოიზმი. იცი, სანადიროდ რომ მიდიოდა, რატომ ცდილობდა კაცი, მისი იარაღისთვის ქალს თვალი არ შეევლო?
– რომ არ დათარსულიყო.
– (იცინის) ყოჩაღ! გცოდნია. ესე იგი, ქალს თავისი ენერგეტიკა გააჩნია, ზოგ შემთხვევაში, კაცის საწინააღმდეგო. დათარსვა რას ნიშნავს, ენერგიის არევ-დარევას. ამიტომაც არ სჭირდებოდა, სანადიროდ წამსვლელ მამაკაცს ქალის ანჩხლი თვალები. (იცინის) არც „სად მიდის,“ „სად მიეთრევა“... უნდა შევთანხმდეთ, რომ ქალს თავისი დანიშნულება ჰქონდა და აქვს, კაცს, თავისი. მათი ენერგიებისა და მოვალეობების დაბალანსება ქმნის ოჯახს, კარგ ოჯახს. თუ არ დაბალანსდა, მტრისას: მუდმივად იქნება ჩხუბი, დავიდარაბა და აყალ-მაყალი. ქალი სიმშვიდის და სიყვარულის შემომტანი უნდა იყოს ოჯახში. კაცმა კი, გონების თვალი გაახილოს და ეს ყველაფერი დააფასოს.

ნინო წულუკიძე

ის სიმღერა მე მომიტანეს, დავიწუნე და ამას პირველად ვამბობ...

"დიდი ხანია უკან ვიყურები, მაგრამ უკან დაბრუნება არ შემიძლია", - მითხრა ინტერვიუს დასაწყისში თემურ წიკლაურმა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მომღერალი უცხო ენების სპეციალისტი გახლავთ, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია, ადრეული ასაკიდან სცენას მიეჯაჭვა და დღემდე ყველასთვის საყვარელი მომღერალია. ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს. ამბობს, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთია, ათმაგი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე. დღეს ბატონ თემურს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, საპატიო თბილისელის წოდება მინდა მოგილოცოთ...

- დიდი პასუხისმგებლობაა ნამდვილად. ახლახან ვსაუბრობდი ჩემს მეგობრებთან ამ თემაზე სწორედ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, უპასუხისმგებლო ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამემატა, ვიდრე აქამდე მქონდა, მძიმე ტვირთია, ძალიან მძიმე. ვის მოუვიდა თავში აზრად არც ვიცი, ორი დღით ადრე მითხრეს ამ წოდების შესახებ და მართალი გითხრათ, ენა ჩამივარდა.
- თავმდაბალიც ყოფილხართ... ჩვენ დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ და პირველ რიგში, იმ გამოცდილებაზე გვიამბეთ, მშობლებისგან რომ მიიღეთ...
- მამა ადრე გარდამეცვალა, 18 წლის ვიყავი მაშინ. სკოლის შემდეგ ქალაქში წამოვედი და ჩემს ყოფაში ძალუმად ქალაქის ყოფიერება ჩაერთო. კოჯორში ვარ დაბადებული და იქ შეძენილი საზოგადობასთან ურთიერთობა, უფროს-უმცროსობა აქ ლაკმუსის ქაღალდივით გამოჩნდა. სოფელში შეძენილი გამოცდილება წესიერებისკენ, უფროსის დაფასებისკენ, ქალის პატივისცემისკენ ყოფილა მიმართული. მამა ხელოსანი იყო, არაჩვეულებრივი თამადა ყოფილა და ბევრს სვამდა თურმე. დედა დიასახლისი გახლდათ.
- ფიზიკურად თუ გიშრომიათ?
- რა თქმა უნდა, სხვანაირად სოფელში ვერ გაიტანდი თავს. ოჯახს დახმარება სჭირდებოდა, მხოლოდ საჭმელად და დასაძინებლად არ გაგვაჩინა ღმერთმა. მიწას ვამუშავებდით, ვთესავდით, ვთოხნიდით და მერე მოსავალს ვიღებდით. შეშა მოგვქონდა ტყიდან, ვაპობდით. ამიტომ ეს საქმიანობა ვიცი, მუქთახორა და დოყლაპია არასდროს ვყოფილვარ.
- "ქუჩის აკადემიას" რომ ვეძახით, ეს სად გაიარეთ, სოფლად თუ ქალაქში?
- უფრო თბილისში. სოფელს ქუჩა არ გააჩნია, იქ ერთი ქუჩაა და ერთი აზრის მატარებელი ხალხი ცხოვრობს. საკმარისია, ფეხი დაგიცდეს და მთელმა სოფელმა იცის. ყოველი შენი ქმედება სახალხოდ განიხილება. იქ ვერ ითამაშებ, ცუდი ხარ - ჩანს, კარგი ხარ - ესეც ჩანს. ქუჩას რაც შეეხება, ყველაფერი ხდება, შავსაც შეიძლება შეეკრას კაცი ყმაწვილობის ასაკში და თეთრსაც. ამბიციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ადრეული ასაკიდან ვმღეროდი და იმთავითვე გავხდი ცნობილი სახე. ამის გამო ყველგან მოვხვდი, შავებთანაც და თეთრებთანაც, თავად გამოთქვამდნენ ჩემთან ურთიერთობის სურვილს. მომღერალი ხომ ყველასთვის მღერის. თან მაშინ არ იყო ასე დაყენებული საკითხი, შავს თუ ხელი ჩამოართვი, დაგიჭერთ და გაგასამართლებთო. დიდ პატივს მცემდნენ, როგორც წესიერ კაცს, არავის უთქვამს, შენც გაშავდიო, მაგრამ ყველას ვიცნობდი თეთრსაც და შავსაც, "ცეკას" მდივნებსაც და სახელმწიფოს მეთურებსაც. 13 სახელმწიფო მეთაურს მოვესწარი და ყველასთან მქონდა ურთიერთობა, მათ კონცერტებზე გამოსვლა, საზღვარგარეთელი სტუმრებისთვის სიმღერა, ყველასი ვიყავი, ყველასი.
- შეიძლება, ვაჟკაცობა და სამართლიანობა ქუჩაში ისწავლო?
- რა თქმა უნდა. თუმცა თუ საფუძველი არ გაქვს ჩაყრილი და შენი ბინა არ არის აშენებული კლდეზე, მერყევი იქნები და საითაც ქარი დაუბერავს, იქით გადავარდები. თუ ძირში გასწავლეს სიკეთე, კი გაივლი იმ ჯოჯოხეთის კარს, რაც ქუჩაში ხდება, მაგრამ სწორად გაივლი. თუ არ დაეცი, ვერც წამოდგები. ჯერ უნდა დაეცე, წამოდგომას რომ შეეცადო. ჭუჭყი უნდა ნახო, სუფთას რომ შეადარო. და თუ სუფთა ხარ, ჭუჭყი აღარ უნდა შემოუშვა, იმიტომ, რომ შენც გაჭუჭყიანდები. სუფთა წყალში ჭუჭყიანს რომ ჩაასხამთ, ისიც გაჭუჭყიანდება. ასეა ადამიანიც.
- სკოლამ, მასწავლებლებმა რა გამოცდილება მოგცეს, განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე?
- პირველ კლასში მასწავლებელი მიყვარდა, ჩვენი დამრიგებელი. მერე ფიზიკის მასწავლებელი მიყვარდა, ქართულ ლიტერატურაში მყავდა საოცარი პედაგოგი. მახსოვს, როგორ ვარჩევდით ერთად "ვეფხისტყაოსნის" ტაეპებს. მათემატიკის მასწავლებელი ერთი მოქეიფე კაცი იყო. სულ იმას ვნატრობდით, წინა დღის ნაქეიფარი მოსულიყო. ნაბახუსევზე ბორჯომს მივართმევდით და კარგად იყო ჩვენი საქმე. სოფელი იმით იყო კარგი, რომ თავისუფლები ვიყავით. შატალოზე რომ წავიდოდით, ტყეში დავიკარგებოდით, კაციშვილი ვერ გვპოულობდა. მაშინ გათბობა სად იყო, შეშას ვაპობდით, ღუმელი რომ აგვენთო. დიდი გაწევ-გამოწევა გვქონდა, ვინ წავიდოდა შეშის დასაჩეხად, გაკვეთილს რომ აცდენილიყო, მე-7 კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მერე ცოტა მოვუკელი, სხვა ინტერესები გაჩნდა. რომ შეგიყვარდება, აღარაფერი შედის თავში, სასურველი თვალების გარდა ვერაფერს ხედავ.
- რა ასაკში შეგიყვარდათ პირველად?
- ხომ გითხარით, პირველი კლასის მასწავლებელი მიყვარდა-მეთქი. მიყვარდა, სხვანაირად მიყვარდა, ასე არც ერთი მასწავლებელი არ მყვარებია. არ ვიცი, რა უნდა დავარქვა ამას, ახალგაზრდაც არ იყო თან. ამ გრძნობას სხვას ვერაფერს დავარქმევ, გარდა სიყვარულისა. სიყვარული ხომ გრძნობის ღვთიური გამოსახულებაა. ღმერთი არს სიყვარული და სიყვარული არს ღმერთი. ამიტომ ვერ გეტყვით, რა ხარისხის, ან საით იყო მიმართული ჩემი სიყვარული. უბრალოდ, სიყვარულში ჩაფლული ბავშვი ვიყავი.
- მგონი, თქვენ სიყვარული გიყვარდათ...
- პირველად გავიგე ეს გამოთქმა და ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივია, სიყვარული მიყვარდა, მომწონს!
- თქვენ გამო მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?
- როგორ არა, კლასში 11-12 ბავშვი ვიყავით და როცა გაჭირვება გვქონდა კლასს, ან გაკვეთილი არ ვიცოდით, ან საკონტროლო იყო დასაწერი და არ ვიყავით მომზადებულნი, მხარს ავუბამდით ერთმანეთს და ათას სისულელეს ვაკეთებდით. ერთხელ მინები ჩავამსხვრიეთ კლასში. ერთი ამბავი ატყდა. მაშინ მინის შოვნა ადვილი საქმე არ იყო, მშობლებიც დაიბარეს სკოლაში, რაიონის განათლების განყოფილებამდე მივიდა საქმე. ბოლოს გამოვტყდით, ვინც "გავისარჯეთ" და მინები მიგვატანინეს. ეს ის დრო იყო, კუთხეში რომ აყენებდნენ ბავშვებს ცუდი საქციელისთვის. ძალიან მრცხვენოდა, ამ ადგილს თუ დავიკავებდი. კლასელების მრცხვენოდა, გოგონების, ვყოყლოჩინობდი და ეს როგორ მაკადრეს-მეთქი, ვფიქრობდი.
- პირველ სამსახურზე, პირველ ჰონორარზე რას მეტყვით?
- შიმშილის დაკმაყოფილების გრძნობა გაიძულებს, რომ იმუშაო. 27 მანეთი მქონდა სტიპენდია ინსტიტუტში, უცხო ენებზე ვსწავლობდი. მერე ჩემმა მეგობარმა, რომელიც თბილისის ცენტრალურ უნივერმაღში მღეროდა (მაშინ ყველა ცენტრალურ დაწესებულებას შემოქმედებითი კოლექტივები ჰყავდა) თან წამიყვანა. გავაკეთეთ ტრიო, პარალელურად გამაფორმეს საწყობში მუშად, 66 მანეთი მქონდა ხელფასი. ეს დიდი ფული იყო მაშინ. ამას დამატებული სტიპენდია, თვეში 100 მანეთი გამოდიოდა. მართალი გითხრათ, მუშაობას არავინ გვაძალებდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახალტურებდი, ესეც აღზრდის გამოისობით. დილით საწყობში ვმუშაობდი, 9-ის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდი, მერე რეპეტიციები მქონდა, ინსტიტუტის თვითშემოქმედებით ჯგუფთან, თუმცა მაინც მრჩებოდა დრო იმისთვის, რომ ორი კურსი კარგად მესწავლა. მერე სხვა სამუშაო გამოჩნდა, ფილარმონიაში ანსამბლი "ციცინათელა", სოსო ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. ამას მოჰყვა ტელევიზიაში გამოჩენა და ნელ-ნელა გამიცნო ხალხმა.
- რაში დახარჯეთ პირველი ხელფასი?
- არ მახსოვს, ალბათ ბიჭებთან ერთად ვიქეიფე. იმ პერიოდში მამა უკვე გარდაცვლილი მყავდა და დედას ფინანსური დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა, ჩემი დახმარება ის იყო, რომ საკუთარ თავს ფინანსურად თავად ვუზრუნველყოფდი. იქ კიდევ სხვა ოჯახური გასაჭირი იყო, რაზეც ახლა არ მსურს საუბარი. არ მინდა, ჩემი ტკივილი სხვას თავზე მოვახვიო.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილს, იყო განსაკუთრებული აკრძალვა ან მოთხოვნა თქვენი მხრიდან?
- წეღან ჯოჯოხეთის კარი ვახსენე. ყველა ადამიანი აღებს ამ კარს. არ ვიცი, ვინ როგორ ხედავს ამ ცხოვრებას, მაგრამ სამოთხე რომ არ არის დედამიწაზე, ეს ნამდვილად ვიცი. ამიტომ, როცა ადამიანი შეცდომას უშვებს, თუ იცი, რომ ეს შეცდომაა, უნდა მიუთითო, ვალდებული ხარ, თუნდაც არ იყოს შენი შვილი. აკრძალვა, მართალი გითხრათ, არ მახსენდება. ისე უნდა გაზარდო შვილი, რომ შენც გისმენდეს. რასაც ეტყვი ყურად იღოს. თუ ვერ გაზარდე, რამდენიც გინდა ელაპარაკო, არ დაგიჯერებს, შეიძლება, თავი დაგიქნიოს და მაინც თავისი გააკეთოს. ჩემი და ჩემი მეუღლის ყოფა ცოტა სხვაგვარი იყო. წელიწადში 6-7 თვე გასტროლზე რომ ივლი, რთულია, შვილი აკონტროლო. ქეთი სანამ პატარა იყო, თან დაგვყავდა, ციმბირი, სიცივე, ყინვა და შიმშილი ჩვენთან ერთად აიტანა ბავშვმა. ქეთოს ხან კულისებში ეძინა და ხანაც თვითმფრინავში. როცა სწავლა დაიწყო, სკოლაშიც უჭირდა ჩემს შვილს, მოკლებული იყო იმ ფუფუნებას, მშობლებს ესა თუ ის გაუგებარი გაკვეთილი აეხსნა მისთვის. დღეს ძალიან განვიცდი ამას, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. არ გვქონდა ბინა, ჭერი, რომლის ქვეშაც ვიცხოვრებდით. ხომ უნდა დავმდგარიყავით ფეხზე, სადამდე შეიძლებოდა კიბის ქვეშ ცხოვრება?! და სანამ შევძელით, ელემენტარული პირობები შეგვექმნა ჩვენი ყოფისთვის დედამიწაზე, დროც გავიდა.
- ბოლო დროს ხშირად ვიყურები უკანო, მითხარით, განსაკუთრებით თუ დარდობთ თქვენს რომელიმე ნაბიჯს?
- რა თქმა უნდა და მუდმივად ვეძებ თავის გამართლების საფუძველს. გამოუცდელობა ჩაგადენინებს შეცდომებს, ის, რომ სხვას არ უჯერებ, მაგრამ თუ თვითონ არ გაიარე, არ წაიქეცი და ცხვირი არ წაიმტვრიე, სხვისი დაჯერება არ გინდა. რა ვუყო, მეც მაქვს შეცდომები დაშვებული. ის სიმღერა არ მიმღერია, რომელიც უნდა მემღერა. პირველ კურსზე ვიყავი უცხო ენებში, როცა მუსკომედიაში ჩამაბარებინეს. ძალიან მოვეწონე და მითხრეს, მუსკომედიაში გადმოდიო. მე ვერ შევძელი, ჩემს დეკანს რომ დავეკითხე, ისედაც იმღერებ, არ გადახვიდეო, მითხრა. დავუჯერე. მერე კონსერვატორიიდან მოვიდნენ და გამსინჯეს, მათაც ყველაფრის მიტოვება მთხოვეს. ვერც ეს შევძელი. ვიღაც რომ მყოლოდა გვერდით მრჩეველი, კონსერვატორიაში წავიდოდი.
- რომელ სიმღერას გულისხმობდით, არ ვიმღერეო, რომ თქვით?
- "თეთრი გედი" მე მომიტანა კომპოზიტორმა, ახლა პირველად ვამბობ. დაუწყნარებელ ხასიათზე შევხვდი, პირადული განცდები მქონდა, ვერც მოვისმინე ნორმალურად. არ მომწონს-მეთქი, ვთქვი. მალევე მომეწონა, მაგრამ უკან ხომ არ წავიღებდი ჩემს სიტყვებს, ჯიქი აღმოვჩნდი.
- ეს სიჯიუტე, ჯიქური ხასიათი გეხმარებოდათ თუ ხელს გიშლიდათ ცხოვრებაში?
- კიდევ კარგი, ჯიქი ვთქვი და ვირი არა (იღიმის). სიმყარე შენს გადაწყვეტილებებში უნდა გქონდეს ადამიანს, მაგრამ სანამ ჯიქი გახდები, გონი უნდა გამოიყენო. გონი იმიტომ გაქვს ადამიანს, რომ შვიდჯერ გაზომო და ერთხელ გაჯიქდე. ნათქვამია, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ათამდე დაითვალეო. ვერ დავითვალე მაშინ და რა ვქნა. თუ იტყვი, პასუხიც უნდა აგო ნათქვამზე და ნამოქმედარზე. პასუხისმგებლობა გამომიმუშავდა. 40 წელია სცენაზე ვდგავარ და ალბათ ორჯერ მაქვს დაგვიანებული რეპეტიციაზე. მე რომ დამეგვიანებინა, ისეთი ვალდებულება მქონდა, კონცერტი არ დაიწყებოდა. ის ორი შემთხვევაც საპატიო იყო. პირველად ბინის ორდერი რომ მომცეს, დავლიეთ და დამაგვიანდა კონცერტზე. სცენაზე რომ გავედი, შემატყვეს, ფეხზე ძლივს რომ ვიდექი. გულახდილად ვთქვი, ბინა მაჩუქეს და მთვრალი ვარ-მეთქი, მოვიბოდიშე. ერთი ამბავი ატყდა, ტაში, გრიალი.
- დღეს რას საქმიანობთ?
- კი, გარდაიცვალა ალექსანდრე ბასილაია, დიდი კომპოზიტორი, მოქალაქე და პიროვნება, რამაც ანსამბლ "ივერიის" შეჩერება გამოიწვია, მაგრამ ჩვენ დამარცხებულნი მაინც არ წავსულვართ, გამარჯვებულები წავედით სცენიდან. მოაქვთ ახალი სიმღერები ჩემამდე... ვწერ ახალ სიმღერებს, როგორც ნახეთ, ახლახან "გამაპატიოსნეს" (იცინის), უფრო სწორად, ჩვენი საყვარელი დედაქალაქის საპატიო მოქალაქედ დამასახელეს. ახლა სოლოკონცერტისთვის ვემზადები.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"

"სისხლი მდიოდა, მაგრამ არაფერი მტკიოდა, დამიჯერეთ!"


მის შესახებ იმდენი დაწერილა და დღემდეც იწერება, რომ ძალზე ძნელია, გვერდი აუარო შაბლონს და მისი საინტერესო პიროვნება განსხვავებული კუთხით წარმოაჩინო. თუმცა ცდა ღირს, რადგან ჩვენი რესპონდენტი ცნობილი მომღერალი, ქველმოქმედი ადამიანი ბატონი თეიმურაზ წიკლაურია. ცხოვრებაში მას ბევრი უნახავს და განუცდია. სულ ახლახან კი 63 წელი შეუსრულდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მას აუცილებლად შევხვედროდით და განვლილ ცხოვრებაზე გავსაუბრებოდით.

– ამბობენ, ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ძირითადად ისეთად რჩება, როგორადაც ბავშვობის წლებში ჩამოყალიბდაო. საინტერესოა, როგორი ბავშვი იყავით და ამ 63 წლის ასაკში თქვენი ბავშვობიდან რას გაიხსენებდით?

– ბავშვობა კოჯორში გავატარე. სკოლაში კარგოსანი ვიყავი, მაგრამ შატალოზე ხშირად დავდიოდი. სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა. სკოლის სიმღერის გუნდში ვმღეროდი, ჩვენი გუნდი სასკოლო ოლიმპიადებზეც გადიოდა და იქ ომახიანად ვაგუგუნებდით სიმღერებს ლენინსა და პარტიაზე. აბა, მაშინ გუნდში სხვა სიმღერას ვინ გამღერებდა?! ფეხბურთსაც ძალიან კარგად ვთამაშობდი, მესამე ნომერი ვიყავი, არაერთი პრიზი მაქვს მიღებული. ჩემს ბავშვობაში მხატვრული ფილმი "ტარზანი" გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ეს ფილმი ვნახეთ, ბავშვები ტყეში გავიჭერით, ხეებზე თოკები გავაბით და ვცდილობდით, ხიდან ხეზე გადავმხტარიყავით... რაც შეეხება, ცვლილებას, ადამიანი დროსა და სივრცეში ცხოვრობს და ამიტომაც მასში წლების განმავლობაში ბევრი რამ იცვლება. ერთადერთი, რაც არ ექვემდებარება ამ ცვლილებას – ეს ღვთის წყალობაა.
– წლების გადასახედიდან თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულად რა მიგაჩნიათ?
– ერთხელ თურმე ინდოეთში ასეთი ცდა ჩაატარეს: ახალდაბადებული ბავშვი საკანში ჩასვეს და ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება არ მისცეს. ეს ბავშვი 9 წლის ასაკში ისეთ არსებას დაემსგავსა, რომელიც არც ნადირი იყო, არც ადამიანი და ამავე ასაკშივე გარდაიცვალა. ამით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია ადამიანმა ცოცხალი ურთიერთობების გარეშე გაძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც საკანში გამომწყვდეული იმ ბავშვის ბედი ელის. წინაპრების მიერ დაგროვილი გამოცდილება მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს.
– ანსამბლ "ივერიასთან" ერთად და პირადად თქვენ 40 წლის მანძილზე 6 000 კონცერტი ჩაატარეთ, ცალკეულ მიუზიკლში კი – 1 200 გამოსვლა. როგორ მოახერხეთ, რომ ისევ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევით და არ გადაიღალეთ?
– თუკი შენი საქმე გულწრფელად გიყვარს, მართლა არ გადაიღლები. როცა ხალხის სიყვარულს გრძნობ, ყველაფერს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები და ეს სიყვარული დაღლასა და პირადულსაც ადვილად გავიწყებს. იქნებ სწორედ ამ სიყვარულის გამო იყო, რომ თორმეტმა კაცმა 40 წლის მანძილზე ერთმანეთი არ დავჭამეთ. უფრო მეტიც, ერთმანეთი გავიტანეთ და დღესაც ერთად ვართ.
– გაიხსენეთ, ყველაზე დასამახსოვრებელი გასტროლები სად და როდის იყო.
– 1972 წლის გასტროლებს გავიხსენებ ეგვიპტეში. იქ "ივერიამ" არაბულ ენაზე მომზადებული ხუმრობები ჩაიტანა. ეს ენა ლამის ავითვისეთ. მახსოვს, არაბული სიმღერა "ლაკლამრასა" ერთ ღამეში შევისწავლე. მისი შინაარსი ასეთი იყო: კაცმა სიტყვის ფასი უნდა იცოდეს, რადგან სიტყვა თუ გკლავს, სიტყვასვე შეუძლია გაგაცოცხლოს. სიმღერის შემდეგ სცენაზე ორი მოხუცი ამოვიდა და მადლობა გადამიხადეს. თურმე ეს სიმღერა იქ ძალზე პოპულარული ყოფილა.
– თითქმის მსოფლიო გაქვთ მოვლილი, სად უფრო მოგეწონათ და რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
– ამერიკაში ნამდვილად ვერ ვიცხოვრებდი. ამ ქვეყანამ მონათა ბაზარი გამახსენა. ამერიკელებსაც შევხვდი და ჩვენებურ ემიგრანტებსაც. ერთი რამ მიკვირს – როგორ უნდა გაგიჭირდეს ისე, რომ იქ ჩახვიდე და ამერიკელების კატებსა და ძაღლებს მოუარო?! ასეა ევროპაშიც. ყველა დაძაბულად ცხოვრობს. მონების მსგავსად, პირადი თავისუფლება აქვთ დაკარგული, რათა როგორმე თავი გაიტანონ. იქაურებს არც მეგობარი ახსოვთ, არც ნათესავი.
ნიცაში ყოფნისას საშინელება განვიცადე. ახლობლის ბავშვი ცუდად გახდა. წამალი კი თურმე იქ იმხელა პრობლემა ყოფილა, ვერც კი წარმოვიდგენდი. მორიგე აფთიაქი მეორე ქალაქში იყო, რომ არა ჩვენი თანამემამულე, ბავშვის ბედი გაურკვეველი იქნებოდა. როცა ადგილობრივ საავადმყოფოში მივედით, ყურიც არავინ შეიპარტყუნა. ისევ ჩვენებურმა იმარჯვა. ახლა ამას 50 ევროს მივცემ და მოგვხედავსო. გამიკვირდა, ამით არ დავაშინოთ–მეთქი, მაგრამ ექიმმა ფული ჯიბეში მშვიდად ჩაიდო და ერთ წუთში წამალიც გამოწერა. დარწმუნებული ვარ, იქიდან ჩამოსულ ფრანგ სტუმარს ჩვენთან რამე რომ გასჭირვებოდა, ნახევარი საქართველო ფეხზე დადგებოდა. ამიტომ ლიტონი სიტყვები სულაც არ არის, როცა ამბობენ, ქართული ურთიერთობები უნიკალურია და, ჩვენ გარდა, არც ერთ ერს ახასიათებს. ამიტომაც, საქართველოს გარდა, ვერსად ვიცხოვრებდი.
– ალბათ ბევრმა არც იცის, რომ თქვენ ლურჯ მონასტერში სტიქაროსანი ბრძანდებით. ხომ არ ვცდები?
– არ ცდებით. ვცდილობ, რწმენითა და ეკლესიური კანონებით ვიცხოვრო. მჯერა, რომ მთავარი ქვეყანაზე სიკეთეა. ყველაზე მეტად ადამიანში უმადურობა და ამპარტავნება მაღიზიანებს.
– წლებია, რაც თქვენს მეუღლესთან, ქალბატონ ლილი ზღვაურთან ერთად მიუყვებით ცხოვრებას. დროთა განმავლობაში სიყვარულს ემართება რამე? ანუ ანსამბლ "ივერიის" რეპერტუარიდან ერთი სიმღერისა არ იყოს, "მერე ყველაფერი ხუნდება"?
– პირიქით, მერე გრძნობა უფრო ღრმავდება, უბრალოდ ეგ არის, გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის და გრძნობებს გონება ერევა. სიყვარული კი სხვა ფაზაში გადადის და ფერს იცვლის.
– ალბათ მთავარია, ნაცრისფერი არ გახდეს.
– ჰოოო, აი, მაგის მერე უკვე შავდება. ისე კი, სიყვარული აღმავალია. ჩვენს ქორწინებასთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ მე და ლილიმ ხელი უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში მოვაწერეთ. მაშინდელი ქალაქის მერის ბინაში ჩაწერილიც კი ვიყავით.
– თქვენზე ასეთი ინფორმაცია მაქვს – სახლში ყოფნისას დიდ დროს უთმობს ტელევიზორს და გადაცემებს გვიანობამდე უყურებსო. მართალია?
– ნამდვილად ასეა. ხომ უნდა იცოდე, ქვეყანაზე რა ხდება. სამზარეულოში ყოფნაც მიწევს. ამბობენ, რომ გემრიელ საჭმელებს ვამზადებ, ძირითადად – ხორცისაგან, რადგან ვთვლი, რომ ეს უფრო კაცის საქმეა. ამას წინათ ჩემი ქალიშვილი ეგრევე მიხვდა, რომ ჩემ მიერ გაკეთებულ კუჭმაჭს გეახლებოდათ, პირველივე ლუკმაზევე თქვა, ამას მამა გააკეთებდაო. სხვათა შორის, ბაზარშიც მე დავდივარ.
– როგორი პაპაა თემურ წიკლაური?
– მგონი, ყურადღებიანი. ჩემს შვილიშვილს ანდრია ჰქვია. პაპას არ მეძახის, თემოთი მომმართავს, მის აღზრდას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ამ საქმეს მთლიანად ჩემი ქალიშვილი აგვარებს. ხალხური სიმღერის ანსამბლ "მართვეში" დაჰყავს, ფანდურსა და ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლის. ანდრია კალათბურთსაც თამაშობს და ინგლისურსაც ეუფლება.
– ცნობილია, რომ ადრე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა გქონდათ, რის გამოც სამკურნალოდ შორეულ ფილიპინებზე გაემგზავრეთ. ერთ ფოტოზე თქვენი სისხლიანი სხეულია დაფიქსირებული. ეს ანესთეზიის გარეშე ხდებოდა, ტკივილს არ გრძნობდით?
– არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი, დამიჯერეთ! იქაური მკურნალები დიაგნოზს ასეთი უჩვეულო მეთოდით ადგენენ და თვლიან, რომ ადამიანში ნებისმიერ დაავადებას სისხლის ნორმალური მოქმედების დარღვევა იწვევს. წარმოიდგინეთ, წევხარ და უყურებ, როგორ გადმოდის სისხლი შენი სხეულიდან, მაგრამ არაფერი გტკივა, ან კიდევ, თვალნათლივ უყურებ შენს ერთ ყურში ბამბა როგორ შეაქვთ და როგორ გამოაქვთ მეორიდან. ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებს უჩვეულო გზით წმენდენ. რაც მთავარია, თავად მკურნალები მორწმუნე ქრისტიანები არიან და ყოველი ასეთი ოპერაციის წინ, როგორც წესი, ლოცვას კითხულობენ და ღმერთს დახმარებას შესთხოვენ.
– ჭორის სახით მსმენია, რომ კახეთში, თქვენი ანსამბლის გასტროლებზე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტიც გინახავთ, მართალია?
– ამ ამბის მოწმე, ჩემ გარდა, მთელი ქალაქი იყო. 1983 წელს თელავში კონცერტი გვქონდა. კონცერტის შემდეგ გარეთ გამოსულებმა ღამის ცაზე განათებული დისკო დავინახეთ, საიდანაც ძალზე ხელშესახები შუქი გადმოდიოდა და ცეცხლს უშვებდა. ამ სურათს თითქმის ნახევარი საათი ყველანი გაოგნებულები ვადევნებდით თვალს. მერე უცებ ეს განათებული სფერო ადგილიდან მოწყდა და ბნელ ცაზე გაუჩინარდა. აქვე ჩემი ცხოვრებიდან ერთ საინტერესო შეხვედრასაც გავიხსენებ: მე პირადად ვიცნობდი ამერიკელ ასტრონავტ ჯეიმს ირვინს, რომელიც მთვარეზე იყო. მას თურმე იქ წაღებული სასმელი წყალი აუორთქლდა, მაგრამ თავისი ქვეყნის ისეთი პატრიოტი იყო, რომ მაინც გაძლო: ჩემს ქვეყანას ეს ექსპედიცია დიდი თანხა დაუჯდა და ვალდებული ვიყავი, უწყლობა ამეტანაო. მოგვიანებით ერთმა კათოლიკე მისიონერმა ჯეიმს ირვინი საქართველოში ჩამოიყვანა. მას ისე მოეწონა ქართული მაწონი, რომ სპეციალურად მისთვის წყნეთიდან ჩამომქონდა. როცა ვთხოვდით, მოეყოლა, თუ რა ნახა მთვარეზე, იგი პირდაპირი პასუხისაგან თავს იკავებდა და მხოლოდ ერთს იმეორებდა – ქრისტე იწამეთო.

"კაგებეშნიკებთან" ქეიფი ისრაელში და ბასკების გულშემატკივრობა კოლუმბიის კაზინოში


თუკი ვინმეს უცხოვრია ჩემოდნებზე, ეს ალბათ მომღერალი თემურ წიკლაურია, რომელსაც 80–მდე ქვეყანა აქვს მოვლილი ლეგენდარულ ანსამბლ "ივერიასთან" ერთად. საბჭოთა პერიოდში ამ მოგზაურობებს სუკ–ის წარმომადგენლებიც "ალამაზებდნენ", რომლებიც ყველგან დაჰყვებოდნენ ანსამბლს. მიუხედავად ამისა, ქართველი მომღერლები მაინც ახერხებდნენ თავის ჭკუაზე გართობას. ამ ყველაფრის შესახებ ბატონი თემური გვიამბობს.

თემურ წიკლაური:

– ანსამბლის გასტროლების დროს ძალიან ბევრგან ვიყავით. თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი გვაქვს მოვლილი, რომელიც, მოგეხსენებათ, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა. მოვიარეთ თითქმის მთელი ევროპა, აზიის 5–6 ქვეყანა, სამხრეთ ამერიკა მთლიანად, აფრიკის არაერთი ქვეყანა. რაღა დარჩა? მთვარეზე და მარსზე ჯერ არ ვყოფილვართ, მაგრამ ალბათ იქაც წავალთ!
– ყველა ამ ქვეყანაში "ივერიის" გასტროლებით დადიოდით თუ ცალკე, დამოუკიდებლადაც გიმოგზაურიათ, მაგალითად, დასვენების ან სხვა მიზნით?
– რა თქმა უნდა, ანსამბლიდან გვიწევდა მოგზაურობა. გვქონდა იმის ბედნიერება, რომ მთელი დედამიწა შემოგვევლო საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს და ე.წ. გოსკონცერტის ნებართვით. ეს ორი ორგანიზაცია აწყობდა საზღვარგარეთ გასტროლებს, ტურებს სხვადასხვა რესპუბლიკის ანსამბლებისთვის. დაახლოებით 80–მდე ქვეყანაში ვართ ნამყოფი კონცერტებით.
– ყველა ქვეყანა ლამაზად გახსენდებათ?
– ცუდი კუთხით არც ერთისთვის შემიხედავს. დედამიწა ყველანაირად ლამაზია და კარგია, თუ შენ ხარ კარგი. თუ გარყვნილი ტვინი და ამბიციები გაქვს, არაფერი მოგეწონება – არც ამერიკა და არც რუსეთი. მე ყველა ქვეყანა მომეწონა.
– გაიხსენეთ თქვენი პირველი მოგზაურობა.
– 1964 წელს უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტიდან სტუდენტების გაცვლითი პროგრამით წავედით უნგრეთში. არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბუდაპეშტი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია დედამიწაზე. მისი ნახვა და იქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს.
– რა არის თქვენთვის მთავარი, როცა საზღვარგარეთ ხართ? ბევრისთვის მნიშვნელოვანია გართობა, დასვენება. თქვენ რა გიყვართ?
– ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს მაღაზიების მეტი არაფერი აინტერესებს, ზოგს კაფე–ბარები და ღამის გასართობი კლუბები იზიდავს. ჩვენ, რადგანაც კონცერტებით ჩავდიოდით, თავად ვიყავით გართობის ობიექტები. რა თქმა უნდა, იქ გხვდებიან ადამიანები, რომლებთანაც შემდგომ მეგობრობ, გაქვს ტელეფონით ურთიერთობა, მიწერ–მოწერა. ეს ადრე შეზღუდული იყო, ისე როგორც ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, ღამის თერთმეტი საათის ან კონცერტის შემდეგ გარეთ გასვლის უფლება არ გქონდა. უშიშროების ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან და საბჭოთა კავშირის პოლიტიკა არ ითვალისწინებდა ადამიანის ასეთი სახის თავისუფლებას. დაგვყვებოდა კომიტეტის ხალხი, "კაგებეშნიკები". ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუ ვინმე ცუდად მოიქცეოდა, აღარ უშვებდნენ საზღვარგარეთ. ჩვენ "კაგებესთან" არაფერი გვქონდა დასამალი, გინდ ყოფილიყო და გინდ – არა.
– მაგრამ არა მგონია, ღამის თერთმეტ საათზე გარეთ გასვლის შეზღუდვა მაინცდამაინც სასიამოვნო ყოფილიყო.
– ჩვენ მაინც ყველგან დავდიოდით, სადაც გვინდოდა. ის "კაგებეშნიკი" დაგვყვებოდა და ერთად ვსვამდით და ვჭამდით. ისინი ციდან ჩამოფრენილები კი არ იყვნენ, მათაც უნდოდათ ადამიანურად ცხოვრება, უბრალოდ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ასეთი კანონმდებლობა იყო. როდესაც 6–7 თვე ხარ საზღვარგარეთ და თან მუშაობ, სულ ოთახში ვერ იჯდები, მაგრამ ვერც ყოველ ღამე ივლი გარეთ. რა უნდა გააკეთო? როცა გვინდოდა, დავდიოდით, როცა გვინდოდა, ვქეიფობდით და, როცა გვინდოდა, სპექტაკლებს ვესწრებოდით. მუზეუმების დათვალიერება კი აუცილებელი იყო. ეს ისედაც შედიოდა პროგრამაში. რაც ქვეყანას ჰქონდა ღირებული, ის აუცილებლად უნდა გვენახა.
– თქვენ თუ გიყვართ საზღვარგარეთ შოპინგი?
– მიყვარს და ეს ბუნებრივია. აბა, ტიტველი ხომ არ ვივლიდი?! როდესაც ხალხის თვალსაწიერში და მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ, კეთილი უნდა ინებო და ჩაცმულ–დახურული უნდა იყო. შოპინგისადმი ზიზღი არასდროს მქონია.
– თქვენი ყველაზე ლამაზი მოგზაურობა გაიხსენეთ, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დაგიტოვათ.
– როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში მივდიოდი, მის წარსულს, მის მუსიკალურ ისტორიას და ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ვეცნობოდი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ეგვიპტემ, სადაც 1972 წელს ვიყავით. ჩვენი მასპინძელი იყო საბჭოთა ჯარების მთავარსარდალი, გენერალი. იმ პერიოდში საბჭოთა ჯარები იდგნენ ეგვიპტეში და იქ ჩასვლა ადვილი არ იყო. ჯერ ერთი, ისრაელს ეომებოდა და მეორეც, საკმაოდ ძვირადღირებულ ქვეყნად ითვლებოდა. ჩვენ კონცერტებს ვმართავდით. ერთ ადგილას არ ტარდებოდა ეს კონცერტები და ვერტმფრენი მოგვცეს გადასაადგილებლად. მთელ ეგვიპტეში ვერტმფრენით ვიფრინეთ და თან ერთი თვის მაგივრად სამი თვე დაგვტოვეს. რაც კი სანახავი იყო და რაზეც მთელი მსოფლიო უზარმაზარ თანხებს იხდის, ყველაფერი დეტალურად დავათვალიერეთ. სარკოფაგები, მუზეუმები თუ პირამიდები – ყველაფერი ვნახეთ. ალექსანდრიიდან ეგვიპტის ბოლომდე არ დაგვრჩენია ადგილი, რომ არ გვენახა. თან ისე კი არა, შეხვიდე და გამოხვიდე, 2–3 დღე ვრჩებოდით. უდიდესი სიამოვნება მომანიჭა იქ ყოფნამ.
ძალიან საინტერესოა ასევე პერუ და მისი მაჩუ–პიქჩუ. დიდი ინტერესით მოიგონებს კაცი მექსიკას, კანადას, არგენტინას. ვიეტნამიც ძალიან საინტერესო იყო...
– აფრიკამ თუ მოგხიბლათ?
– ვიყავით მაროკოში, ტუნისში. მაროკო განსხვავებულია. არაბული სამყარო მკვეთრად განსხვავდება ევროპისგანაც და აზიისგანაც, სამხრეთ ამერიკისგან ხომ საერთოდ. სულ სხვა სული ტრიალებს, ვერც აგიხსნით.
– ამბობენ, საქართველო ქალების სილამაზით გამორჩეული ქვეყანააო. თქვენ სად ნახეთ ლამაზი მანდილოსნები?
– ქართველი ქალი ძალიან ეშხიანია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ამ მხრივ ფრიად დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა არგენტინამ. ვენესუელაში ძალიან ლამაზი ხალხი დადის ქალიან–კაციანად. ლამაზი ხალხი ჰყავთ რუსებს და უკრაინას განსაკუთრებით. საქართველოში ისეთი ეშხიანი და განუმეორებელი სილამაზის ხალხია, რომ ძველად მთელ აღმოსავლეთს ქართველი ქალები მიჰყავდა საჯიშედ.
– საზღვარგარეთ კაზინოში თუ შესულხართ, რაც საბჭოთა კავშირში აკრძალული ხილი იყო?
– კოლუმბიაში მოგვიწია კაზინოში შესვლა. იქ არის ერთი ადგილი, რომელიც ნარკობარონების ცენტრად ითვლება. იქ ვიყავით კაზინოში. "კაგებეშნიკებიც" შემოვიდნენ. ვის რისი საშუალება გვქონდა, იმას ვთამაშობდით. ხან წავაგეთ, ხან მოვიგეთ, მაგრამ ბოლოს მაინც წაგებულები დავრჩით. იქ იყო ერთი ასეთი ამბავი: ოთხი ბასკი თამაშობდა პოკერს. რომ გავიგეთ, ბასკები არიანო, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვგულშემატკივრობდით. ამ ბასკებმა მთელი ღამის თამაშით მოუგეს კაზინოს და თან იმდენი, რომ დილით კაზინომ თეთრი ბაირაღი გამოკიდა, ანუ გააკოტრეს. ბასკებმა რომ გაიგეს, ვგულშემატკივრობდით, სასმელები გამოგვიგზავნეს და მომსახურე პერსონალს ჩვენზე უთხრეს, დალიონ, რაც უნდათ და როგორც უნდათო.
– მოგზაურობას კარგთან ერთად ხანდახან უსიამოვნო გასახსენებელიც ახლავს. თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
– ისრაელში ქართველი ებრაელები მოვიდნენ ჩემთან. იყო დიდი შეხვედრა, ხვევნა–კოცნა, რადგან მათთან სატელეფონო კონტაქტი ჯერ კიდევ თბილისიდან მქონდა. დამინიშნეს "კაგებეშნიკები", თვალყური უნდა ედევნებინათ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, სად წავიდოდით, ვის შევხვდებოდით და ა.შ. შევამჩნიე, რომ პიჯაკში გამოწყობილი ორი კაცი დამდევდა, არადა პაპანაქება სიცხე იყო. ერთხელ შევამჩნიე, ორჯერ, სამჯერ. ეს ებრაელები რომ მოვიდოდნენ, იმ წუთში ორი "კაგებეშნიკი" იქ გაჩნდებოდა და უკან მედგა. ერთი ცალთვალა იყო და იმ მხარეს დავუდგებოდი ხოლმე, საითაც თვალი არ ჰქონდა. სულ ტრიალებდა, სად არისო და რომ მოტრიალდებოდა, მეც ვტრიალდებოდი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დიდი ჩხუბი ავტეხე, გამიშვით სახლში, აღარ მინდა აქ ყოფნა, თუ იმდენად არ მენდობით, რომ აქ ვიღაცეებმა კუდში მდიონ–მეთქი.
– და რა მოხდა შემდეგ?
– ამას მთელი ამბები მოჰყვა. გამოფენის დირექტორი იყო გენერალი, ძალიან კარგი და წესიერი კაცი. თვითონ მოვიდა და მითხრა, შვილო, რატომ ყვირიო. ვუთხარი, ასე და ასეა, დამდევენ ერთი კვირაა–მეთქი. დამაწყნარა, დამაცადეო და ებრაელებს დაუძახა. ეს ნაბიჯი გაკეთდა იმიტომ, რომ მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და, ქართველ ებრაელთა მოთხოვნით, წერილი მივწერეთ, ქართული კოლექტივისთვის იმ სახელმწიფოში შესვლის ნება მიეცათ, მაგრამ უარი მივიღეთ, რადგან საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ ალბათ ყველაფერი გამოსწორდებაო, ძალიან თბილი პასუხი გაგვცეს. მთავარი ის არის, რომ ამ "კაგებეშნიკებმა" მერე დამიძახეს, მოდი, წავიდეთ და ვიქეიფოთო. წამიყვანეს ერთი ოცი კილომეტრის მოშორებით, რომ იმ ებრაელებთან არ მქონოდა კონტაქტი, არა იმიტომ, რომ ჩემზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. კარგად ვიქეიფეთ. მეორე დღეს კიდევ სადღაც წამიყვანეს, აქეთ–იქით დამატარებდნენ. რა უნდა მექნა?! მეც მათთან ერთად ვქეიფობდი და ვქეიფობდი.

ანა ნოდია

"როცა საქართველოს გუნება გამოუკეთდება, მაშინ ვიმღერებ!"

-ბოდიშს გიხდით, რომ ასე გულახდილად გიყვებით ყველაფერს და შეიძლება თავსაც გახვევთ ჩემს ცხოვრებას, - მეუბნება თემურ წიკლაური და ადრინდელ ფოტოებს დაჰყურებს. საოცარია, მაგრამ მისი ხმა სიმღერასავით ჟღერს მაშინაც, როცა არ მღერის და ძალიან სევდიან ამბებს იხსენებს. ეს ბედისწერასავითაა. ვუსმენ, როგორ მიამბობს კოჯრის სკოლაზე, რომელიც წითლების შემოსვლის შემდეგ დანგრეული ეკლესიის ქვებით აუგიათ. მიყვება, როგორ ინგრევა ის სკოლაც, როგორ პოულობენ წყაროს უკან გადაყრილ ჩუქურთმიან ქვებს და როგორ მიაქვთ იქ, სადაც მათი ადგილია - ნაეკლესიარზე. ქვები დუმან და თავის ჟამს ელიან...
თემურ წიკლაურს არ შეიძლება ეს ჟამი არ ენატრებოდეს... ცოტა ხანს ჩუმდება და გაოცებული ვხვდები: მასთან სიჩუმეც რაღაცნაირად სიმღერასავით ჟღერს...

ჩემი დილა
კოჯორში ვცხოვრობდი. VII კლასამდე ხუთებზე ვსწავლობდი. მშობლები დამპირდნენ, - თუ ხუთებზე ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითო. ეტყობა, მეგობრებში დავიტრაბახე - ნახეთ, მალე ველოსიპედი მექნება-მეთქი. მაგრამ მერე ისე გაუჭირდათ, ველოსიპედი კი არა, პურის ყიდვა აღარ შეეძლოთ. მეწყინა, პირობა რომ არ ამისრულეს და სწავლა მივატოვე. ახლა მეცინება, რომ მახსენდება...
ფიზიკური შრომა თუ გამომიცდია? როგორ არა! დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვთესავდით. 1000 კვადრატულ მეტრზე დამაყენებდნენ და ვთოხნიდი. ტყეშიც დავდიოდი შეშის მოსატანად... ფილმი "ტარზანი" რომ გამოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპატყუპი. დაჟეჟილები ვბრუნდებოდით შინ.
ერთხელ, 97 წლის პაპასთან დამტოვეს. მინდოდა, გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე გვედგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ქოლგები დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულს ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა... კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც, ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.
კოჯორში ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში ისეთი სიმღერის გუნდი შექმნა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. მეუბნებოდა, - ხმა გაქვს და მიჰყევიო...
ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათ მასწავლეს დაკვრა. პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: "შემომხვდი და გამიფრინდი, ჩემო თოლია". გიტარა არ მქონდა. მშობლები ყიდვაზე უარს მეუბნებოდნენ - ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლი, მერე გალოთდებიო. ჩუმად ვიყიდე და ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი.
1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე.
თბილისში ორი წლით პროფესორმა ოთარ ზენაიშვილმა შემიფარა - კოჯორში ისვენებდა ხოლმე ჩვენთან...ბატონი ოთარი და მისი მეუღლე თავს მევლებოდნენ, რომ კარგი ადამიანი დავმდგარიყავი... დიდად დამეხმარა ინსტიტუტის პრორექტორი გოგი შიოშვილიც. იქაც გუნდში მოვხვდი. ჩვენი დეკანი ნელი კრავეიშვილი მირჩევდა, - კონსერვატორიაში ჩააბარეო... ვერა და ვერ გადამაწყვეტინეს. რატომღაც დიპლომატობა მინდოდა სოფლელ ბიჭს და ამისთვის ენა უნდა მესწავლა.
ოჯახი დღეში მანეთს მაძლევდა. კვირაში 7 მანეთით როგორმე თავი უნდა გამეტანა. კიდევ ვიმეორებ, მადლობა უფალს, რომ მიფარავდა. მეგობარმა მომაკითხა - არნოლდ ნანობაშვილმა: პლეხანოვზე, უნივერმაღს ანსამბლი ჰყავს და იქ თუ ვიმღერებთ, ხელფასს მოგვცემენ, 66 მანეთსო. მივედით დირექტორთან - ასლან ხარბედიასთან, ყოფილი ფეხბურთელი იყო. რომ გვნახა უწვერული ბავშვები, მე გალანტერიის საწყობში გამაფორმა მუშად. ხელფასს სტიპენდიაც ემატებოდა და 100 მანეთი კი გამომდიოდა. ეს დიდი ფული იყო! უკვე შემეძლო, გოგოებისთვის საჩუქრებიც კი მეყიდა. ყოველ დილით მივდიოდი საწყობში, ვმუშაობდი, ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდი, იქიდან - რეპეტიციაზე მოვდიოდი... მერე ისეთ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც გეგმა სრულდებოდა და ხელფასიც 100 მანეთამდე გამიზარდეს.
1967 წელს სოსო ებრალიძემ შექმნა ანსამბლი "ციცინათელა" და მეც მიმიწვია. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს ლილი ზღვაურს. გაგვიჩნდა ქეთევანი...
სამი კურსი ფრიადოსანი ვიყავი... "ციცინათელასთან" ერთად გასტროლებზე წავედი და ხელიდანაც წავედი. უკვე თავის გამოჩენა მომინდა, სიმღერა გახდა მთავარი... ბევრი ივიშვიშა ჩემმა დეკანმა, - ისწავლე, ხომ შეგიძლიაო, მაგრამ ვერ მიმაბრუნა აუდიტორიაში... როგორღაც მაინც დამამთავრებინა ...

ჩემი შუადღე
სცენაზე გასვლა ყოველთვის ძალიან მიჭირდა. სიცილით კვდებიან, ოფლად რომ ვიღვრები, სიტყვები მავიწყდება, მგონია, ხმა დავკარგე. გავალ სცენაზე და ყველაფერი კარგად მიდის...
მე და ლილი ვმუშაობდით და ამოვისუნთქე... ახლა რომ ვაკვირდები, რა იყო ეს ამოსუნთქვა? არაფერი. სიყვარულის კვალად გაჩენილი თავდაჯერება, რომ არაფერი გვაკლია. მაგრამ რა დამავიწყებდა იმას, რაც გამოცდილი მქონდა. ახვედი თუ ჩამოხვედი კიბის საფეხურებზე, მნიშვნელობა არ აქვს. შენ ხომ იცი, რა არის გაჭირვება, განსაცდელი, როცა კუჭი "თავისას ითხოვს", ან ჩასაცმელი არაფერი გაქვს. ეს რომ არ გამევლო, ძნელი იქნებოდა სულის დაამება!
ჯემალ ბაღაშვილს კოჯრიდან ვიცნობდი. დასასვენებლად ამოდიოდა, უკრავდა ხოლმე. ძალოსანი იყო. კრივიც იცოდა. თბილისში რომ ჩამოხვალ, ყველაფერი უნდა შეგეძლოსო და დამაწყებინა ვარჯიში. თბილისში რომ შევხვდით ერთმანეთს, "ციცინათელაში" ვმღეროდი. "ივერია" უნდა შევქმნათ და ჩემთან წამოდიო...
"ივერიასთან" ერთად მოვიარე მსოფლიოს 80 ქვეყანა. დავდგით 4 მიუზიკლი, 165 კონცერტი,გვქონდა 22 საკონცერტო პროგრამა...
ყველა ჯურის ხალხს შევხვედრივარ, ყველანაირი გზა მაქვს გავლილი... ხშირად გვიხდებოდა კოლონიებში კონცერტების ჩატარება. შემდეგ მივხვდი, ეს ქრისტიანულია: პატიმარიც უნდა მოინახულო და ავადმყოფიც.
სხვათა შორის, კონცერტის მერე პურმარილი იშლებოდა... ახლა რომ ამბობენ, ციხეში კარგად ვინც მოიქცევა, ხუთდღიანი შვებულებით შინ გაუშვებენო, იმ დროს ჩვენ შევდიოდით სამსაათიანი ქეიფისთვის ციხეში და ეს იყო მათი "ხუთდღიანი სამი საათი".
ჩემი შვილის წასვლა დიდი ტკივილი იყო. მაშინ "არგონავტებს" ვდგამდით. მე აიეტის როლი მქონდა. ვფიქრობ, ასეთი კარგი მიუზიკლი სხვა არც არის, მაგრამ მძიმე მოგონებას გვიღვიძებს და ამიტომ აღარ მივბრუნებივართ... "ფიროსმანი" უნდა დაგვედგა. ჯემალმა - აბა, შენ იცი, ფიროსმანი შენ ხარო... გადავწყვიტე, 21 დღე მეშიმშილა, რომ მივახლოებოდი ნიკალას სულის მდგომარეობას, როცა შიმშილობდა, როცა არავის უნდოდა... მივდიოდი კოჯორში, ჩემს წყაროზე. იქიდან მომქონდა დასალევი წყალი. ის სიჩუმე და მარტოობა განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში. 21 დღის მერე, პირველად რომ შევდგი ფეხი ფილარმონიაში, ჯემალმა: აი, ფიროსმანი მოვიდაო.
უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ დარჩენა არსად მნდომებია. კა-გე-ბე დაგვყვებოდა. ღამით გარეთ არ გვიშვებდნენ. ქართველი თუ მოვიდოდა ვინმე, არ უნდა მივსალმებოდით - სამშობლოს მოღალატეაო. ჩვენ კი გამარჯობასაც ვეუბნებოდით და ვილხენდით კიდეც.
ვენესუელაში ვიყავი 6 თვე ტრიო "საუნჯესთან" ერთად. კონცერტები ხულიო იგლესიასის მენეჯერმა დაგვიგეგმა... მაგრამ ვაი, ამ ყოფნას - გასკდა თავი, გული! შინ მინდოდა... შემომთავაზეს დარჩენა - მსოფლიო სახელი გექნებაო... არაფრით ვქენი. მხოლოდ ერთი წელიო. არ შემიძლია-მეთქი...
დადგა დრო და ოპერას მივმართე. ალექსანდრე ხომერიკის დახმარებით შევძელი ეს. "აიდაში" ამონასოს პარტია მზად მაქვს, "ტრავიატას" ვამუშავებ... ამონასო უნდა მემღერა, მაგრამ აირია ყველაფერი. როცა საქართველოს გუნება გამოუკეთდება, მაშინ ვიმღერებ. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. სული და გული არ უნდა დაბერდეს.
ორი წლის წინ დავობლდი... 96 წლის დედა გარდამეცვალა. ის იყო ჩემი იმედი, ძალაც, სიმშვიდეც... მინდოდა, დედაჩემი და მისი დედმამიშვილები ერთად შემეყარა და ყველასთვის მომევლო. ჭაღარა შვილი რომ მივიდოდი და მეტყოდა, - მოგიკვდეს დედა, როგორ დაიღალეო... ამას ვერაფერი შეცვლის.
უკან რომ ვიხედები, ყველაზე მეტად იცით, რა მიხარია? იერუსალიმში შევიძინეთ 600 კვადრატული მეტრი მიწა სოსო ხარებოვის დახმარებით და საპატრიარქოს გადავეცით. ახლა იერუსალიმში ქართულ ეკლესიას თავისი ღამის გასათევი აქვს.
სოსო ხარებოვის დახმარებით გაიხსნა "სოსლენდი", ფართი ვასილ ბოლაშვილმა დამითმო, სადაც 1500 ბავშვს ვასწავლეთ და მათგან 200-ს უკვე სამსახური აქვს. ხომ ბედნიერებაა?..

ჩემი საღამო
უზარმაზარი გზა გავიარე თავისი აღმართებით და დაღმართებით. ახალგაზრდა ვიყავი და დროს ყურადღებას არ ვაქცევდი... ახლა დრო აჩქარდა. ახალი წელი გაივლის და უცებ მეორე ახალი წელი მოგადგება კარს...
მიმწუხრს მომავალში არ ველოდები, როცა სიკვდილმა პირი მაჩვენა, მივხვდი, მწუხრი რა არის. შევიცანი, რომ უნდა გარდავიცვალო. აქ მოსულს არაფერი მომიტანია და აქედანაც ვერაფერს წავიღებ...
1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი გიორგი... მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე. ვეძებდი ყველგან - დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. მერე მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი... მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა...
ხვალ არ ვიქნები... მერე რა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს ასე თუ ისე, სრულფასოვანი ვიყო, ვაკეთო ის, რაც შემიძლია.
ვცდილობ, ვიცხოვრო ფიქრსავსე და სულიერებით სავსე ცხოვრებით.
იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი...
მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა... არ უნდა დანებდე, უნდა შეებრძოლო.
რა მენატრება?..
გაზაფხულზე, იების ამოსვლის წინ მიწა რომ გაიბერება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სუნი დგას ტყეში. ვერა და ვერ მოვახერხე, ადრე გაზაფხულზე რომ ტყეში ვიბოდიალო.
და კიდევ: ჩემს შვილიშვილს - ანდრიას ვზრდი ისე, რომ ჯერ უფალი უყვარდეს, მერე ქვეყანა და მერე ჩვენ... ისიც ჩემსავით სტიქაროსანია. ლურჯ მონასტერში ვდგავართ ერთად და ვემსახურებით უფალს. ანდრიამ უნდა იცოდეს, რა არის უფლის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ხალხის სიყვარული.

გზავნილები
ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამბროსი ხელაიას სიტყვების განმეორება შეგეძლოს კაცს: სული ჩემი - ღმერთს, გული - საქართველოს, ხორცს კი რაც გინდათ, ის უყავით!

სული სხვანაირად არ იწვრთნება: ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო!


ერთმანეთს 17 აპრილს, ბზობას შევხვდით. ეკლესიიდან მოდიოდა სადღესასწაულო მსახურების შემდეგ - სტიქაროსანია.
მითხრა: ისეთი გრძნობა მაქვს, ეს ინტერვიუ ჩემი ვაჟის - გიორგის ხსოვნას ეძღვნებაო.იქნებ, ასეც არის, რადგან ის ხსოვნა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენ კი დღეს ამ ცხოვრების პირისპირ ვდგავართ, ასე, საქვეყნოდ. არ უხერხულობს, რადგან თვითონაც ამ ქვეყნისაა, ამ ხალხის, რომელსაც 45 წელიწადია, უმღერის, რომელმაც ძალიან შეიყვარა და დღესაც სიამოვნებით უსმენს. ამჯერად ხალხს მის ნაფიქრალსა და გულწრფელ ნათქვამს მოვასმენინებთ და არა - ნამღერს... ჩვენს პირისპირ მომღერალი თემურ წიკლაურია.

- კოჯორში გავიზარდე. ლაღი ცხოვრება არ მქონია. სიმღერა კი ძალიან მიყვარდა. პატარ-პატარა კომპოზიციებსაც კი ვქმნიდი, მაგრამ ჩვენთან მუსიკალური სკოლაც არ იყო, თუნდაც ნოტები რომ მესწავლა. 14 წლის ვიყავი, კოჯორში დასასვენებლად ამოსული ჯემალ ბაღაშვილი რომ გავიცანი. იცოდით, რომ ჯემალი ახალგაზრდობაში სპორტსმენი იყო, "შტანგისტი" (იცინის)? დაკუნთული სხეული ჰქონდა.
იმხანად 19 წლის იქნებოდა. მე და ჩემი მეგობრები გვერდიდან არ ვცილდებოდით - აღფრთოვანებით ვუსმენდით გიტარაზე მის დაკრულს. კოჯორმა დაგვამეგობრა და მოგვიანებით სწორედ ამ მეგობრობამ მიმიყვანა "ივერიაში", თუმცა მანამდე... სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე.
ვფიქრობდი, რომ ინგლისური ენის პროფესიულად შესწავლით საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას მოვახერხებდი. მაგრამ ოჯახს მატერიალურად უნდა დავხმარებოდი, ამიტომ სწავლის პარალელურად მუშაობაც მიწევდა. "პლეხანოვზე", დიდი უნივერმაღის (ახლა რომ "თი-ბი-სი ბანკია") გალანტერიის საწყობში უთენია ვცხადდებოდი, ვალაგებდი და 9 საათისთვის ინსტიტუტში მივდიოდი.
ასე რომ, ხელფასი, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი - დაახლოებით, 100-120 მანეთი მქონდა, უშრომელად ერთხელაც არ ამიღია. მუშაობისა და სწავლის პარალელურად კი ინსტიტუტის ანსამბლში ვმღეროდი. მალევე, 1967 წელს, ახალშექმნილ ანსამბლ "ციცინათელაში" მოვხვდი. ჯემალი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. იმხანად ხშირად ვერ ვნახულობდი - "ციცინათელასთან" ერთად სულ გასტროლზე ვიყავი, მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარე.
ამის გამო საღამოს განყოფილებაზეც კი გადავედი. დავოჯახდი კიდეც - მეუღლე, ლილი ზღვაურიც "ციცინათელაში" გავიცანი. ერთად ვმღეროდით და ვცეკვავდით იქ. მერე კი ჯემალმა "ივერიაში" მიმიწვია. მეც დავთანხმდი და მას შემდეგ - 1971 წლიდან "ივერიელი" ვარ და არა მარტო მე - ლილიც წავიყვანე...
- ბატონო თემურ, უდიდესი ტრაგედია დაგატყდათ თავს - 6 წლის ვაჟი, გიორგი გარდაგეცვალათ. ასეთი უბედურება ხშირად ცვლის ადამიანებს, ხანდახან ოჯახებსაც ანგრევს ან მეორე შვილისადმი აგრესიას იწვევს...
- ოჯახებსაც ანგრევს და ადამიანებსაც. ჯანსაღი, საღ-სალამათი შვილი დამეღუპა და, ალბათ, ექიმების მიზეზით. კონკრეტულად ვერავის დავადანაშაულებ, ის კი ვიცი: რომ ჩავძიებოდი ამ ამბავს, თოფი უნდა ამეღო და ვიღაც მომეკლა. იმხანად ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი მართლაც ფასობდა, მეხის გავარდნასავით იყო. ნუ მიწყენთ და, იმ დროს სიყვარულიც და პატივისცემაც მეტი იყო. 1990-იანმა წლებმა გააუფასურა სიკვდილიც და სიყვარულიც. თუნდაც ახლა, მასმედია ყოველდღე რომ ვიღაცის მკვლელობით, გაუპატიურებით, გაძარცვით, ჩვილის გადაგდებით, მამათმავლობასა და ათასგვარ უხამსობაზე საუბრით იწყებს საინფორმაციო გამოშვებებს. კი მაგრამ, სიკეთე აღარ ხდება ამ ქვეყნად? დაიწყე, რომ რომელიღაც სამშობიაროში, ვთქვათ, ათი ბავშვი დაიბადა, სადღაც კიდევ კარგი ამბავი მოხდა.
სასიამოვნო მოჰყევი და თუ გინდა, კვირაში ერთხელ გამოაცხადე ის ცუდი ამბავიც. ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელია და არა - გაუგებარი წარმომავლობის რელიგიის. მეტი რა უნდა მოგცეს სამყარომ, როდესაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი ხარ, უფლის კვართი შენს ქვეყანაშია დაბრძანებული, წმინდა გიორგი მფარველობს და კიდევ მრავალი სიწმინდე ინახება შენს მიწაზე! ამას იცით, რატომ ვამბობ? მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების დასაწყისში უბედურება დამატყდა თავს და დამანგრია, უმნიშვნელოვანესი რამეც მოხდა:
ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამიდგა გვერდით მთელი საქართველო. იმხანად მიუზიკლ "არგონავტებზე" ვმუშაობდით. 10-15 აპრილს პრემიერა უნდა გვქონოდა, ჩემი გიორგი კი ხარებას - 7 აპრილს დაიღუპა. ანსამბლის წევრებს ვუთხარი, მეყოფა, რაც ვიმღერე, ახლა თავი უნდა დამანებოთ, ჩემთვის მინდა ვიყო-მეთქი. გაგიჟდნენ. წამიყვანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. უწმინდესი კარგა ხანს მელაპარაკა, მომცა სანთელი, წიგნი და დამარიგა, წიგნი 40 დღეს იკითხე და კითხვისას სანთელი აანთე ხოლმეო (ისეთი დღეებია, რადგან იმ განცდების გახსენება მთხოვეთ, რამაც დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა ჩემში, მეც გულახდილი ვარ და გიყვებით იმას, რაც ასე სახალხოდ არასდროს მომიყოლია).
გინდ დამიჯერეთ, გინდ არა: მეორმოცე დღეს დავასრულე წიგნის კითხვა და იმავე დღეს ჩაიწვა სანთელიც. ერთ კვირაში დავდექი სცენაზე და მალე "არგონავტებით" მთელი საქართველო მოვიარეთ - 100 კონცერტი ჩავატარეთ. ეს გასტროლი ჩემთვის სიკვდილს უდრიდა - აუტანელი ტკივილი უნდა დამეძლია, საკუთარ ტკივილში უნდა "მოვხარშულიყავი" და გამოვბრძმედილიყავი. ალბათ, სული სხვანაირად არ იწვრთნება:
ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო. საქართველოს თითოეულ ქალაქში ნებისმიერი წარმოდგენა იწყებოდა იმით, რომ მაყურებელი ფეხზე დგებოდა და სანთელს გვინთებდა. ეს ხომ დაუჯერებელია? ასეთ თანაგრძნობასა და პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემი უბედურებისადმი, ჩემდამი, ანსამბლ "ივერიისადმი"... უკვე კარგა ხანია, ინდივიდუალურად მიწევს გამოსვლა.
ან ვინმეს დაბადების დღეა, ან ვიღაც კონცერტს აწყობს, უარს არავის ვეუბნები, მაგრამ არც ჰონორარს ვიღებ. ყოველთვის საქართველოსთვის ვმღერი და ამით ვეუბნები მადლობას ჩემს ქვეყანას, ხალხს უდიდესი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისათვის, ჩემი სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის, გიორგის სულის მოხსენიებისთვის... სიცოცხლის ძალა მომეცა. უფალი მაძლიერებს და მიმიყვანა კიდეც ეკლესიაში: 4 წელიწადია, ლურჯი მონასტრის სტიქაროსანი ვარ. მერე ჩემი შვილიშვილი, 13 წლის ანდრიაც მივიყვანე, ისიც სტიქაროსანია და დღეს უკვე ერთად ვემსახურებით უფალს...
- თქვენს მეუღლეს, ქალბატონ ლილისაც, ალბათ, თქვენ ამხნევებთ.
- ლილი ჩემზე ძლიერია. იმ უბედურებამდე მე მოქეიფე და მონადირე კაცი ვიყავი. საქეიფოდ პატარა გიორგისაც დავატარებდი ხოლმე. უბეში მეჯდა, თავამოყოფილი და ასე "ვქეიფობდით" ერთად. გასაოცარი სიყვარული გვქონდა. თითქოს ზედმეტადაც მიყვარდა. ლილი კი ყოველთვის ზომიერი იყო, მშვიდი, რელიგიური. ამიტომაც ვაჯობეთ ტკივილს. ქეთი კი, ჩვენი ქალიშვილი, იმხანად 12-13 წლის იყო. შეგვეშინდა, ბავშვს სულიერი ტრავმა არ მიეღო და ყველანაირად გავარიდეთ მძაფრ განცდებს.
- ცხოვრება გაგრძელდა. აგერ ანდრია გყავთ. მეგონა, მასაც შევხვდებოდი.
- ეკლესიიდან ერთად წამოვედით, მაგრამ შინ დავტოვე, ჩინურის მასწავლებელთან უნდა წასულიყო (გაოცებას ვერ ვმალავ. ჩინური იეროგლიფების სწავლა მართლა "ჩინური" მგონია - ი.ხ.). რატომ არ უნდა იცოდეს - ნახევარი დედამიწა ჩინურად ლაპარაკობს და ვფიქრობ, საჭიროა (იღიმის). ძალიან კი არ ეხალისება, მაგრამ იცის, რომ რაც მეტი ეცოდინება, უკეთესია. არაჩვეულებრივად ხატავს, ინგლისურსაც სწავლობს, რაც მთავარია, მშობლიურ ქართულს სწავლობს საფუძვლიანად. ნეტავ, ბავშვობაში ჩემთვისაც დაეძალებინათ სწავლა, ან სახრით ვეცემე ვინმეს, ან კარგად გაელაწუნებინა, არ ჯობდა? ასე რომ, ჩემსა და მის ბავშვობას შორის პარალელსაც ვერ გავავლებ: მას რომ პაპა ჰყავს (საკუთარ თავს გულისხმობს), მე ისეთი არ მყოლია (იცინის).
ისედაც, ანდრია სხვა დროის შვილია. მე ხალხის შვილი ვარ, ხალხმა მომიყვანა აქამდე. ისეთი მეგობრები მყავს, ერთ ამოსუნთქვად ღირს. ანდრიასაც ვუსურვებ, ასეთები შეხვედროდნენ ცხოვრების გზაზე. მთავარია, კარგი ბიჭია და ვგრძნობ, გული საგულეს "უმუშავებს", იქ, სადაც ღმერთი ბუდობს. ძალიან მეიმედება და დარწმუნებული ვარ, ის და მისი თაობა მართლაც დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრებენ. ჩამოყალიბდება ეს ქვეყანაც, აბა, რას იზამს! ღვინო ერთ დღეში ხომ არ დგება? რომ დააყენებ, ჯერ უნდა დადუღდეს, მერე ჭაჭა ამოიღო (ამ ეტაპს, მგონი, გადავცდით). მერე იწმინდება ღვინო, გადაიღებ და მხოლოდ ასეთია სასმელად კარგი, თორემ ახალი ღვინო გაგანადგურებს. ეგრეა ჩვენი ცხოვრებაც...

ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

"მონადირეც" ვარ, მესაკუთრეც, ეჭვიანობის რა მოგახსენოთ?!”

"მე საქართველომ ფეხზე დამაყენა, ჩემი ქვეყანა გვერდში დამიდგა, მაშინაც, როცა ძალიან მიჭირდა. საქართველოს შვილი ვარ, მას ვეკუთვნი და არა მაქვს უფლება, სადაც დამიძახებენ, არ მივიდე, არ ვიმღერო. არავინ გეკითხება, გინდა თუ არ გინდა, გემღერება თუ არ გემღერება. "ივერია" ხალხის საკუთრებაა და მისი წევრებიც ვალდებულნი ვართ, ხალხის სამსახურში ვიყოთ", - მითხრა ინტერვიუს დასასრულს ბატონმა თემურ წიკლაურმა. ცოტა ხნის წინ საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს, რისთვისაც მადლობას უხდის ქალაქის მერს. ამბობს, რომ ეს უდიდესი ტვირთია მისთვის. ამ ტვირთის საზიდად, კიდევ ბევრი შრომა მოუწევს...

- საინტერესოა, როგორ მუსიკას უსმენთ?
- სერიოზულს. მაგალითად, მოცარტს, ჩაიკოვსკის. მიყვარს ოპერები.
- როკი?
- კარგად შესრულებული ყველაფერი კარგია. თუმცა ძალიან ჩახლაფორთებულ ჯაზს ვერ ვუსმენ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მარტოობა მომწონს, კითხვას და მუსიკით ტრფობას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. მეგობრები ვიკრიბებით კვირაში ერთხელ მაინც, ერთმანეთს დაგროვილ შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ხოლმე.
- ეს სუფრასთან ხდება?
- საქართველოში აბა, სხვაგან სად მოხდება?! ჩვენს საძმოს ჩვენი კანონები გვაქვს, კარგა ხნის წინ მივიღეთ და მას მერე ვემორჩილებით.
- როგორია ეს კანონები?
- არდაგვიანება, პირველ რიგში...
- არაპუნქტუალობაში ალბათ ჯერჯერობით არ გამოუჭერიხართ მეგობრებს.
- (იცინის) არა, ამას ჩემს დაავადებად მივიჩნევ. კონცერტების დროს არ შეიძლებოდა დამეგვიანა - მე ვიწყებდი და მე ვამთავრებდი. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა თავისთავად გამომიმუშავდა. ჩვენს "კანონებში" ისიც შედის, რომ ბევრი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთან მიღებულია, იმდენი ალკოჰოლის მიღება, რამდენიც სასარგებლო იქნება გონისთვის, გულისა და ორგანიზმისთვის. სხვა "კანონებს" ვერ გაგიმხელთ, თორემ გადაიღებენ მერე ჩვენგან (იღიმის).
- სიმღერა ალბათ აუცილებელი პირობაა თქვენს "კანონებში"...
- აუცილებელი. ლექსიც. მყავს მეგობარი, ვასილ ბოლაშვილი, რომელმაც თითქმის მთელი "ვეფხისტყაოსანი" იცის ზეპირად. წარმოიდგინეთ ქეიფი, სადაც სადღეგრძელოს ლექსით ამბობენ, თანაც - რუსთაველის ლექსით! ანდაც - პუშკინი, ლერმონტოვი, ვაჟა რომ ალამაზებს სუფრას!..
- თქვენც გექნებათ საყვარელი ლექსი, რომელსაც სადღეგრძელოებში იყენებთ; ასეა?
- მე ვცდილობ, თამადა არ ვიყო. თან იმღერო და თან ითამადო - ცოტა რთულია: ორივე ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. სიმღერა კონკრეტულია და ამიტომ არის საქმე. თამადობაში "კონკრეტულობა" სმაში გამოიხატება; კიდევ - დიდი პასუხისმგებლობაა: თამადა ფილოსოფოსი, მჭევრმეტყველი უნდა იყოს.
- ამაზე პრეტენზია არ გაქვთ?
- მე (ასე მგონია) უპრეტენზიო ადამიანი ვარ.
- "ჭიქის მოპარვას" რომ ეძახიან, ეგ ჩაგიდენიათ?
- არა. თუ სუფრასთან დაჯდები, არ უნდა "იქურდო" და საერთოდ არ უნდა იქურდო.
- უპრეტენზიო ადამიანი ვარო, მითხარით. ოჯახშიც ასეთი ხართ - მშვიდი, წყნარი?
- ახლა, მთლად მშვიდი... მკვდარი კი არა ვარ?!
- რა გაღიზიანებთ?
- შინ იქნება თუ გარეთ - ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას და უმადურობას.
- ოჯახში რა უფრო მეტად გაღიზიანებთ - ასალაგებელი საწოლი, გასარეცხი ჭურჭელი თუ ის, რომ კერძი არ არის მომზადებული?
- რა გითხრათ?.. არ დავფიქრებულვარ ამაზე. თუ არ არის ყველაფერი წესრიგში, მიზეზზეც უნდა იფიქრო: ალბათ არ შეეძლო ადამიანს, დრო არ ჰქონდა ამისთვის. შენ თუ გაქვს - გააკეთე.
- გაგიკეთებიათ?
- საჭმელი - იშვიათად. მე ჩემებურად ვიცი, გემრიელად მინდა ვჭამო. ჩემს ქალიშვილს ქეთოს და მეუღლესაც მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძი.
- კონკურენციას უწევთ მეუღლეს, როგორც მივხვდი. გემრიელად ვაკეთებო, - რომ ამბობთ, მეუღლეს არ ეწყინება? ის გემრიელ კერძებს არ ამზადებს?
- როგორ გეკადრებათ (იღიმის) - მთელი ცხოვრება ის არ აკეთებს?! რომ არ გამოსდიოდეს... არ მათქმევინოთ.
- როგორი ქმარია თემურ წიკლაური?
- ეს ცოლს ჰკითხეთ. მე როგორ უნდა გითხრათ?!
- როგორ ფიქრობთ?
- ლოიალური, ალბათ, ყურადღებიანი; პასუხისმგებლობიანი.
- ყველა დადებითი თვისება ჩამოთვალეთ...
- მერე - ცუდია?
- არაფერს გსაყვედურობთ ცოლი?
- რა გითხრათ?.. რა უცნაურ კითხვებს მისვამთ! ისეთი კითხვებია, საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. როგორ ვბანაობ და რა შამპუნს ვხმარობ - ვის რაში აინტერესებს?!
- ეგ არ მიკითხავს. გავიმეორებ: რას გსაყვედურობთ მეუღლე?
- არაფერს. ჩვენი ურთიერთობა თვითშეგნებაზეა აგებული. ყვირილი და ჭურჭლის მტვრევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, რა შეიძლება და რა - არა. გამახსენდა: მთხოვს იმას, რომ ბევრი და ხშირად არ დავლიო. ჩემი ჯანმრთელობა ადარდებს, - პატარა ბიჭი აღარ ხარო, - მეუბნება.
- თქვენ თუ შეგაქვთ კორექტივები თუნდაც მის ჩაცმის სტილში ან ხასიათში?
- როგორ გითხრათ?.. ძალიან უპრეტენზიოდ ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენი ფილოსოფიური შეხედულებები გვაქვს - სამყაროზე, სხვა ადამიანებზე და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე. იმის დაძალება, - მე რასაც ვფიქრობ, შენც ის იფიქრე აუცილებლადო, - წარმოუდგენელია. ამას რომ მიხვდება ოჯახი, სიწყნარე ისადგურებს ხოლმე. თუმცა არსებობს საერთო ვალდებულებები, რომლებიც ორივემ უნდა გაითავისოს. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, იმდენს ვფიქრობდით ამ წლების განმავლობაში, რა ჩაგვეცვა სცენაზე, იმდენი პრანჭვა-გრეხა გვიწევდა, დავიღალეთ და ახლა უპრეტენზიო ჩაცმას ვანიჭებთ უპირატესობას. თან, ჩემი მეუღლე ბევრ დროს სახლში ატარებს, დიასახლისის როლი მთლიანად მოირგო. გვივლის ყველას.
- ე.ი. თავი მოგიძღვნათ!
- რა არის ამაში ცუდი?! ბიჭოს! მე რომ ვუძღვნი მთელ ჩემს ცხოვრებას, ცუდია?!
- შორიდან - მკაცრი, ბრაზიანი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებთ; სინამდვილეში როგორი ხართ?
- (იცინის) ხომ ამჩნევთ, როგორი რბილი, დამყოლი, მოსიყვარულე, პატივისმცემელი, თავაზიანი ადამიანი ვარ. შეხედულება მაქვს ასეთი, რა ვქნა?! ბავშვობიდან "არწივად" "ვმუშაობდი" (იცინის).
- როდის ბრაზდებით?
- როცა სიმღერა არ გამომდის.
- ასეც ხდება?
- ხდება, როცა სიმღერა "ჩემი" არ არის: სიმღერა ჩემმა სულმა და გონებამ უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში მას ხელი არ უნდა მოვკიდო.
- როგორია გაბრაზებული თემური?
- ფინთი (იცინის)... როგორ ვთქვა, არ ვიცი. ცუდ ტონალობაში ვლაპარაკობ, ოღონდ - არ ვყვირი. სუსტი კაცის პოზიციაა მტვრევა, ჩხუბი, ბილწსიტყვაობა. თუმცა ამ უკანასკნელს ზოგჯერ მეც ჩავდივარ.
- მართლა?!
- ვაიმე, თავი აღსარებაზე მგონია! ქალი მღვდელი? პირველად ვნახე (იცინის).
- ჰობი გაქვთ?
- ჰობი ვინ არის (იცინის)?.. ძლიერ გამოკვეთილი სურვილი, ალბათ.
- ასე იქნება განმარტებული ლექსიკონში.
- თავგადაკლული მონადირე ვიყავი ერთ დროს. 25 წელია, შევეშვი ამ საქმიანობას: მივხვდი, რომ ცოდვაა; დიდი ხანია, ვეღარ ვკლავ. ადრე ნადირობდნენ იმიტომ, რომ საჭმელი ეშოვათ და ოჯახი ერჩინათ. საწყალი შველი დადის, შვილი ჰყავს, სიცოცხლე უხარია და შენ, ჩასაფრებული, დურბინდით, იარაღით, გარშემო ძაღლებით... საშინელებაა. მიუღებელია ჩემთვის.
- ზოგადად, "მონადირე", "მესაკუთრე" ხართ?
- "მონადირეც" ვარ, "მესაკუთრეც". ეჭვიანობის რა მოგახსენოთ?.. ქალი მთლად უნდა გადაირიოს, მე რომ ვიეჭვიანო... ახლა არ მკითხოთ, "გადარევა" რა არისო (იცინის)?!. ახალგაზრდობაში კი ვეჭვიანობდი, სულ რავა დავმუნჯდებოდი. სცენაზე დგომამ ფსიქოლოგობა მასწავლა, ბევრ რამეს ვხედავ ადამიანებში, მათ თვალებში; ახლა შემიძლია, არაფერი ვთქვა და თვალებით ვილაპარაკო.
- ეჭვიანობაზე ვსაუბრობდით...
- ეჭვს ძალიან დაბლა ჩამოჰყავს ადამიანი. არასრულფასოვნების კომპლექსია და სხვა არაფერი. რაზე უნდა ვიეჭვიანო? - სხვას მეტი ტაში დაუკრეს, უკეთესი სიმღერა იმღერა თუ რა?! სისულელეა! "ივერია" ყოველთვის გამარჯვებული იყო. ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ ჩვენ დამარცხება არ გვიგემია.
- რამდენად ერთგული ხართ?
- საკუთარი თავის?
- არა, მეუღლის.
- 43 წლის ოჯახი გვაქვს და ესაა პასუხი. ორგულობის შემთხვევაში, ან მე წავიდოდი სახლიდან, ან - ის, ე.ი. ლილი.
- თვალიც არ გაგქცევიათ გვერდით?
- როგორ არა?!
- მეუღლის თანდასწრებით?
- ასე ჩაკირკიტებას და დაწვრილმანებას დაანებეთ თავი! ადამიანი ცოდვილია. არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი.
- როდის წითლდებით?
- წვერი მაქვს და ვერ ვხედავ (იცინის)... დიდი ხანია, წვერი მაქვს. ისე კი ერთ ჭკვიან კაცს უთქვამს, - ცხოველებს შორის მხოლოდ ადამიანი წითლდებაო!
- გულჩვილი ხართ? რაზე შეიძლება იტიროს თემურ წიკლაურმა?
- ყოველგვარი სიკეთის გამოვლინებაზე.
- დეპრესია გქონიათ?
- მქონია. საშინელებაა; დეპრესიით გამოწვეული განცდის აღწერა შეუძლებელია. ამ დროს გონი არ მუშაობს, აბსოლუტურად არაფერზე ფიქრობ, ერთი რამის გარდა - რამაც ამ მდგომარეობაში ჩაგაგდო და გამოსავალს ვერ ხედავ.
- შეიძლება გკითხოთ, რამ მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე?
- ჩემი ბიჭის, გიორგის გარდაცვალებამ. არ ვიცი, როგორ გამიგებს მკითხველი, მაგრამ ალბათ ეს უნდა მომხდარიყო, რომ ჩავწვდომოდი იმას, რისთვის მოვდივართ ადამიანები დედამიწაზე; რომ სიყვარული და სიკეთე - ყოვლისშემძლეა; რომ შენ, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ; რომ საჭიროა, ხშირად ჩაიხედო საკუთარ გულში და მონახო საყრდენი შენი სულიერი მდგომარეობისთვის; რომ სხვის სულში ფათურს თავი უნდა დაანებო - და ბევრი სხვა "რომ", რომელიც ურმის გადაბრუნების შემდეგ გამოჩნდება ხოლმე... "გსჯი, რამეთუ მიყვარხარ, რომ ჭეშმარიტება ვიწრო და ეკლიანი გზით მიიღწევა" - ეს ფორმულა შეიძლება მიუსადაგო ჩემს მდგომარეობას. ამ დიდი განსაცდელის შემდეგ, ცხოვრებას სხვა ფერებში ვხედავ, უფრო რეალურ ფერებში, ვიდრე მანამდე ვხედავდი.
- დღეს რა ფერია თქვენი ცხოვრება, ოცნებები?
- ვარდისფერია ჩემი შვილის, ქეთევანის და შვილიშვილის ანდრიას წყალობით. ლილი, შენ არ გეწყინოს! ჩემი შვილიშვილის ქორწილს მინდა მოვესწრო. 14 წლის არის ანდრია. ვოცნებობ, ჩემი ქალიშვილი დამშვიდებული, დაწყნარებული, ფეხზე მყარად მდგარი ვნახო, რომ როდესაც წავალ, ხელს დაგიქნევთ ყველას, იგი იდგეს ამაყად, არ დაეცეს არც სულიერად, არც ფიზიკურად და არც მატერიალურად. კიდევ, სოლო კონცერტს ვგეგმავ და ვნახოთ (იღიმის)...
- სიამოვნებით დავესწრებით და გავაშუქებთ თქვენს კონცერტს, თუ ნებას დაგვრთავთ.
- უკვე დაპატიჟებული ხართ!

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”

თემურ წიკლაური: "სკოლებში მოძღვარი აუცილებელია"


თემურ წიკლაური უმნიშვნელოვანეს ტრადიციად მიიჩნევს მოყვასის თანადგომასა და სიყვარულს. თვლის, რომ ეს არ უნდა დაიკარგოს, რადგან ჩვენი გადარჩენის ერთადერთ გზას სწორედ ამაში ხედავს. ბატონ თემურს 13 წლის შვილიშვილი, ანდრია ჰყავს, რომელსაც ხშირად ურჩევს, რომ წიგნი იკითხოს და, ზოგადად, წიგნის კითხვის სიამოვნებას ეზიაროს. მაშინ, როცა უფროსი თაობა ერთი ხელის მოსმით ამბობს, რომ კომპიუტერი ცუდია, ბატონ თემურს ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო შეხედულება აქვს და ამბობს, რომ ყველაფერი კომპიუტერს არ უნდა დაბრალდეს. მისი აზრით, მთავარი ბავშვის სწორი აღზრდა და სწორი მიმართულების ჩვენებაა. ეს კი, პირველ რიგში, მშობელმა და მასწავლებლებმა უნდა იტვირთონ. "გუმბათი" თემურ წიკლაურს ტრადიციებზე სასაუბროდ შეხვდა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა. ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ბატონო თემურ, რამდენად ტრადიციული ბრძანდებით?

– ტრადიციული ვარ და ტრადიციებს ვიცავ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონეცკში ვიყავი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ჩვენ, ორივე, ერთ დღეს, 22 იანვარს ვართ დაბადებულნი. წელს გადავწყვიტეთ, რომ დონეცკში აღგვენიშნა ორივეს და ამიტომაც ჩავედი. ესეც ერთგვარი ტრადიციაა ჩემთვის, როდესაც ამ ქალაქში ჩავდივარ, ეს არის მეგობრობის ერთგვარი გამოხატულება. თავდადება მეგობრისა და მოყვასისადმი, ეს არის ჩვენს სისხლსა და ცნობიერებაში გამჯდარი ტრადიცია. ეს საამაყოა, რომ ქართველებს ასეთი სიყვარული გვერგო. საერთოდ, ტრადიცია არის ადამიანის მოქმედება, რომელიც ასწლეულებისა და ათასწლეულების გამოცდას უძლებს. რომ ამბობენ, ახალი ტრადიციაო, ასეთი რამე არ მესმის. ტრადიცია ხომ სიძველით განისაზღვრება. უფალს როდესაც ეკითხებიან, რა მოვიმოქმედოთო, იგი ამბობს, რომ "მამაო ჩვენო" იკითხეთო. ასევე ამობს, რომ მოყვასის სიყვარული და მსახურება შეძელითო. ჩემი აზრით, ესეც ტრადიციაა. ჩვენ მთელი ორი ათასი წლის მანძილზე ვიწრო, ეკლიან გზაზე დავდივართ. უამრავი შემოსევა გვაქვს გადატანილი. მარტო ერეკლე || მაგალითიც კმარა, რომელმაც ას ათასი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენ ერთმანეთის გატანის ტრადიცია რომ არ გვქონოდა, ალბათ გაგვიჭირდებოდა, აქამდე მოგვეღწია. ქართველ კაცს მიზანი ყოველთვის ჰქონდა, თუ რისთვის იბრძოდა. ჩვენ რომ ყველასთან ფარ–ხმალი დაგვეყარა, დღეს ან თურქები ვიქნებოდით, ან ოსმალები, ანდა მონღოლები. მე ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია სწორედ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომაა და გადარჩენის ერთადერთ გზას მასში ვხედავ.
– თქვენსა და დღევანდელ თაობას რომ ადარებთ, რა არ მოგწონთ ახალგაზრდებში?
– თაობებს შორის თანხმობა არასდროს ყოფილა და ალბათ არც იქნება. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომელიც ყველა თაობას თავის სიახლეს სთავაზობს. მით უმეტეს, ახლა, ისეთი პერიოდია, როდესაც ტელევიზიები და სხვადასხვა ქვეყნები საკუთარ იდეოლოგიას თავს გვახვევენ. მე არ მესმის ის დამოკიდებულება, რაც ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა, რომ სკოლებში სექსუალური სწავლება შემოიღონ. სხვათა შორის, გივი ბერიკაშვილი ამბობს ხოლმე, რომ ქართველებმა ეს საქმე ძალიან კარგად იცოდნენ, ხალხს ათი–თორმეტი შვილი ჰყავდა, ქვეყანა მრავლდებოდა და ახლა ისეთი რა უნდა გვასწავლონ, რაც არ ვიცითო. დღევანდელი თაობა მომწონს. საქართველოს ღვთის წყალობა და ნიჭი არასდროს მოჰკლებია. ჩვენს სულიერებას განსაზღვრავს ის, რომ პირველ საუკუნეში უფლის კვართი ჩამოიტანეს და აქ დაკრძალეს, ის, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ის, რომ წმინდა გიორგი არის ჩვენი მფარველი. ხომ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, ზოგან ყველაფერი იყინება, ზოგან სიცხისგან იხუთებიან. ჩვენ კი ყველაფერი აგვაცილა უფალმა და ეს კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მადლობა ღმერთს, რომ არც ვიყინებით და არც ვიწვით. ჩვენ რომ ეს მადლი არ გვქონდეს, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდით. ასეთ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი არ გაიაზროს და მთელი გულით არ მიიღოს. ის თაობა, რომელიც ღია გულის კარით ხვდება ამას, სულ სხვანაირად აღიქვამს რეალურ ცხოვრებას რეალურ დროში, ვიდრე ჩვენი თაობა აღიქვამდა. იმიტომ, რომ ჩვენ პერიოდში ეს ყველაფერი დახურული იყო, ცხრაკლიტულში იყო და თუ ვინმე ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა, ისჯებოდა. მაშინ სულ სხვა იდეოლოგიას გვთავაზობდნენ. ახლა კი, როდესაც ყველაფერი გაიღო, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ეკლესიები სავსეა ახალგაზრდებით. უწმინდესის ერთ–ერთი მონაყოლიდან ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქებმა ჩვენს პატრიარქს უთხრეს, ჩვენს ეკლესიებში სამოცდაათი წლის ზემოთ მყოფი ხალხი დადის და თქვენთან ახალგაზრდები ჭარბობენო. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საზოგადოებას შესანიშნავი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სწორ გზაზე იარონ. ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ და ნიჭი სწორად უნდა გამოვიყენოთ. საზღვარგარეთ ბევრი ქართველი მეცნიერია, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან. არსებობს კოსმოსური და ატომური სადგურები, სადაც წამყვანი პოზიციები ქართველ მეცნიერებს უკავიათ. ჩვენში დიდი პოტენციაა ჩადებული და ამას მოფრთხილება უნდა.
– დღევანდელ ახალგაზრდა მომღერლებზე რას გვეტყვით?
– არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც უცხოურ სიმღერებს გენიალურად მღერიან. სხვისი სიმღერის მღერა ადვილი არ გეგონოთ, მაგრამ ის ხომ მაინც სხვისია. როდესაც თავისი სიმღერის მღერას ისეთივე დონეზე ისწავლიან, როგორც უცხოურს მღერიან, აყვავება მერე ნახეთ. ხომ გაგიგიათ გამოთქმა: თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო. ასე მოგვდის ჩვენც. განა, იმას ვამბობ, რომ უცხოური არ იმღერონ, პირიქით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქართულ სიმღერას ნუ დაივიწყებენ. ჩვენ პერიოდში უცხოური სიმღერა იკრძალებოდა, ამ სიამოვნებას მოკლებულნი ვიყავით. სამოცდაათიან წლებში ვიმღერეთ "სუპერ სთარიდან" რაღაც ნაწყვეტები და ისეთი ამბავი ატყდა, ვერ წამოიდგენთ. მახსოვს, რუსეთში გვქონდა გასტროლები და რუსების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გვეუბნებოდნენ, ამ სიმღერებს რომ ასრულებთ, არ გიჭერენო? ერთხელ, მახსოვს, ციმბირში ვიყავით გასტროლებზე და მინდოდა "ჰავა ნაგილა" მემღერა, რომელიც ებრაელთა გამაერთიანებელი სიმღერაა. ეს რომ გაიგეს, ლამის იქაურობა დამატოვებინეს, არადა, ისედაც ციმბირში ვიყავი და სადღა გადამასახლებდნენ. ჩვენ ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ახლა კი, რასაც გინდა, იმას იმღერებ.
– თქვენი შვილიშვილი 13 წლისაა, მასთან თუ კამათობთ, თუნდაც იმაზე, რომ გამუდმებით კომპიუტერთან არ იჯდეს?
– კომპიუტერმა ყველა საზღვარი გადმოანგრია ჩვენს ცხოვრებაში და უმაგისოდ დღევანდელობა წარმოუდგენელია. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან მასში უამრავი კარგი და საინტერესო პროგრამაა. თუმცა, ბავშვს მიმართულება უნდა მისცეს მშობელმა, თუ რას უყუროს კომპიუტერში. მშობელმა უნდა აუხსნას, რომ ჯობია საინტერესო საიტებზე შევიდეს. ამიტომ მარტო კომპიუტერსა და ბავშვს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ბევრ მშობელს ეზარება ყურადღების მიქცევა, მათთვის მთავარია, ბავშვი სახლში იყოს, მერე რა მოხდა თუ კომპიუტერთან ზის. იმას კი არ უკვირდებიან, იმ კომპიუტერში ბავშვი რას უყურებს. ეს უარესია, რადგან თუ იქ ბავშვმა ცუდი რამ ნახა, გარეთ რომ გავა, ამას გაიმეორებს. მშობლის დანიშნულება ისაა, რომ მიმართულება მისცეს შვილს, სწორად უნდა აღზარდოს. სკოლამაც იგივე როლი უნდა შეასრულოს. ახლა სკოლებში მანდატურები რომ ჰყავთ, ალბათ კარგია, რადგან წესრიგს ამყარებენ, მაგრამ თავისი არსით ისინი პოლიციელები არიან. ამდენი თაობა გავიზარდეთ და სკოლაში პოლიციის ყოფნის საჭიროება არასდროს ყოფილა. პოლიციელის აღზრდილი ბავშვიც პოლიციელი გამოვა, ახალგაზრდები მთლად სტერილურად არ უნდა აღიზარდონ. ჩემი გადმოსახედიდან, უმჯობესი იქნებოდა სკოლაში შეეყვანათ სასულიერო პირი, ვიდრე პოლიციელი, რომელსაც ძველქართული სახელი – მანდატური უწოდეს. მოძღვარი სკოლაში აუცილებელია, რომ მან ბავშვებს სიკეთე დაანახოს. პატარებს მისი არ შეეშინდებათ, მანდატურის კი ეშინიათ. შიშით აღზრდილი ბავშვი საშინელებაა. ის გულში ჩაიდებს ყველაფერს. ჩვენ დროსაც იყო ასეთი იდეოლოგია, რომ ბავშვებს რატომღაც პოლიციელობა უნდოდათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ამაში ძალას ხედავენ და უნდათ, სხვები მათ დაემორჩილონ. ბავშვის აღზრდა რთული საკითხია და ყველა ვალდებულია, რომ სწორად გააკეთოს ეს, მანდატური იქნება, მასწავლებელი, მშობელი თუ სულიერი მოძღვარი.
– კომპიუტერმა წიგნი ნაწილობრივ ჩაანაცვლა. შვილიშვილს ურჩევთ ხოლმე, რომ წიგნი იკითხოს?
– რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეუბნები, რომ წიგნი წაიკითხოს. ეს პრობლემა ალბათ ყველა ოჯახში დგას და გასაკვირიც არაა, რადგან უფრო ადვილია, სურათებს უყურო და იქედან აღიქვა ნაწარმოები, ვიდრე დაჯდე და წიგნი იკითხო. ჩემი შვილიშვილი ასე თუ ისე კითხულობს. ცოტა კიდევ რომ წამოიზრდება, უფრო მეტად მიხვდება, რას ნიშნავს წიგნის კითხვა, რამხელა სიამოვნებაა, როდესაც კითხვაში დაგათენდება და არ გინდა წიგნის სამყაროს მოსწყდე. ეს ბედნიერება წინ აქვს. ამდენი ათასწლეულია წიგნი მთელ სამყაროს მოსდევს და შეიძლება, ის კომპიუტერმა მთლიანად ჩაანაცვლოს. თუმცა, მე, როგორც ძველი თაობის წარმომადგენელი, მაინც წიგნის კითხვას ვარჩევ. წიგნი თითქოს შენია, ახლოსაა შენთან, შეგიძლია ყველგან იკითხო და სადაც წახვალ ჯიბით ატარო. მაგრამ, როგორც ჩანს, ტექნიკურ რევოლუციაში დაბადებულ თაობას სულ სხვა წარმოდგენა აქვს. თავიდან, ნათურა რომ გამოიგონეს, ხალხი ამის წინააღმდეგიც იყო, ისევ სანთელი უნდოდათ. ტელეფონი რომ შემოვიდა, არც ეს მიუღიათ ადვილად. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტექნიკური პროგრესი მუდმივად თან სდევს დედამიწას, რომელიც მას დაღუპვისკენ და არა აღზევებისკენ მიაქანებს. ჩვენ თვითონ ვართ საკუთარი თავის მტრები.
– ქართული სუფრაც ჩვენი ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
– სუფრის, ქეიფის ტრადიცია ყოველთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუდამ დამპყრობლები ებრძოდნენ, ქართველი კაცი სუფრას მაინც არ ივიწყებდა. იცოდა, საფრთხე ელოდა, შეიძლება მომკვდარიყო კიდეც ამ ბრძოლაში, მაგრამ ქეიფს მაინც განაგრძობდა. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ჩვენში ეს ტრადიცია ისევ არის შემორჩენილი. სუფრა ძალიან საინტერესო რამაა, რომელსაც თავისი თამადა და მეინახეები ჰყავს. სუფრა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ერთად არიან ახლობელი ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ერთად ყოფნის სიტკბოებას ეზიარონ. თორემ უცხოები არ სხდებიან საქეიფოთ. ამდენად, ეს ტრადიცია მეტად მნიშვნელოვანია, რათა ურთიერთობები არ დაიკარგოს.
– თამადის ინსტიტუტზე რას გვეტყვით?
– ქართველებს სუფრა საინტერესო გვაქვს იმითაც, რომ გვყავს თამადა, ანუ წამყვანი. უფალმაც ხომ ასე თქვა, რომ ცხვრის ფარას წინ აუცილებლად უნდა მიუძღოდეს ერკემალი თხა. თუ იგი კარგად ივლის, ფარაც კარგად წავა და თუ ის გადაიჩეხა, მასთან ერთად ყველა ცხვარი იჩეხება. ასეა სუფრაზეც, რადგანაც თამადა იმ წინამძღოლის როლს ასრულებს, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს. სადღეგრძელო უნდა თქვას, იმღეროს, იხუმროს. თუ სიმღერა თავად არ შეუძლია, გვერდით მომღერალი უნდა დაისვას და ა.შ. თამადა უნდა იყოს გამოცდილი, ნაკითხი, ჩახედული უნდა იყოს პოეზიაში, საერთო განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული. მისი თვალთახედვა სუფრის წევრებსაც უნდა გამოადგეთ. ადვილი არაა თამადის არჩევა, ყველა მეორე ვერ ითამადებს. ამიტომაც არის, რომ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი სუფრაა, ადამიანები ცდილობენ, თამადა კარგად შეარჩიონ. მე სადღეგრძელოს ვადარებ კარგ ლოცვას. იგი ლოცვის ერთ–ერთი ფორმაა, რადგან, როდესაც ვინმეს ადღეგრძელებ, მას ლოცავ, აქებ და ამით სტიმულს აძლევ. შეიძლება ძალიან აქო და ადიდო ვიღაც, მაგრამ სინამდვილეში ასეთი კარგი ადამიანი სულაც არ იყოს. თუმცა, ამ ქებით, მას შეიძლება უბიძგო იმისკენ, რომ მართლაც ასეთი გახდეს. ადრე ქეიფი ხშირად მიწევდა. "ივერიას" დღეში სამი–ოთხი კონცერტი ჰქონდა და, შესაბამისად, სამი ბანკეტი გვქონდა, დილით, შუადღეზე და საღამოს. ყველა საჭიროდ თვლიდა, რომ სუფრა გაემართა, რადგან ჩვენი მარტო კონცერტი კი არ იყო საინტერესო, არამედ ქეიფიც.
– გვითხარით სადღეგრძელო, რომელსაც განსაკუთრებულად სვამთ.
– ასე ვერ გამოვარჩევ. ძველ დროს ასე იყო, რომ აუცილებლად სვამდნენ უფლის სადღეგრძელოს, მერე მეფის, თავისი ქვეყნის, გარდაცვლილების და ა.შ. მეფის სადღეგრძელო აუცილებელი იყო, იმიტომ, რომ ის იყო ქვეყნის წინამძღოლი. შეიძლება მეფე არ ჰყვარებოდათ, მაგრამ მისი სადღეგრძელო მაინც უნდა დაელიათ. ასე რომ, სუფრა მნიშვნელოვანი რამაა ჩვენს ცხოვრებაში და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ ქეიფი ცუდია, არ შეიძლება. ამას ამბობს ის, ვინც არ იცის ქეიფისა და სუფრის დანიშნულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი შეურაცხყო, ვინც ეს იცის. ქეიფში გაცილებით დიდი რამეა ჩადებული, ვიდრე მუცლის გავსება და უზომო ჭამა–სმა. მერე რა, თუ ვიღაც სადღეგრძელოს ყანწით სვამს? ამის გამო მასზე არ უნდა თქვა, რომ მხოლოდ დალევა აინტერესებსო. შეუძლია და იმიტომ სვამს ყანწით, შენ თუ არ შეგიძლია, უბრალოდ არ დალიო და ვინც დალია, იმას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ერთი ასეთი ამბავი გამახსენდა, რომელიც კოლუმბიაში შეგვემთხვა. 1974 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ვიყავით ამ ქვეყანაში. ერთხელ რესტორანში ვქეიფობდით. გვერდით მაგიდასთან ერთი ქალი და კაცი ისხდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, სადღეგრძელოებს ვსვამდით, თან ბევრს ვლაპარაკობდით, გვენატრებოდა ჩვენი ქვეყანა, ოჯახები და ასე სადღეგრძელოებში გამოვხატავდით ამას. ამ კაცს გაუკვირდა და გვკითხა, ვინ ხართ ასეთები, რომ ამდენს ლაპარაკობთ სუფრასთანო. ჯემალ ბაღაშვილმა აუხსნა, რომ ჩვენ ასეთი ტრადიცია გვქონდა. იმ კაცმა გვითხრა, თქვენ ამიხსენით ასე რატომ სვამთ და მე სუფრას გაგიშლითო. ასე გაიშალა სუფრა, დავიწყეთ ქეიფი და გარდაცვლილების სადღეგრძელოს რომ მივადექით, ეს კოლუმბიელი გაოცდა. ჩვენ ავუხსენით, რომ ყოველდღე ან კვირაში ერთხელაც რომ გვექეიფა, გარდაცვლილებს მაინც ვახსენებდით. ეს ძალიან გაუკვირდა და ტირილი დაიწყო. გვითხრა, ჩემი ძმა ოთხი წელია გარდაცვლილია და იმის საფლავზეც კი არ ვყოფილვარო. მშობლების სადღეგრძელოს მნიშვნელობაც რომ ავუხსენით, ესეც გაუკვირდა. თქვა, დედაჩემისთვის ორი წელია, არც კი დამირეკავსო. ეს კაცი კოლუმბიის პოლიციის შეფი, ანუ მინისტრი აღმოჩნდა. დედაქალაქიდან მეორე ქალაქში იყო ჩამოსული, ვიღაც ქალთან ერთად, დროის გასატარებლად. იმდენად გადაირია ჩვენი სუფრითა და ტრადიციებით, რომ პირობა მოგვცა, რომ დედასაც ინახულებდა და ძმის საფლავზეც მივიდოდა.

თეონა კენჭიაშვილი