თემურ წიკლაური
суббота, 15 февраля 2014 г.
თემურ წიკლაურს შვილიშვილი ქეიფებშიც დაჰყავს
- ანდრია, სკოლაში სიარულის გარდა, რით ხარ დაკავებული? გვიამბე შენს ინტერესებზე...
- გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ და ხანდახან ფორტეპიანოზე ვუკრავ. ფორტეპიანოზე არ მიცდია რამის შექმნა, მაგრამ გიტარაზე ხანდახან ვცდილობ, აკორდები ერთმანეთს დავუკავშირო. ძირითადად, უცხო ენების შესწავლით ვარ დაინტერესებული. თამამად შემიძლია თქმა, რომ რუსული კარგად ვიცი, ასევე ინგლისური. ახლა ჩინურსაც ვსწავლობ. ჩინურის სწავლა ბავშვობიდანვე მინდოდა, შემდეგ ბაბუამ გადაწყვიტა, რომ ამ ენას საფუძვლიანად დავუფლებოდი და დაახლოებით ხუთი წელია ვემზადები. საკმაოდ რთული ენაა, მაგრამ საქართველოში ნელ-ნელა მატულობს ჩინურის მცოდნეთა რაოდენობა. პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, ამ ეტაპზე თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდა, მაგრამ შეიძლება გადავიფიქრო.
- მუსიკით დაინტერესება, ალბათ, ოჯახის გავლენაცაა, თუმცა ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ უყვართ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ გაკვეთილის გასაცდენად...
- ბავშვობაში მეც ასე ვიყავი. „მართვეში“ დავდიოდი, ძალიან არ მიყვარდა იქ მისვლა, სულ ვცდილობდი გაცდენას, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი, რა დავკარგე. როცა გავიგე, რა არის მუსიკა, დიდი სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი რამ მცოდნოდა ამ სფეროში. ახლა დიდი სიამოვნებითა და გულმოდგინებით ვსწავლობ ყველაფერს.
- ბებია-ბაბუა მღერის, დედაც, მამა - დავით გოგიბედაშვილი, ლექსებს წერს, თქვენც ხომ არ წერთ?
- არა. ბავშვობაში რაღაც უმნიშვნელო ლექსები კი დამიწერია, მაგრამ ახლა არ ვწერ.
- ბაბუა-შვილიშვილის დამოკიდებულებაზე მინდა გკითხო, სად დადიხართ და რა დროს ატარებთ ერთად?
- ბავშვობაში ყველგან ერთად დავდიოდით: ცირკში, ზოოპარკში, ვაკის პარკ-ში. დიდად არც ახლა შეცვლილა სიტუაცია. სულ ერთად ვართ. მათ შორის: რესტორნებში, კაფეებში, ხანდახან ბაბუას ქეიფებშიც დავყავარ (იღიმის).
- ანდრია, რა მოგწონს ბაბუას თაობის წარმომადგენლებში ყველაზე მეტად?
- მათმა თაობამ ძალიან ძნელი პერიოდი გამოიარა. ვფიქრობ, ახალი თაობა კრეატიულია, მაგრამ მაშინდელი უფრო მეტად იყო. თან კრეატიულობა მაშინ იბადებოდა, ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს დგამდა. ახალ თაობაში კი ეს თვისება თითქმის ყველაში „ზის“ და ეს უმთავრესად წინა თაობის დამსახურებაა, მათ მოიტანეს ეს ყველაფერი აქამდე.
- ბატონო თემურ, თქვენ როგორ დაახასიათებთ ახალ თაობას?
- ვფიქრობ, ჩვენ დროს უფრო მძლავრი და ღრმა ცოდნის მომცველი სკოლის პროგრამა გვქონდა. იმავეს ვერ ვიტყვი ახალ პროგრამებზე. თუ ახალმა თაობამ თვითგანვითარებას არ მიჰყო ხელი და მხოლოდ ჭორიკანა გახდა, როგორც კომპიუტერი და ჩვენი ტელევიზიაა, მაშინ ვერაფერს მიაღწევს. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, რომ იქიდან ჭორაობისა და ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი ისმის. დილით გადაცემა იწყება იმით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და არა დადებითი ინფორმაციით, ვთქვათ, რა გაიხსნა ან ვინ რა წარმატებას მიაღწია. შეიძლება, ასე არ გიყვარდეს შენი ქვეყანა?! ხომ შეიძლება, რამე პოზიტიური ეძებო ადამიანში და არა პირიქით?! ახალი თაობა ამ მაგალითზე იზრდება, ამიტომ მინდა, ისინი რაღაცით დაინტერესდნენ და სხვა კუთხით განვითარდეს მათი მსოფლმხედველობა. - ანდრია, როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვს? - ბევრ ჟანრს ვუსმენ, მათ შორისაა კლასიკა. ძირითადად, წინა თაობის მუსიკას ვუსმენ, როგორიცაა „როლინგ სტოუნზი“, „პინქ ფლოიდი“. ახალი თაობა უფრო მეტად პოპისკენ იხრება, რაც მე არ მომწონს. კარგი იქნება, რომ იცოდნენ, რას ქმნიდნენ და რას ასრულებდნენ წინა თაობის მუსიკოსები. ფოლკლორსაც ვუსმენ, იშვიათად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხური სიმღერა სასიამოვნო მოსასმენია.
თემური:
- ანდრია ხუთი წელი ხალხურ მუსიკას სწავლობდა, ჩონგურსა და ფანდურზეც უკრავს. ასე რომ, ეს მისთვის უცხო არ არის. საძირკველი რომ თავისი უნდა ჰქონდეს და სხვაგვარად სხვას ვერ ააშენებს, ეს ყველა ადამიანს შეგნებული უნდა ჰქონდეს და მგონია, რომ ანდრიამ ეს იცის.
- 22 იანვარს ბაბუას ვარსკვლავი გაიხსნა. წლებია, სცენაზე დგას, მაგრამ როგორია ბაბუა ასეთი მნიშვნელოვანი კონცერტების წინ?
- რა თქმა უნდა, ნერვიულობს, მაგრამ ამას ალბათ მხოლოდ ჩვენ და ახლობლები ვხედავთ. ის ცდილობს, მაყურებელმა ღელვა არ შეატყოს და პოზიტიურადაა განწყობილი.
- ბატონო თემურ, ყოველთვის დიდი ემოციით მღერით და გვახსოვს ცრემლებიც. შემდეგ გჭირდებათ სიმშვიდე, განტვირთვა თუ როგორ ახერხებთ ძალების აღდგენას?
- ენერგიისგან იფიტები, მაგრამ თუ არ გაეცი, ვერც აღიდგენ. აქ წყლისა და ჭიქის პრინციპია. გავსებულ ჭიქაში წყალს ვერ ჩაასხამ, ამის საშუალება მხოლოდ დაცლილ ჭურჭელში გაქვს. ადამიანი ჭიქას ჰგავს. ამ შემთხვევაში სიმღერით მაყურებლის ემოციური დატვირთვა ხდება, მაგრამ მე რასაც გავცემ, ხალხისგან წამოსული სითბოთი ისევ უკან მიბრუნდება. საერთოდ, ღმერთი და სამება გავსებს იმ ენერგიით, რომელიც შენთვის სამყარომ გაიმეტა. 22 იანვრის კონცერტში 25 სიმღერა ერთი აზრის გარშემო იყო აკინძული. ის უნდა ყოფილიყო სულით ქართული. მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მომღერლები: გიორგი ბოლაშვილი, ქეთი წიკლაური, ტატო გოდერძიშვილი, და-ძმა ბედიები. მათ ერთგვარი სიმსუბუქე შემოიტანეს სცენაზე, თორემ მძიმე მეც ვეყოფოდი. მსუბუქმა და მძიმემ დააბალანსა კონცერტი. ადრეც ვიცოდი და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წარმოდგენილი რეპერტუარი ხალხს უყვარს და სურს ამის მოსმენა, უბრალოდ, კეთილი უნდა ინებო და ხშირად მოასმენინო. ხშირ შემთხვევაში ტელევიზიებს ასეთი სურვილი არ უჩნდებათ. დღეს ხალხურ შემოქმედებაზე არც ერთი გადაცემა არ არსებობს, ახლა, როგორც იქნა, გია ბაღაშვილს დართეს ნება, ამ თემაზე გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოემზადებინა. დედამიწაზე გამორჩეული ვართ ხალხური შემოქმედებით და როცა ამას დრო არ დაეთმობა, როგორ შეიძლება, სხვა რამეზე ილაპარაკო... არ მგონია, რომ ასეთი მიმართულება ხელსაყრელი იყოს ქვეყნის მომავალი თაობის ჩამოყალიბებისთვის. ქვეყანას მოვლა სჭირდება და ვფიქრობ, ამას ის ადამიანი ვერ შეძლებს, რომელმაც არ იცის, რა განძი აქვს და რას უნდა უპატრონოს.
- მოდით, ახლა ობიექტურად დაახასიათეთ თქვენი შვილიშვილი...
- იგი გახლავთ ჭკვიანი და უაღრესად ადვილად ითვისებს ყველაფერს. კარგი მეხსიერება აქვს. შრომისმოყვარეა. მაგალითად, ახლა გიტარაზე დაკვრას სწავლობს და ბევრს მეცადინეობს. კარგი ზნის ბალღია, რაც მთავარია, წესიერია და მეგობრების დიდი მოყვარული. ჩუმი კაცია, არ არის ფხუკიანი (იღიმის).
- გიტარის პედაგოგი ვინ არის, ვინ შეარჩიეთ?
ანდრია:
- პედაგოგი ერთად შევარჩიეთ და ეს გახლავთ ხვიჩა მაღლაკელიძე.
- ბაბუასთან ერთად სცენაზე გამოსვლაზე გიფიქრია?
- არ მიფიქრია, სასიამოვნო იქნება, თუ ერთად გამოვალთ, მაგრამ ეს დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება და მე ამისთვის მზად არ ვარ.
- ბაბუას რამე მეტსახელით ხომ არ მიმართავთ?
- შინ „დედს“ ვეძახი (იღიმის).
- მისი რეპერტუარიდან გამორჩეულად რომელი სიმღერა მოგწონს?
- ყველაზე მეტად მომწონს „იარონ“. ასევე ფიროსმანისთვის მიძღვნილი სიმღერებიც კარგი მოსასმენია, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც ისაა, რაც დავასახელე.
- ბატონო თემურ, თქვენს ვარსკვლავთან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ვსხედვართ და ვსაუბრობთ. როგორი განცდაა ეს?
- იქვეა ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, ნანი ბრეგვაძისა და სხვათა ვარსკვლავები. ქალბატონ ნინოსთან ვმეგობრობდი. ერთმანეთისადმი დიდი ურთიერთპატივისცემა გვქონდა. საერთოდ, ამგვარი მსოფლიო კორიფეებისა და ქართველი ხელოვნების შემნახველების გვერდით აღმოჩენა, ვარსკვლავის გახსნა, რომელსაც მე „დიდების ვარსკვლავს“ ვარქმევ, რასაკვირველია, ჩემთვის დიდი პატივია. - პატარაობაში თუ ფიქრობდით, რომ დიდ სცენაზე იმღერებდით და საერთოდ, ამ გზას გაჰყვებოდით?
- რასაკვირველია, არა. ჯერ არქიტექტორობა მინდოდა, მერე უცხო ენებში სწავლის დროს მირჩევდნენ, დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ცუდი მოსწავლე და პიროვნება არასოდეს ვყოფილვარ. არც ავარდნილი. ეტყობა, ვიმსახურებდი ყურადღებას. ჩემი დეკანი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნელი კრავეიშვილი მეუბნებოდა, ისწავლე და ცხოვრებას გაუძელიო. ეს იმიტომ, რომ დალხენილი არასოდეს ვყოფილვარ. ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. ეს ძალიან რთული იყო. როცა საჭმლის ფული არ გაქვს, ადვილია, ცუდ გზას დაადგე. მე ეს არ გავაკეთე, მუშად ვმუშაობდი და დღეს იმ დროს სიამოვნებით ვიხსენებ. შემდეგ სიმღერამ მომიტანა გარკვეული შემოსავალი, ამ გზას გავყევი და აქამდე მოვედი. ადამიანს ცხოვრებაში რთული გზის გავლა გიწევს, ეს აუცილებელია, სხვაგვარად შეუძლებელია, რამეს მიაღწიო.
- ანდრია, ვის მიმართავ ოჯახში რჩევისთვის ან დახმარებისთვის, როცა რაიმე პრობლემის წინაშე დგები?
- პირველ რიგში, დედას, მამას და ბაბუას. საკითხსაც გააჩნია. ყველა ძალიან მიყვარს და ახლო ვარ, ბაბუასთან არ ვარ „ჩაკეტილი“, მაგრამ მამასთან უფრო გახსნილი ვარ. თემური:
- რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მადლობა ღმერთს, რომ ანდრიამ მოძებნა ურთიერთობის ასეთი ფორმა. მასზე ბევრად უფროსი ვარ და ყველაფერს ვერ მომიყვება. მას ჩემთან უფრო მორიდებული და სიყვარულით აღსავსე დამოკიდებულება აქვს. ასევეა ბებიამისის, ლილის მიმართაც და კარგია, რომ ანდრია ამას ხედავს და გრძნობს. ჩვენ ყველანი მის გარშემო ვბრუნავთ, როგორც დედამიწა მზის გარშემო (იღიმის).
ანა კალანდაძე - ჟურნალი „რეიტინგი“
четверг, 16 января 2014 г.
ვარსკვლავში გამოხატული 45 წლიანი გზა
22 იანვარს ფილარმონიაში თემურ წიკლაურის საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი ჩატარდება. მალე უკვე ვარსკვლავოსანი მომღერალი წინასაკონცერტო სამზადისისა და განვლილი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.
- ჩემი საიუბილეო კონცერტი ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ. 45 წელი შესრულდა რაც სცენაზე ვდგავარ, ჩემს ხალხსა და ქვეყანას ვემსახურები და ამ დროის განმავლობაში სათქმელიც ბევრი დამიგროვდა. მართალია ყველაფერს ვერ "ვიტყვი" რადგან 200 სიმღერაზე მეტი ვიმღერე და ოთხ სპექტაკლზე მეტში ვითამაშე მაგრამ დაახლოებით 23 სიმღერას შევასრულებ. კონცერტის რეჟისორი როგორც ყოველთვის, ჯემალ ბაღაშვილი გახლავთ. ყოველთვის ალექსანდრე ბასილაიას და მას ეკუთვნოდა სპექტაკლებისა და ბევრი სხვა იდეა, სიმღერა, მუსიკა. თუშარაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო და რატომ მოვნახო პანტა, როცა თურაშაული გვერდში მყავს, ჯემალ ბაღაშვილის სახით. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მემღერა. ხალხმა ასე თუ ისე იცის, რა გზით ვიარე ამდენი წლის განმავლობაში, ამიტომ, თავიდან სამტკიცებელი არაფერი მაქვს და ისეთი სიმღერები შევარჩიეთ, რომლებიც ყველაზე მეტად "ჩემია". ახალი სიმღერაც ბევრი მაქვს და რამდენიმეს ამ კონცერტის დროსაც შევასრულებ. მინდა, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც გამოვიყვანოთ: გიორგი ბოლაშვილი, და-ძმა ბედიები, ტატო გოდერძიშვილი. დაბადების დღეს ქალიშვილი ქეთევანიც მომილოცავს. ჩემი ყურადღება ხმიანი მომღერლებისკენ მივმართე, რომ გვერდი დამიმშვენონ. ახალი ხმის, ახალი ფილოსოფიის გაგონება სასიამოვნო იქნება. "ივერია" ამ ხერხს ადრეც ხშირად მიმართავდა, იგივე, "არგონავტებში". კონცერტს ჩემი "ივერიელი" ნუგზარ კვაშალი წაიყვანს. "ივერია" მუდამ ერთად იქნება!
ვარსკვლავის გახსნა
- ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე (იცინის).
დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა, ასე ადრე "ქვა დამედო". ბატონი დავითი შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია. მერე ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარც მე ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე (იცინის). რამეთუ, ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს.
ნარეკლიანი ცხოვრების გზა
- საინტერესო ფაქტია, რომ ჟურნალ "გზაში" ჩემი ცხოვრების გზა იქნება მოტანილი. ჩემი გზა მხოლოდ დალხენილი არ იყო. ის იყო ვარდი, რომელსაც ეკლებიც აქვს. მართალია, "ივერია" ვარდი იყო და ასევე დარჩა, მაგრამ ეკლებიც ჰქონდა. ხუთი წევრი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ: ალექსანდრე ბასილაია, გოგი ლეონიძე, ამირან ბოჭორიშვილი, ავთანდილ შარაშენიძე, თენგიზ ჩხეიძე. პირადად მე, გადამხდა ის, რისი ვაჟკაცურად გაძლებაც ძნელი იყო, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევამ, მისმა მხარში ამოდგომამ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან და ფეხზე დამაყენა. რა თქმა უნდა, მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ. ესეც ჩემი გზაა. დრო რომ გადის, ადამიანს უფრო მეტად დადებითი მოგონებები "აწუხებს", ვიდრე - უარყოფითი, მაგრამ გააჩნია ამ უარყოფითსაც... ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა - "ივერია" არასოდეს დამარცხებულა და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ეს 45 წელი მხოლოდ ჩემი გზა არაა, მე "ივერიასთან" ერთად ვარ.
ლეგენდარული "ივერია"
- 1971 წელს ჩემმა მეგობარმა და ძალიან ახლობელმა ადამიანმა - ჯემალ ბაღაშვილმა, რომელსაც 55 წელია, ვიცნობ, შემომთავაზა, რომ ერთად ვყოფილიყავით. მაშინ "ივერიაც" ახალი შექმნილი იყო. ბავშვობის მეგობარს ვერ ვუღალატე და ამ ანსამბლში გადმოვედი. იმის შემდეგ, ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი, ჩემს მეუღლესთან - ლილი ზღვაურთან ერთად და ასე მოვდივართ ამდენი წელია... ჩვენ ქვეყანასა და ხელოვნებას ვემსახურებით.
"ფიროსმანი" - ყველაზე საპასუხისმგებლო როლი
- "ფიროსმანი" 1995 წელს დაიდგა. მგონია, დედამიწაზე იმიტომ მოვედი, რომ ფიროსმანისთვის, მისი არსისთვის "ხელი შემეხო" და განმესახიერებინა ისე, როგორც შევძელი; სიმღერით იმ სულსა და გარსში ჩავტეულიყავი, რაც ფიროსმანს ჰქონდა. ეს ურთულესი პროცესი იყო და არა მგონია, რომ მე ბოლომდე შევასრულე დაკისრებული მისია, მაგრამ დიდი სიამოვნება და სულიერი ზრდა ნამდვილად განვიცადე. ფიროსმანის განსახიერება ჩემთვის დიდი გამოცდა და პატივი გახლდათ. ეს წარმოდგენა დიდხანს, დაახლოებით ათი წელი იქმნებოდა. იგი უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდოდა, ფიზიკურად მაინც დავმსგავსებოდი მას, ამიტომ 21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ის პერიოდი მხოლოდ ფიროსმანზე ფიქრით, მასზე ლიტერატურის კითხვით, მისი სურათების ნახვით და ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან (როგორც სცენარისა და ლიბრეტოს ავტორთან) საუბრებში გავატარე. სიმღერა - "იყიდება საქართველო" 1987 წელსაა შექმნილი. მაშინ თითქოს ისეთი არაფერი მოელოდა საქართველოს... ეს ფიროსმანის არია იყო. ის ტიროდა თავის ქვეყანას. მას დასცინეს - გაზეთში დაუწერეს, "მალიარი" ხარ და წადი, კედლები შეღებე, მხატვრებს თავი დაგვანებეო, - და ეს ისევ ქართველებმა გაუკეთეს. ამას გაგება უნდა და ამისთვის შეიქმნა "იყიდება საქართველო". გენიალურმა პოეტმა - მორის ფოცხიშვილმა ლექსი დაწერა, ალექსანდრე ბასილაიამ კი - მუსიკა. კონცერტზე ამ სიმღერას აუცილებლად შევასრულებ. ჩემი სულის გამოვლინება ამ სიმღერებით ხდება, ამით გამიცნო ხალხმა, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიმღერო ფიროსმანის არია, "მანანებო", "ყველა ხევსური და ყველა სვანი", "ჰერიო, ბიჭებო" და ა.შ.
პირველი მუსიკალური ნაბიჯები
- სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვმღეროდი. მაშინ სკოლებში ხალხური შემოქმედების გუნდები არსებობდა და ყველა ხალხური სიმღერა იქ მასწავლა ნათელა პატარიძემ (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული). მერე უკვე უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში მომიწია ყოფნამ, სადაც სამი წელი ვისწავლე. მოგეხსენებათ, სტუდენტისთვის ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა იყო საჭირო, მე კი ისეთი ოჯახიდან არ ვიყავი, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი, ყველაფერი თავად უნდა მომეპოვებინა, ამიტომ სწავლა ვერ დავამთავრე. ინსტიტუტშიც ვმღეროდი და სხვათა შორის, კარგი ანსამბლი გვქონდა. შემდეგ ჩამოყალიბდა ოქტეტი - "ციცინათელა", სოსო ებრალიძის ხელმძღვანელობით, სადაც ოთხი გოგონა და ოთხი ვაჟი ვიყავით. ვმღეროდით, ვცეკვავდით, რაღაცებს განვასახიერებდით და ა.შ. შესანიშნავი პროგრამა გვქონდა და გასტროლებით მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ. სხვათა შორის, ხელისუფლება გვაფინანსებდა. ნახევარი დედამიწა გვაქვს ნანახი (იცინის). დაახლოებით 80 ქვეყანა მოვიარეთ. ვცდილობდით, რომელ ქვეყანაშიც ვიყავით, იმ ერის სიმღერებიც გვემღერა, მაგრამ ძირითადი მაინც, ჩვენი სამშობლო და ენა იყო. ამიტომ, ჩვენი თემატიკა, სულითა და არსით, სუფთა ქართული გახლდათ... "ჩხიკვთა ქორწილი" 1000-ზე მეტჯერ ვითამაშეთ. მაყურებელი "გვაიძულებდა", არ გავჩერებულიყავით და პარალელურად, სხვა სპექტაკლებიც დაბადებულიყო. კომუნისტების დროს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და 1986 წელს ვმღეროდით, - ფულიანებსა და ოქროს მქონეებს რქები ეზრდებათ-თქო. წარმოიდგინეთ, ახლა რომ იგივე ვიმღეროთ, რა ამბავი ატყდება (იღიმის).
გიორგი წიკლაური - მომღერლის უდიდესი ტკივილი და ტრაგედია
- ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც უფალმა მომიწყო. არავინ იცოდა, შევძლებდი და გავაკეთებდი ამას თუ ყურებს ჩამოვყრიდი, ბრძოლის უნარსა და უფლისადმი რწმენას დავკარგავდი... მწამს, მჯერა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება იმისთვის, რათა გონმა გაიღვიძოს და ადამიანმა უფრო მეტად იწამოს უფლისა, ვიდრე მიწიერი ცხოვრებისა. ახლა ასე ჩამოვყალიბდი, თორემ ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ვიფიქრე. 1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი, ბიჭო, შენ იციო! ეს მათი სულიერი ერთობის გამომხატველია და ძალას გაძლევს, ასეთ დროს ლომი ხდები. სტიქაროსნობა - მეგობარი მყავდა, მამა გრიგოლი, ლურჯი მონასტრის დეკანოზი, რომელმაც იქ მიმიყვანა და აგერ უკვე 8 წელია, სტიქაროსანი ვარ. ასე თუ ისე, ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. სტიქარის ჩაცმა ადვილია, მაგრამ შემდგომი ქმედებაა მთავარი: ეს ფორმა ანგელოზისაა და მე რამდენად ანგელოზი ვარ, ვერ გეტყვით (იცინის). თუმცა, ვცდილობ, ის სიმღერები, ლექსები და სიტყვები, რაც ჩემს რეპერტუარშია, შეეფერებოდეს და მისადაგებული იყოს ჩვენს მართლმადიდებლობასთან და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს მიმართული. ამას ნამდვილად ვცდილობ და როგორ გამომდის, უფალმა განსაჯოს.
კონცერტი საბერძნეთში
- ბატონო თემურ, რედაქციაში საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისგან მოვიდა წერილი, სადაც ისინი დიდ მადლიერებას და აღფრთოვანებას გამოხატავენ თქვენ მიერ იქ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის გამო და ვარსკვლავის გახსნას წინასწარ გილოცავენ.
- რას ამბობთ?! დიდი მადლობა მათ ასეთი შეფასებისათვის! ბოლო წლებში იქ რამდენიმე კონცერტი გავმართე, მაგრამ მანამდე კომერციული პროექტები იყო და ბოლოს, გამოვთქვი სურვილი, რომ მათ დავხმარებოდი, მხოლოდ გზისა და სასტუმროს ხარჯების დაფარვა ვთხოვე, დანარჩენი კი, რაც თანხა შემოვიდოდა, ქართველ ემიგრანტებს უნდა გაენაწილებინათ; ისინი ხომ ლუკმაპურის საშოვნელად არიან იქ წასულები, თანაც - რთულ მდგომარეობაში იყვნენ. მითხრეს, - მოდი, ეს თანხა იაშვილის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავურიცხოთო. წარმოგიდგენიათ, ქართველები რა მაგრები ვართ?! თვითონ იქ პურის ფულს ეძებენ და ასე ერთიანად მოსული თანხა ჯიბეში ვერ ჩაიდეს. მათი გულები და გონი სიკეთითაა აღსავსე. შესანიშნავი ქალბატონები - მაიკო და ლიგია ატარებენ ხოლმე მსგავს კონცერტებს და დიდი მადლობა მათ ასეთი სიყვარულისა და ქრისტიანობით აღსავსე გაგებისთვის. დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება, მხოლოდ მოსაწვევებით შეგიძლიათ მობრძანდეთ. თბილისის მერია მეხმარება და დიდი მადლობა მას ამისთვის; მადლობა ქალაქის მერს, კულტურის სამსახურსა და ნეკა სებისკვერაძეს, რომ 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. მსურს მოვიწვიო ჩვენი ჯარისკაცები, აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი ადამიანები, მომავალი პოლიციელები პოლიციის აკადემიიდან, რადგან ისინი სწორედ იმ იდეოლოგიას ემსახურებიან, რასაც მე ხალხს ჩემი სიმღერებით ვთავაზობ, რომ სამშობლო არ გაიყიდოს, რომ ჭეშმარიტება ბატონობდეს დედამიწაზე, რომ ჩვენ ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი გვაქვს, რომელსაც შენახვა და მოვლა სჭირდება. ჰოდა, სხვას ვის მივმართო, თუ არა მათ? დანარჩენები, თუ მოვლენ, მოვიდნენ, თუ არა და, მე მაინც ვიმღერებ (იცინის).
თამთა დადეშელი ჟურნალი ”გზა”
вторник, 8 ноября 2011 г.
თემურ წიკლაური: "ლილის სულიერმა სიმტკიცემ ცხოვრებისკენ შემომაბრუნა"
– ბატონო თემურ, სანამ ჩვენს მთავარ თემას შევეხებოდეთ, იმ უახლოესი მოვლენის შესახებ გვიამბეთ, რომლისთვისაც ემზადებით.
– 4 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ყველას გეპატიჟებით ჩემს 65 წლის საიუბილეო კონცერტზე, რომელიც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება. მსმენელის წინაშე ახალი და ძველი სიმღერებით წარვდგები. ჩემი მეუღლის და შვილის გარდა, ამ კონცერტში არავინ მონაწილეობს, რადგან ჩემი საიუბილეო საღამოა. რაც აქამდე გამიკეთებია, იმის შემაჯამებელი კონცერტი იქნება. "ივერიელები", როგორც ერთად ვიყავით, ისევ ერთად ვართ: საღამოს რეჟისორია ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. ბასა და თამარ ფოცხიშვილები შექმნიან სცენაზე იმ სილამაზეს, რასაც მაყურებელი იხილავს – მათ არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ. კონცერტზე 25 სიმღერას შევასრულებ. იმდენია სამღერი და სათქმელი, რომ 25 სიმღერა ცოტაა, მაგრამ ხალხი გამექცევა, მეტს ვერ გაუძლებს. სათქმელი დამიგროვდა და იმიტომაც გამოვდივარ სცენაზე. თუ სათქმელი არ გაქვს, სახლში უნდა იჯდე. რომ არა ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო, ეს კონცერტი არ შედგებოდა. მოგეხსენებათ, ხელოვანთა ხვედრი საქართველოში არასახარბიელოა. ჩვენ თავის დროზე რომ კონცერტებს ვატარებდით, იმდენად საინტერესო იყო ეს ხალხისთვის, რომ წელიწადში დაახლოებით 350–ჯერ ვიდექით სცენაზე. დღეს ერთი კონცერტის ჩატარება რომ სირთულეს წარმოადგენს, ეს ალბათ არც მსახიობთა არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს და არც მომღერალთა, ხალხის შეჭირვებაზე მეტყველებს. რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, "რუსთავი 2" და რადიო "არ დაიდარდო" იღებენ თავიანთ თავზე, რომ გვერდში დამიდგნენ და ამ კონცერტის შესახებ ხალხს შეატყობინონ. ალბათ სხვებიც გამოჩნდებიან. მე არავისთან მივდივარ და არ ვთხოვ. ალბათ თვითონ მოვლენ და მიპოვიან.
– თქვენი მეუღლე, ქალბატონი ლილი, ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებს. მაყურებლისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება სცენაზე მისი ისევ გამოჩენა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების მთავარ ქალბატონზე. როგორც გაიცანით ის?
– ჩემი მეუღლე, ლილი ზღვაური მსახიობია. მუსკომედიის განხრით თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ანსამბლ "ციცინათელაში" გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო 1966–67 წლებში. მაშინ ორივე სტუდენტები ვიყავით. თითქმის 45 წელია, ერთად, სიმღერ–სიმღერით მოვდივართ. არ მკითხოთ ახლა, ერთმანეთი გიყვართ თუ არაო. რადგან 45 წელი ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, უბრალოდ სხვა ურთიერთობა ყალიბდება – შეჩვევა, ერთმანეთზე ზრუნვა და მოვლა, მეტი ყურადღება და ურთიერთპატივისცემა. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, გასტროლებზეც ხშირად ერთად დავდიოდით. მეც კარგად ვმღეროდი და ლილიც. ჩვენი დუეტიც შემორჩა.
– რითი მოგხიბლათ ქალბატონმა ლილიმ მაშინ, როცა თქვენი ურთიერთობა იწყებოდა?
– გარეგნობით. გარდა ამისა, ერთმანეთს დაემთხვა ხასიათი, მისწრაფებები, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, რელიგიური შეხედულებები, სიმღერის სიყვარული და, რაც მთავარია, ერთმანეთისაკენ სწრაფვა. მერე ამას სიყვარული დავარქვით და დავქორწინდით.
– საყვარელი ქალისთვის "საგმირო საქმეთა" ჩადენა ხომ არ მოგიწიათ?
– ცოლის მოყვანა გმირობა არ არის?! მეტი რა გმირობა ჩამედინა?! ოჯახის შექმნას რომ აპირებ, ეს დიდ გმირობას მოითხოვს, განსაკუთრებით მამაკაცისთვის, რადგან პასუხისმგებლობას იღებ ოჯახის წინაშე. სხვა ისეთი არაფერი ჩამიდენია: არც დევი მომიკლავს და არც ციხესიმაგრეები დამინგრევია.
– როგორ სთხოვეთ ქალბატონ ლილის ხელი და გული?
– ჩვეულებრივად და, რომ დამთანხმდა, გულშეწუხებული დავეცი მიწაზე.
– თქვენს ქორწილს როგორ გაიხსენებდით?
– ქორწილი ზაპოროჟიეში გადავიხადეთ. იმ პერიოდში დიდი ქორწილის გადახდის საშუალება არ გვქონდა. მოხეტიალე, უფულო მსახიობები ვიყავით. უკრაინაში ვიყავით გასტროლებზე და გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოგვეწერა, რადგან მაშინ სასტუმროში სხვანაირად ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მივედი ქალაქის თავთან და ჩემი გასაჭირი ვუამბე. კარგი კაცი აღმოჩნდა. მკითხა, მართლა გინდა ცოლის მოყვანაო. კი, და ხელის მოწერა მინდა–მეთქი. არ გამოვა ასეო და თავის ბინაში ჩამწერა მუდმივად. ახლა მოიყვანეო, მითხრა. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოესწრო. ხელი მოვაწერეთ. მერე კონცერტი გვქონდა. კონცერტის შემდეგ ცოტა ვიქეიფეთ და ეს ფაქტი აღვნიშნეთ. მაშინ მე 22 წლის ვიყავი, ლილი – 21 წლის. ქალაქის თავის ბინიდან იმ დღესვე ვეღარ ამოვეწერე და საქართველოში დავბრუნდით. მერე, როცა ისევ მოვხვდი უკრაინაში, მისი ბინიდან ამოვეწერე, რომ რამე სხვა აზრი არ გასჩენოდა. ეს ადამიანი უბრალოდ მენდო, ძალიან კარგი პიროვნება გახლდათ.
– მამა ახალგაზრდა ასაკში გახდით. შვილების გაზრდაში აქტიურად მონაწილეობდით?
– სწორედ იმიტომ, რომ ხშირად ერთად მივდიოდით გასტროლებზე, ჩემი პირველი შვილი, ქეთევანი, უფრო ბებია–ბაბუასთან იზრდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ მშობელმა მაინც კეთილი უნდა ინებოს და თავად გაზარდოს შვილი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ცუდად არის გაზრდილი. უბრალოდ გული მეთანაღრება, რომ ის წლები გამოვტოვე, რაც ბავშვის აღზრდისთვის უნდა დამეთმო. ვერ ვისიამოვნე იმ წლებით და ვერ მოვეფერე ისე, როგორც მინდოდა, თორემ ქეთევანი არაჩვეულებრივად აღზრდილი ქალი გახლავთ. ისიც მომღერალია.
– ამაყობთ თქვენი ქალიშვილით?
– ქეთევანი მაშინ მოხვდა კონსერვატორიაში, როდესაც საქართველოში ძმათა მკვლელი ომი მძვინვარებდა და არავის ეცალა სასწავლებლად, არაფერი ფუნქციონირებდა. შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა. ალბათ დიდი ნიჭი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამგვარ სიტუაციაში სწავლა მოახერხო. იმ პერიოდში ანსამბლ "ივერიაში" მიუზიკლი "ფიროსმანი" იდგმებოდა და იქ მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი სხვა პროექტებშიც იყო. ასე ჩამოყალიბდა თვითმყოფად და ძალიან საინტერესო მომღერლად და მოცეკვავედ, სცენაზე არაჩვეულებრივად მოძრაობს.
– თქვენს ოჯახს დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი, რომელიც უმცროსი შვილის, გიორგის დაკარგვას ეხება. თქვენი გამოცდილებით, რა აძლიერებს ამ დროს მშობელს, რომ ამ ტკივილს გაუძლოს?
– ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს... 6 წლის ასაკში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი წავიდა ამქვეყნიდან. ხარება დღე იყო. ეს უდიდესი ტკივილი რწმენამ გადაგვატანინა. იმ წლებში, როცა ჩემი გიორგი თავისთან მიიხმო უფალმა, სიკვდილი გაუფასურებული არ იყო, კაცის სიკვდილს განიცდიდნენ. ადამიანის სიცოცხლე ძვირად ფასობდა. ქვეყანა თითოეულ შვილს ითვლიდა. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული გახდა სიცოცხლე იაფი. ადამიანი სხვის გარდაცვალებას ისე უყურებს, თითქოს ეს მას არასოდეს შეეხება...
– ამბობენ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ქალი დგასო. თქვენმა ცოლმა, ქალბატონმა ლილიმ, რა როლი ითამაშა თქვენს წინსვლაში? ცხოვრების განმავლობაში რა თვისებები აღმოაჩინეთ მეუღლეში?
– ჩვენ ეკლიანი ვარდებით მოფენილ გზაზე ვიარეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო, რადგან რომ არა ამგვარი გზა, ალბათ საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდით. დედამიწაზე ასეა მიღებული – აუცილებელია იმ განსაცდელების გადატანა, რასაც უფალი მოუვლენს ადამიანს. ღვთის წყალობად ჩავთვლიდი ჩემი მეუღლის ასეთ თავდაჭერილობას და სულიერ სიძლიერეს. მან უდიდესი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა იმ დროს, როცა ჩვენი შვილი, გიორგი, იმქვეყნად წავიდა. რომ არა მისი სიმტკიცე და თავშეკავება, არ ვიცი, ცხოვრებას რამდენად დავუბრუნდებოდი.
– 45 წლის შემდეგ თქვენი ოჯახი ცხოვრების რა ეტაპზეა?
– იმდენი საერთო შეხების წერტილი ჩნდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობა სხვა ხარისხში, სხვა სიმაღლეზეა. ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ამდენი წლის ოჯახს შეეფერება. ჩვენ გვყავს შვილიშვილი ანდრია და ეს ოთხნი ხელიხელჩაკიდებულნი მივდევთ ცხოვრებას. ბევრს არ ვითხოვთ და, რაც გვაქვს, სიამოვნებით გავცემთ, თუ ეს ქვეყანას და გვერდში მდგომ ადამიანებს სჭირდებათ. ისევ ხალხის სამსახურში ვრჩებით.
понедельник, 7 ноября 2011 г.
ორმოცამდე ცოცხლად შესრულებული სიმღერა და მხოლოდ რამდენიმე დუეტი სცენაზე, "არწივი" ისევ ფორმაშია
კონცერტი მომღერლის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ეს იყო საღამო, სადაც საერო და სასულიერო პირები, ერთნაირად გამოხატავდნენ ემოციებს.
"თემურ წიკლაური დიდებული ქართველი მომღერალია. ეს ადამიანი "არწივობას" ყოველთვის გამოხატავს, ამ ყველაფერთან ერთად კი ძალიან თავმდაბალი მართლმადიდებელია, მრავალი ღვთის სადიდებელი სიმღერა და გალობა აქვს ჩაწერილი. დღევანდელი საღამო, ერთ-ერთი უბრწყონვალესი საღამოა, ვულოცავ ბატონ თემურს ამ წარმატებას." - ამბობს "ჯეონიუსთან" მეუფე თადეოზი.
სცენაზე მხოლოდ რამდენიმე "ივერიელი" იდგა, დანარჩენები კი დარბაზიდან ამხნევებდნენ მომღერალს.
"ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. 65 წელიწადი, ეს არ არის დიდი დრო. ასი წელი არ ვიქნები ბებერიო, გესმით, რა ომახიანად მღერის? ჩვენი მთავარი მომღერალია ანსამბლში, ვულოცავ თემურ წიკლაურს იუბილეს," - ამბობს ვახტანგ ტატიშვილი.
საღამოს რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი ჩვეულ ამპლუაში, კულისებში , კვლავ აქტიურად ამხნევებდა სცენაზე მდგარ მომღერალს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩატარდა ბრწყინვალედ ჩემი ძვირფასი მეგობრის, თემურ წიკლაურის სოლო კონცერტი. სხვას არც ველოდით, იყო საოცარი ერთიანობა. როგორც ხედავთ, მარტო იდგა და პირველი ნომრიდან, ბოლო ნომრამდე მღეროდა ცოცხლად. კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებ. ეს არის კაცი, რომელიც ბოლომდე იხარჯება შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც." - აცხადებს ანსამბლ "ივერიას" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი.
სცენაზე ფარდის დაშვების შემდეგ, მომღერალმა რამდენიმე წამით ჩვენთვისაც მოიცალა.
"უჩვეულო დღეა დღეს ჩემს ცხოვრებაში, დიდი ხანია არ ვმდგარვარ სცენაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა ყველას." - ამბობს "ჯეონიუსთან" მომღერალი.
კონცერტის ბოლოს, 65 წლის იუბილარმა "არწივმა" ესტაფეტა სიმბოლურად ბავშვთა ვოკალურ გუნდ "ძლევაის" და მის ხელმძღვანელ კახა ონაშვილს გადასცა.
მომღერალმა მადლობა გადაუხადა ყველა იქ მყოფ ადამიანს, თავის მეგობრებს, ქალაქ თბილისის მერიას, პირადად გიგი უგულავას და კულტურის სამსახურს ღონისძიების სპონსორობისთვის. თამარ და ბასა ფოცხიშვილებს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს, რადიო "არ დაიდარდოს", საინფორნაციო სააგენტო "ჯეონიუსს" და გაზეთ "პრაიმ ტაიმს" მედიაპარტნიორობისთვის.
მეფე არწივი და ფიროსმანი, ასე ძალიან რამ შეგვაყვარა?! - დიდი თემო წიკლაურის დიდი კონცერტი
შეუძლებელია ქართველი გერქვას, ქართველად გრძნობდე თავს და ამ დიდი ქართველის შემოქმედება არ მოგწონდეს, არ მოგწონდეს მისი ნაღდი ქართული, ვაჟკაცური ხმა, არ მოგწონდეს მისი ბუნება, მისი ქართველობა, შეუძლებელია ქართველად გრძნობდე თავს და ემოციების გარეშე უსმენდე მის შესრულებულ "იარონ"-ს, "გააჩერე დედამიწა ჩავდივარ"-ს (რომელიც სხვათაშორის თანამედროვე ახალგაზრდობის "ძააან ტაკოი ტიპებს" ურთიერთობის სლოგანად გაუხდიათ და აზრზეც არ არიან საიდანაა ეს სიტყვები!)
თემო წიკლაურმა სოლო-კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა და 2500 მაყურებელი ემოციების გარშემო შეკრიბა, ქართველობა გაახსენა და სულიერი სიძლიერე შემატა, - ყოველშემთხვევისთვის ასეთი საბრძოლო განწყობითა და გრძნობით გამოვედით ჩვენ დარბაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღით ადრე თემო წიკლაურმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემა `პირისპირ`-ში (იხილეთ ჩანაწერი) მაინც გაჩნდა კონცერტის შემდეგ ერთი კითხვა - საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა ენერგია, რომ ერთმა 2500-ს გაუნაწილა?
რაც შეეხება კონცერტის არაემოციურ ნაწილს - ასეთი უბრალოდ არ ყოფილა, ორ მოქმედებად დადგმული საღამო (ჯემალ ბაღაშვილის რეჟისორობითა და ბასა და თამარ ფოცხიშვილების ხელშეწყობით) ერთი კარგი ქეიფის სუფრასავით გათავდა, ქართულად, წესების დაცვით და არც არავის შეუცხადებია ის, რომ მომღერალს რამდენგანმე ტექსტი აერია, ემოციები ვერ დაფარა, წაუცეკვა, წაუღიღინა :) – მოკლედ ფაქტი იყო, რომ თემო წიკლაური თავს ისე გრძნობდა სცენაზე როგორც საკუთარ სახლში, ან რა გასაკვირია როცა ის ამ სცენაზე 40 წელია დგას?! და მითუმეტეს მაშინ, როცა მეუღლე და შვილი გვერდით ყავდნენ, რომლებთან ერთადაც ემოციური სიმღერებიც შეასრულა. უდაოდ დიდი იყო დედისადმი მიძღვნილი სიმღერა და რომ შეიძლებოდეს, ის დედის ჰიმნადაც უნდა აღიაროს ვინმემ, ან უბრალოდ ყველამ საკუთარ დედას უნდა მიუძღვნას და შეძლოს ვინმემ ხშირად მოასმენინოს ქუჩაში, ბირჟაზე, თუნდაც სუფრაზე შეკრებილ ახალგაზრდა ქართველ ვაჟკაცებს (!) საკუთარი დედის გინება ვაჟკაცობის დარად რომ გაუხდიათ!
ეს, თემო წიკლაურის კონცერტი იყო - თავის ხუმრობით, თავის დიდი ბავშურობით (თუმცა წელს მას 65 წელი შეუსრულდა), თავის ერთგულებით და თავის სიყარულით სამშობლოსადმი, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელიც ზუსტად, რომ მისნაირების გადასარჩენია, კაცების - რომელსაც ეროვნული სულისკვეთება შერჩათ და მისი განაწილება სხვებისთვისაც შეუძლიათ!
მადლობა თემო, რომ არსებობ და შეგიძლია სხვასაც ასწავლო, ქართველობა, ვაჟკაცობა და ერის სიყვარული, - კიდევ დიდხანს იმღერე თემო. . .
დიახ! თემო და არა ბ-ნო თემო, რადგან შენ ყველა ნაღდი ქართული ოჯახის წევრი უნდა იყო!
вторник, 25 октября 2011 г.
თემურ წიკლაურის საიუბილეო საღამო "ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს" გაიმართება
"ეს არის საიბილეო საღამო, რომელიც ჩემი სამოცდახუთი წლის იუბილეს ეძღვნება. ბედნიერი ვარ, რომ სიხარულის გამოხატვის საშუალება მეძლევა. ყველა სიმღერა შვილივით ნალოლიავებია, ამიტომაც ძალიან რთული იყო ორასი საუკეთესოდან ოცდაათი სიმღერის არჩევა“, - ამბობს თემურ წიკლაური.
ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი "ძლევაი" მიიღებს. დაუკრავს ნიკა მემანიშვილის ბენდი, რომელსაც უდირიჟორებს ივერიელი ავთანდილ მამაცაშვილი.
"სრულიად შეგნებულად, ამჯერად ივერიელები ვართ მომსახურე პერსონალის როლში. ეს არის მისი სოლო კონცერტი, მაქსიმალურად გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს, იმას, თუ ახლა როგორია. ცოცხლად შეასრულებს ყველა სიმღერას. თემური ძალიან დიდ სირთულესაც შეეჭიდა, თუმცა, ეს სიურპრიზის სახით, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ბაღაშვილი.
ცნობისთვის თემურ წიკლაურის საიუბილეო საღამო 4 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქალაქ თბილისი მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
თემურ წიკლაური 65 წლის იუბილეს მაყურებელთან ერთად იზეიმებს
- დედამიწაზე ცხოვრების სამოცდახუთმა წელმა ერთ წამში გაირბინა, დიდი ბედნიერებაა, რომ ამ "ერთ წამში" ათასობით აღფრთოვანებული მაყურებლის თვალებია. მსოფლიოს სამოცდაათ ქვეყანაში გახლდით გასტროლებზე. ოთხი მიუზიკლი ანსამბლ "ივერიასთან" ერთად, ეს ძალიან დიდი წარმატებაა.
- ბატონო თემურ, 4 ნოემბერს "არწივს" 65 წელი უსრულდება, ამ თარიღის აღსანიშნავად ფილარმონიის დიდ დარბაზში თქვენი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. იქნებ, გვითხრათ, როგორია ღონისძიების წინა სამზადისი და რას მოისმენს ადგილზე მისული მაყურებელი?
- რაც შეეხება ჩემს საიუბილეო კონცერტს, ყველას გეპატიჟებით, ჩემს დაბადების დღეზე. ძალიან ლამაზი საღამო გამოვა, ამისთვის პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში მიდგას. ყველა სიმღერა შვილივით ნალოლიავებია, ამიტომაც ძალიან რთული იყო ორასი საუკეთესოდან ოცდაათი სიმღერის არჩევა.
- რას გვეტყვით რეპერტუარზე და მონაწილეებზე? თქვენი საიუბილეო საღამო "ივერიელების" გარეშე წარმოუდგენელია, ვინ იქნება თქვენთან ერთად სცენაზე? ოცდაათი ცოცხლად შესრულებული სიმღერა, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა.
- ოცდაათი თუ ოცდაცამეტი. არის ისეთი რეპერტუარიც, რომელიც 15 წუთი გრძელდება. ამიტომაც, მთლიანობაში ოცდაათ სიმღერაზე მეტი შესრულდება. ბუნებრივია, ცოცხალი შესრულებით, თუ ხარ მომღერალი და სცენაზე დგეხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირი კი არ უნდა გააღო, არამედ უნდა იმღერო.
რაც შეეხება მონაწილეებს, ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შევასრულებ დუეტს. ჩვენ ყველანი "ივერიას" ვეკუთვნით. დანარჩენი "ივერიელები" კი ზოგი სცენაზე იქნება და იქიდან დამეხმარება, ზოგიც დარბაზიდან გაგვამხნევებს. ისინი თავიანთი არსებობით შემიმსუბუქებენ მძიმე ტვირთს. ღონისძიებასთან დაკავშირებით საინტერესო გადაწყვეტილებებია მიღებული და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ჯემალ ბაღაშვილს, პირველ რიგში, ჩემს ძმას და მეგობარს, შემდეგ კი ყველა სცენარისა და მუსიკის ავტორის რაც კი "ივერიაში" დადგმულა, ის არის ამ კონცერტის რეჟისორი. ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდით და ერთად გადავწყვიტეთ ამ ყველაფრის გაკეთება. დაგვეხმარება სიმფონიური ორკესტრი ავთანდილ მამაცაშვილის ხელმძღვანელობით. ავთო პირველი თაობის ივერიელია და მისი გვერდზე დგომა ბევრს ნიშნავს. ასევე სცენაზე იდგება ბავშვთა გუნდი "ძლევაი" კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, ვისთანაც ერთად არაერთხელ გამოვსულვარ კონცერტზე. ეს არის მომავალი თაობა, რომელსაც ესტაფეტას გადავცემ.
- ვისი მხარდაჭერით იმართება ეს გრადიოზული ღონისძიება?
- რომ არა თბილისის მერიის და ქალაქის კულტურის სამსახურის, გიგი უგულავას, მამუკა ქაცარავას და ნეკა სეფისკვერაძის მხარდაჭერა, ეს ღონისძიება, ალბათ არ შედგებოდა. მათი დახმარება აღმოჩნდა დროული ამ კონცერტის ჩასატარებლად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამარ და ბასა ფოცხიშვილებს, რომელთა დამსახურებაა ის, რასაც სცენაზე მაყურებელი 4 ნოემბერს იხილავს. ასევე დიდი მადლობა დათო გერსამიას და "სანო სტუდიას", რომელმაც თავად გამოთქვეს სურვილი კომპაკტ დისკის გამოშვების. ასევე დიდი მადლობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", გაზეთ "პრაიმ ტაიმს", რადიო "არ დაიდარდოსა" და საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსს" საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს, რომლებსაც არ სურთ თავიანთი ქველმოქმედების გამჟღავნება. დღეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა კონცერტის გამართვა, რომ არა ამ ადამიანების მხარდაჭერა ეს ღონისძიება ალბათ ვერ შედგებოდა.
"მღერის ისე, როგორ ემღერება სულს" - დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ყველასთვის საყვარელი მომღერალი 4 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდული ენერგიით, ნიჭითა და გამაოგნებელი არტიციზმით მაყურებელთან ერთად იზეიმებს.