თემურ წიკლაური:
– ანსამბლის გასტროლების დროს ძალიან ბევრგან ვიყავით. თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი გვაქვს მოვლილი, რომელიც, მოგეხსენებათ, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა. მოვიარეთ თითქმის მთელი ევროპა, აზიის 5–6 ქვეყანა, სამხრეთ ამერიკა მთლიანად, აფრიკის არაერთი ქვეყანა. რაღა დარჩა? მთვარეზე და მარსზე ჯერ არ ვყოფილვართ, მაგრამ ალბათ იქაც წავალთ!
– ყველა ამ ქვეყანაში "ივერიის" გასტროლებით დადიოდით თუ ცალკე, დამოუკიდებლადაც გიმოგზაურიათ, მაგალითად, დასვენების ან სხვა მიზნით?
– რა თქმა უნდა, ანსამბლიდან გვიწევდა მოგზაურობა. გვქონდა იმის ბედნიერება, რომ მთელი დედამიწა შემოგვევლო საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს და ე.წ. გოსკონცერტის ნებართვით. ეს ორი ორგანიზაცია აწყობდა საზღვარგარეთ გასტროლებს, ტურებს სხვადასხვა რესპუბლიკის ანსამბლებისთვის. დაახლოებით 80–მდე ქვეყანაში ვართ ნამყოფი კონცერტებით.
– ყველა ქვეყანა ლამაზად გახსენდებათ?
– ცუდი კუთხით არც ერთისთვის შემიხედავს. დედამიწა ყველანაირად ლამაზია და კარგია, თუ შენ ხარ კარგი. თუ გარყვნილი ტვინი და ამბიციები გაქვს, არაფერი მოგეწონება – არც ამერიკა და არც რუსეთი. მე ყველა ქვეყანა მომეწონა.
– გაიხსენეთ თქვენი პირველი მოგზაურობა.
– 1964 წელს უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტიდან სტუდენტების გაცვლითი პროგრამით წავედით უნგრეთში. არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბუდაპეშტი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია დედამიწაზე. მისი ნახვა და იქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს.
– რა არის თქვენთვის მთავარი, როცა საზღვარგარეთ ხართ? ბევრისთვის მნიშვნელოვანია გართობა, დასვენება. თქვენ რა გიყვართ?
– ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს მაღაზიების მეტი არაფერი აინტერესებს, ზოგს კაფე–ბარები და ღამის გასართობი კლუბები იზიდავს. ჩვენ, რადგანაც კონცერტებით ჩავდიოდით, თავად ვიყავით გართობის ობიექტები. რა თქმა უნდა, იქ გხვდებიან ადამიანები, რომლებთანაც შემდგომ მეგობრობ, გაქვს ტელეფონით ურთიერთობა, მიწერ–მოწერა. ეს ადრე შეზღუდული იყო, ისე როგორც ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, ღამის თერთმეტი საათის ან კონცერტის შემდეგ გარეთ გასვლის უფლება არ გქონდა. უშიშროების ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან და საბჭოთა კავშირის პოლიტიკა არ ითვალისწინებდა ადამიანის ასეთი სახის თავისუფლებას. დაგვყვებოდა კომიტეტის ხალხი, "კაგებეშნიკები". ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუ ვინმე ცუდად მოიქცეოდა, აღარ უშვებდნენ საზღვარგარეთ. ჩვენ "კაგებესთან" არაფერი გვქონდა დასამალი, გინდ ყოფილიყო და გინდ – არა.
– მაგრამ არა მგონია, ღამის თერთმეტ საათზე გარეთ გასვლის შეზღუდვა მაინცდამაინც სასიამოვნო ყოფილიყო.
– ჩვენ მაინც ყველგან დავდიოდით, სადაც გვინდოდა. ის "კაგებეშნიკი" დაგვყვებოდა და ერთად ვსვამდით და ვჭამდით. ისინი ციდან ჩამოფრენილები კი არ იყვნენ, მათაც უნდოდათ ადამიანურად ცხოვრება, უბრალოდ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ასეთი კანონმდებლობა იყო. როდესაც 6–7 თვე ხარ საზღვარგარეთ და თან მუშაობ, სულ ოთახში ვერ იჯდები, მაგრამ ვერც ყოველ ღამე ივლი გარეთ. რა უნდა გააკეთო? როცა გვინდოდა, დავდიოდით, როცა გვინდოდა, ვქეიფობდით და, როცა გვინდოდა, სპექტაკლებს ვესწრებოდით. მუზეუმების დათვალიერება კი აუცილებელი იყო. ეს ისედაც შედიოდა პროგრამაში. რაც ქვეყანას ჰქონდა ღირებული, ის აუცილებლად უნდა გვენახა.
– თქვენ თუ გიყვართ საზღვარგარეთ შოპინგი?
– მიყვარს და ეს ბუნებრივია. აბა, ტიტველი ხომ არ ვივლიდი?! როდესაც ხალხის თვალსაწიერში და მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ, კეთილი უნდა ინებო და ჩაცმულ–დახურული უნდა იყო. შოპინგისადმი ზიზღი არასდროს მქონია.
– თქვენი ყველაზე ლამაზი მოგზაურობა გაიხსენეთ, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დაგიტოვათ.
– როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში მივდიოდი, მის წარსულს, მის მუსიკალურ ისტორიას და ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ვეცნობოდი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ეგვიპტემ, სადაც 1972 წელს ვიყავით. ჩვენი მასპინძელი იყო საბჭოთა ჯარების მთავარსარდალი, გენერალი. იმ პერიოდში საბჭოთა ჯარები იდგნენ ეგვიპტეში და იქ ჩასვლა ადვილი არ იყო. ჯერ ერთი, ისრაელს ეომებოდა და მეორეც, საკმაოდ ძვირადღირებულ ქვეყნად ითვლებოდა. ჩვენ კონცერტებს ვმართავდით. ერთ ადგილას არ ტარდებოდა ეს კონცერტები და ვერტმფრენი მოგვცეს გადასაადგილებლად. მთელ ეგვიპტეში ვერტმფრენით ვიფრინეთ და თან ერთი თვის მაგივრად სამი თვე დაგვტოვეს. რაც კი სანახავი იყო და რაზეც მთელი მსოფლიო უზარმაზარ თანხებს იხდის, ყველაფერი დეტალურად დავათვალიერეთ. სარკოფაგები, მუზეუმები თუ პირამიდები – ყველაფერი ვნახეთ. ალექსანდრიიდან ეგვიპტის ბოლომდე არ დაგვრჩენია ადგილი, რომ არ გვენახა. თან ისე კი არა, შეხვიდე და გამოხვიდე, 2–3 დღე ვრჩებოდით. უდიდესი სიამოვნება მომანიჭა იქ ყოფნამ.
ძალიან საინტერესოა ასევე პერუ და მისი მაჩუ–პიქჩუ. დიდი ინტერესით მოიგონებს კაცი მექსიკას, კანადას, არგენტინას. ვიეტნამიც ძალიან საინტერესო იყო...
– აფრიკამ თუ მოგხიბლათ?
– ვიყავით მაროკოში, ტუნისში. მაროკო განსხვავებულია. არაბული სამყარო მკვეთრად განსხვავდება ევროპისგანაც და აზიისგანაც, სამხრეთ ამერიკისგან ხომ საერთოდ. სულ სხვა სული ტრიალებს, ვერც აგიხსნით.
– ამბობენ, საქართველო ქალების სილამაზით გამორჩეული ქვეყანააო. თქვენ სად ნახეთ ლამაზი მანდილოსნები?
– ქართველი ქალი ძალიან ეშხიანია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ამ მხრივ ფრიად დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა არგენტინამ. ვენესუელაში ძალიან ლამაზი ხალხი დადის ქალიან–კაციანად. ლამაზი ხალხი ჰყავთ რუსებს და უკრაინას განსაკუთრებით. საქართველოში ისეთი ეშხიანი და განუმეორებელი სილამაზის ხალხია, რომ ძველად მთელ აღმოსავლეთს ქართველი ქალები მიჰყავდა საჯიშედ.
– საზღვარგარეთ კაზინოში თუ შესულხართ, რაც საბჭოთა კავშირში აკრძალული ხილი იყო?
– კოლუმბიაში მოგვიწია კაზინოში შესვლა. იქ არის ერთი ადგილი, რომელიც ნარკობარონების ცენტრად ითვლება. იქ ვიყავით კაზინოში. "კაგებეშნიკებიც" შემოვიდნენ. ვის რისი საშუალება გვქონდა, იმას ვთამაშობდით. ხან წავაგეთ, ხან მოვიგეთ, მაგრამ ბოლოს მაინც წაგებულები დავრჩით. იქ იყო ერთი ასეთი ამბავი: ოთხი ბასკი თამაშობდა პოკერს. რომ გავიგეთ, ბასკები არიანო, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვგულშემატკივრობდით. ამ ბასკებმა მთელი ღამის თამაშით მოუგეს კაზინოს და თან იმდენი, რომ დილით კაზინომ თეთრი ბაირაღი გამოკიდა, ანუ გააკოტრეს. ბასკებმა რომ გაიგეს, ვგულშემატკივრობდით, სასმელები გამოგვიგზავნეს და მომსახურე პერსონალს ჩვენზე უთხრეს, დალიონ, რაც უნდათ და როგორც უნდათო.
– მოგზაურობას კარგთან ერთად ხანდახან უსიამოვნო გასახსენებელიც ახლავს. თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
– ისრაელში ქართველი ებრაელები მოვიდნენ ჩემთან. იყო დიდი შეხვედრა, ხვევნა–კოცნა, რადგან მათთან სატელეფონო კონტაქტი ჯერ კიდევ თბილისიდან მქონდა. დამინიშნეს "კაგებეშნიკები", თვალყური უნდა ედევნებინათ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, სად წავიდოდით, ვის შევხვდებოდით და ა.შ. შევამჩნიე, რომ პიჯაკში გამოწყობილი ორი კაცი დამდევდა, არადა პაპანაქება სიცხე იყო. ერთხელ შევამჩნიე, ორჯერ, სამჯერ. ეს ებრაელები რომ მოვიდოდნენ, იმ წუთში ორი "კაგებეშნიკი" იქ გაჩნდებოდა და უკან მედგა. ერთი ცალთვალა იყო და იმ მხარეს დავუდგებოდი ხოლმე, საითაც თვალი არ ჰქონდა. სულ ტრიალებდა, სად არისო და რომ მოტრიალდებოდა, მეც ვტრიალდებოდი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დიდი ჩხუბი ავტეხე, გამიშვით სახლში, აღარ მინდა აქ ყოფნა, თუ იმდენად არ მენდობით, რომ აქ ვიღაცეებმა კუდში მდიონ–მეთქი.
– და რა მოხდა შემდეგ?
– ამას მთელი ამბები მოჰყვა. გამოფენის დირექტორი იყო გენერალი, ძალიან კარგი და წესიერი კაცი. თვითონ მოვიდა და მითხრა, შვილო, რატომ ყვირიო. ვუთხარი, ასე და ასეა, დამდევენ ერთი კვირაა–მეთქი. დამაწყნარა, დამაცადეო და ებრაელებს დაუძახა. ეს ნაბიჯი გაკეთდა იმიტომ, რომ მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და, ქართველ ებრაელთა მოთხოვნით, წერილი მივწერეთ, ქართული კოლექტივისთვის იმ სახელმწიფოში შესვლის ნება მიეცათ, მაგრამ უარი მივიღეთ, რადგან საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ ალბათ ყველაფერი გამოსწორდებაო, ძალიან თბილი პასუხი გაგვცეს. მთავარი ის არის, რომ ამ "კაგებეშნიკებმა" მერე დამიძახეს, მოდი, წავიდეთ და ვიქეიფოთო. წამიყვანეს ერთი ოცი კილომეტრის მოშორებით, რომ იმ ებრაელებთან არ მქონოდა კონტაქტი, არა იმიტომ, რომ ჩემზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. კარგად ვიქეიფეთ. მეორე დღეს კიდევ სადღაც წამიყვანეს, აქეთ–იქით დამატარებდნენ. რა უნდა მექნა?! მეც მათთან ერთად ვქეიფობდი და ვქეიფობდი.
ანა ნოდია
Комментариев нет:
Отправить комментарий