суббота, 15 февраля 2014 г.

თემურ წიკლაურს შვილიშვილი ქეიფებშიც დაჰყავს

თემურ წიკლაურსა და მის შვილიშვილ ანდრია გოგიბედაშვილს მომღერლის ვარსკვლავის გახსნიდან რამდენიმე დღეში შევხვდით. ბაბუა-შვილიშვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ერთად მსახურობენ სტიქაროსნებად „ლურჯ მონასტერში“. ბატონი თემური ამბობს, რომ შვილიშვილისთვის არასოდეს აუწევია ხმა, უბრალოდ, შეიძლება, მკაცრად უთხრას რამე, თუ ის დიდ დროს დაუთმობს კომპიუტერს. შეხვედრისას, ბაბუა-შვილიშვილის ურთერთდამოკიდებულებაზე საუბართან ერთად, მომღერლის ვარსკვლავის გახსნის თემასაც შევეხეთ....

 - ანდრია, სკოლაში სიარულის გარდა, რით ხარ დაკავებული? გვიამბე შენს ინტერესებზე...

 - გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ და ხანდახან ფორტეპიანოზე ვუკრავ. ფორტეპიანოზე არ მიცდია რამის შექმნა, მაგრამ გიტარაზე ხანდახან ვცდილობ, აკორდები ერთმანეთს დავუკავშირო. ძირითადად, უცხო ენების შესწავლით ვარ დაინტერესებული. თამამად შემიძლია თქმა, რომ რუსული კარგად ვიცი, ასევე ინგლისური. ახლა ჩინურსაც ვსწავლობ. ჩინურის სწავლა ბავშვობიდანვე მინდოდა, შემდეგ ბაბუამ გადაწყვიტა, რომ ამ ენას საფუძვლიანად დავუფლებოდი და დაახლოებით ხუთი წელია ვემზადები. საკმაოდ რთული ენაა, მაგრამ საქართველოში ნელ-ნელა მატულობს ჩინურის მცოდნეთა რაოდენობა. პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, ამ ეტაპზე თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდა, მაგრამ შეიძლება გადავიფიქრო.
 - მუსიკით დაინტერესება, ალბათ, ოჯახის გავლენაცაა, თუმცა ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ უყვართ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ გაკვეთილის გასაცდენად...
 - ბავშვობაში მეც ასე ვიყავი. „მართვეში“ დავდიოდი, ძალიან არ მიყვარდა იქ მისვლა, სულ ვცდილობდი გაცდენას, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი, რა დავკარგე. როცა გავიგე, რა არის მუსიკა, დიდი სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი რამ მცოდნოდა ამ სფეროში. ახლა დიდი სიამოვნებითა და გულმოდგინებით ვსწავლობ ყველაფერს.
 - ბებია-ბაბუა მღერის, დედაც, მამა - დავით გოგიბედაშვილი, ლექსებს წერს, თქვენც ხომ არ წერთ?
 - არა. ბავშვობაში რაღაც უმნიშვნელო ლექსები კი დამიწერია, მაგრამ ახლა არ ვწერ.
 - ბაბუა-შვილიშვილის დამოკიდებულებაზე მინდა გკითხო, სად დადიხართ და რა დროს ატარებთ ერთად?
- ბავშვობაში ყველგან ერთად დავდიოდით: ცირკში, ზოოპარკში, ვაკის პარკ-ში. დიდად არც ახლა შეცვლილა სიტუაცია. სულ ერთად ვართ. მათ შორის: რესტორნებში, კაფეებში, ხანდახან ბაბუას ქეიფებშიც დავყავარ (იღიმის).
 - ანდრია, რა მოგწონს ბაბუას თაობის წარმომადგენლებში ყველაზე მეტად?
 - მათმა თაობამ ძალიან ძნელი პერიოდი გამოიარა. ვფიქრობ, ახალი თაობა კრეატიულია, მაგრამ მაშინდელი უფრო მეტად იყო. თან კრეატიულობა მაშინ იბადებოდა, ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს დგამდა. ახალ თაობაში კი ეს თვისება თითქმის ყველაში „ზის“ და ეს უმთავრესად წინა თაობის დამსახურებაა, მათ მოიტანეს ეს ყველაფერი აქამდე.
 - ბატონო თემურ, თქვენ როგორ დაახასიათებთ ახალ თაობას?
 - ვფიქრობ, ჩვენ დროს უფრო მძლავრი და ღრმა ცოდნის მომცველი სკოლის პროგრამა გვქონდა. იმავეს ვერ ვიტყვი ახალ პროგრამებზე. თუ ახალმა თაობამ თვითგანვითარებას არ მიჰყო ხელი და მხოლოდ ჭორიკანა გახდა, როგორც კომპიუტერი და ჩვენი ტელევიზიაა, მაშინ ვერაფერს მიაღწევს. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, რომ იქიდან ჭორაობისა და ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი ისმის. დილით გადაცემა იწყება იმით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და არა დადებითი ინფორმაციით, ვთქვათ, რა გაიხსნა ან ვინ რა წარმატებას მიაღწია. შეიძლება, ასე არ გიყვარდეს შენი ქვეყანა?! ხომ შეიძლება, რამე პოზიტიური ეძებო ადამიანში და არა პირიქით?! ახალი თაობა ამ მაგალითზე იზრდება, ამიტომ მინდა, ისინი რაღაცით დაინტერესდნენ და სხვა კუთხით განვითარდეს მათი მსოფლმხედველობა.
  - ანდრია, როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვს? - ბევრ ჟანრს ვუსმენ, მათ შორისაა კლასიკა. ძირითადად, წინა თაობის მუსიკას ვუსმენ, როგორიცაა „როლინგ სტოუნზი“, „პინქ ფლოიდი“. ახალი თაობა უფრო მეტად პოპისკენ იხრება, რაც მე არ მომწონს. კარგი იქნება, რომ იცოდნენ, რას ქმნიდნენ და რას ასრულებდნენ წინა თაობის მუსიკოსები. ფოლკლორსაც ვუსმენ, იშვიათად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხური სიმღერა სასიამოვნო მოსასმენია.
თემური:
 - ანდრია ხუთი წელი ხალხურ მუსიკას სწავლობდა, ჩონგურსა და ფანდურზეც უკრავს. ასე რომ, ეს მისთვის უცხო არ არის. საძირკველი რომ თავისი უნდა ჰქონდეს და სხვაგვარად სხვას ვერ ააშენებს, ეს ყველა ადამიანს შეგნებული უნდა ჰქონდეს და მგონია, რომ ანდრიამ ეს იცის.
 - 22 იანვარს ბაბუას ვარსკვლავი გაიხსნა. წლებია, სცენაზე დგას, მაგრამ როგორია ბაბუა ასეთი მნიშვნელოვანი კონცერტების წინ?
- რა თქმა უნდა, ნერვიულობს, მაგრამ ამას ალბათ მხოლოდ ჩვენ და ახლობლები ვხედავთ. ის ცდილობს, მაყურებელმა ღელვა არ შეატყოს და პოზიტიურადაა განწყობილი.
 - ბატონო თემურ, ყოველთვის დიდი ემოციით მღერით და გვახსოვს ცრემლებიც. შემდეგ გჭირდებათ სიმშვიდე, განტვირთვა თუ როგორ ახერხებთ ძალების აღდგენას?
 - ენერგიისგან იფიტები, მაგრამ თუ არ გაეცი, ვერც აღიდგენ. აქ წყლისა და ჭიქის პრინციპია. გავსებულ ჭიქაში წყალს ვერ ჩაასხამ, ამის საშუალება მხოლოდ დაცლილ ჭურჭელში გაქვს. ადამიანი ჭიქას ჰგავს. ამ შემთხვევაში სიმღერით მაყურებლის ემოციური დატვირთვა ხდება, მაგრამ მე რასაც გავცემ, ხალხისგან წამოსული სითბოთი ისევ უკან მიბრუნდება. საერთოდ, ღმერთი და სამება გავსებს იმ ენერგიით, რომელიც შენთვის სამყარომ გაიმეტა. 22 იანვრის კონცერტში 25 სიმღერა ერთი აზრის გარშემო იყო აკინძული. ის უნდა ყოფილიყო სულით ქართული. მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მომღერლები: გიორგი ბოლაშვილი, ქეთი წიკლაური, ტატო გოდერძიშვილი, და-ძმა ბედიები. მათ ერთგვარი სიმსუბუქე შემოიტანეს სცენაზე, თორემ მძიმე მეც ვეყოფოდი. მსუბუქმა და მძიმემ დააბალანსა კონცერტი. ადრეც ვიცოდი და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წარმოდგენილი რეპერტუარი ხალხს უყვარს და სურს ამის მოსმენა, უბრალოდ, კეთილი უნდა ინებო და ხშირად მოასმენინო. ხშირ შემთხვევაში ტელევიზიებს ასეთი სურვილი არ უჩნდებათ. დღეს ხალხურ შემოქმედებაზე არც ერთი გადაცემა არ არსებობს, ახლა, როგორც იქნა, გია ბაღაშვილს დართეს ნება, ამ თემაზე გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოემზადებინა. დედამიწაზე გამორჩეული ვართ ხალხური შემოქმედებით და როცა ამას დრო არ დაეთმობა, როგორ შეიძლება, სხვა რამეზე ილაპარაკო... არ მგონია, რომ ასეთი მიმართულება ხელსაყრელი იყოს ქვეყნის მომავალი თაობის ჩამოყალიბებისთვის. ქვეყანას მოვლა სჭირდება და ვფიქრობ, ამას ის ადამიანი ვერ შეძლებს, რომელმაც არ იცის, რა განძი აქვს და რას უნდა უპატრონოს.
 - მოდით, ახლა ობიექტურად დაახასიათეთ თქვენი შვილიშვილი...
- იგი გახლავთ ჭკვიანი და უაღრესად ადვილად ითვისებს ყველაფერს. კარგი მეხსიერება აქვს. შრომისმოყვარეა. მაგალითად, ახლა გიტარაზე დაკვრას სწავლობს და ბევრს მეცადინეობს. კარგი ზნის ბალღია, რაც მთავარია, წესიერია და მეგობრების დიდი მოყვარული. ჩუმი კაცია, არ არის ფხუკიანი (იღიმის).
 - გიტარის პედაგოგი ვინ არის, ვინ შეარჩიეთ?
 ანდრია:
- პედაგოგი ერთად შევარჩიეთ და ეს გახლავთ ხვიჩა მაღლაკელიძე.
 - ბაბუასთან ერთად სცენაზე გამოსვლაზე გიფიქრია?
 - არ მიფიქრია, სასიამოვნო იქნება, თუ ერთად გამოვალთ, მაგრამ ეს დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება და მე ამისთვის მზად არ ვარ.
- ბაბუას რამე მეტსახელით ხომ არ მიმართავთ?
 - შინ „დედს“ ვეძახი (იღიმის).

 - მისი რეპერტუარიდან გამორჩეულად რომელი სიმღერა მოგწონს?
 - ყველაზე მეტად მომწონს „იარონ“. ასევე ფიროსმანისთვის მიძღვნილი სიმღერებიც კარგი მოსასმენია, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც ისაა, რაც დავასახელე.
 - ბატონო თემურ, თქვენს ვარსკვლავთან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ვსხედვართ და ვსაუბრობთ. როგორი განცდაა ეს?
 - იქვეა ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, ნანი ბრეგვაძისა და სხვათა ვარსკვლავები. ქალბატონ ნინოსთან ვმეგობრობდი. ერთმანეთისადმი დიდი ურთიერთპატივისცემა გვქონდა. საერთოდ, ამგვარი მსოფლიო კორიფეებისა და ქართველი ხელოვნების შემნახველების გვერდით აღმოჩენა, ვარსკვლავის გახსნა, რომელსაც მე „დიდების ვარსკვლავს“ ვარქმევ, რასაკვირველია, ჩემთვის დიდი პატივია. - პატარაობაში თუ ფიქრობდით, რომ დიდ სცენაზე იმღერებდით და საერთოდ, ამ გზას გაჰყვებოდით?
 - რასაკვირველია, არა. ჯერ არქიტექტორობა მინდოდა, მერე უცხო ენებში სწავლის დროს მირჩევდნენ, დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ცუდი მოსწავლე და პიროვნება არასოდეს ვყოფილვარ. არც ავარდნილი. ეტყობა, ვიმსახურებდი ყურადღებას. ჩემი დეკანი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნელი კრავეიშვილი მეუბნებოდა, ისწავლე და ცხოვრებას გაუძელიო. ეს იმიტომ, რომ დალხენილი არასოდეს ვყოფილვარ. ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. ეს ძალიან რთული იყო. როცა საჭმლის ფული არ გაქვს, ადვილია, ცუდ გზას დაადგე. მე ეს არ გავაკეთე, მუშად ვმუშაობდი და დღეს იმ დროს სიამოვნებით ვიხსენებ. შემდეგ სიმღერამ მომიტანა გარკვეული შემოსავალი, ამ გზას გავყევი და აქამდე მოვედი. ადამიანს ცხოვრებაში რთული გზის გავლა გიწევს, ეს აუცილებელია, სხვაგვარად შეუძლებელია, რამეს მიაღწიო.
- ანდრია, ვის მიმართავ ოჯახში რჩევისთვის ან დახმარებისთვის, როცა რაიმე პრობლემის წინაშე დგები?
 - პირველ რიგში, დედას, მამას და ბაბუას. საკითხსაც გააჩნია. ყველა ძალიან მიყვარს და ახლო ვარ, ბაბუასთან არ ვარ „ჩაკეტილი“, მაგრამ მამასთან უფრო გახსნილი ვარ. თემური:
- რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მადლობა ღმერთს, რომ ანდრიამ მოძებნა ურთიერთობის ასეთი ფორმა. მასზე ბევრად უფროსი ვარ და ყველაფერს ვერ მომიყვება. მას ჩემთან უფრო მორიდებული და სიყვარულით აღსავსე დამოკიდებულება აქვს. ასევეა ბებიამისის, ლილის მიმართაც და კარგია, რომ ანდრია ამას ხედავს და გრძნობს. ჩვენ ყველანი მის გარშემო ვბრუნავთ, როგორც დედამიწა მზის გარშემო (იღიმის).

 ანა კალანდაძე -  ჟურნალი „რეიტინგი“