суббота, 2 июля 2011 г.

თემურ წიკლაური: "იტალიაში მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკება ვატარე"


ორმოცი წელი სცენაზე, ოთხი მიუზიკლი, მუდამ ანშლაგებით ჩატარებული კონცერტები არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში და ხალხის უდიდესი სიყვარული – ეს ანსამბლ "ივერიის" უმოკლესი ისტორიაა. მისი ერთ–ერთი გამორჩეული სოლისტი კი თემურ წიკლაურია. ყველასათვის ცნობილმა ივერიელმა, ანსამბლის დაშლის შემდეგ, სოლო კარიერა დაიწყო. თუმცა, ამ ეტაპზე სცენაზე ნაკლებად ჩნდება. ბატონი თემური მსმენელს ჰპირდება, რომ ზამთარში სოლო–კონცერტს აუცილებლად ჩაატარებს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე "გუმბათი–ექსპრესი" თემურ წიკლაურს ესაუბრა.

– ბატონო თემურ, ამ ბოლო დროს მსმენელს თავი მოანატრეთ და ახალი სიმღერებით აღარ ანებივრებთ, რა ხდება თქვენს კარიერაში?

– მას შემდეგ, რაც ანსამბლმა "ივერიამ" არსებობა შეწყვიტა, მსმენელთან კონტაქტის დამყარება გაძნელდა. თანაც, ახალმა დროებამ თავისი ნაყოფი გამოიღო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ყველაფერი გაძვირდა. ერთი კონცერტის ჩატარება ისეთი უზარმაზარი თანხა ჯდება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძნელია. "ივერია" როდესაც ფუნქციონირებდა, ჩვენ ერთ კონცერტს არასოდეს ვატარებდით, კონცერტების რიცხვი ორასამდეც ადიოდა. ეტყობა, იმდენი კონცერტი ჩავატარეთ, რომ ხალხი დაიღალა და აღარ უნდათ. მომავლისთვის გარკვეული ჩანაფიქრი მაქვს, რომ ახალი სიმღერები შემოგთავაზოთ. წელს ამისათვის ბევრი მიზეზი მაქვს, თუმცა წინასწარ თქმა არ მინდა. ალბათ, ნოემბერ–დეკემბერში ჩავატარებ. ისე, ბევრ სიმღერას ვწერ, ანუ ჩანაწერებს ვაკეთებ. სხვადასხვა კომპოზიტორებს სიმღერები მოაქვთ და უნდათ, რომ ისევ მე შევასრულო მათი ნაწარმოებები. ხშირად ვიმეორებ ერთ გამოთქმას, რომ ამ სიმღერებს კომბლესავით ჭერში ვალაგებ–თქო. ალბათ როდესმე გამომადგება.
– ანუ სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში, მზად ხართ სოლო–კონცერტის ჩასატარებლად?
– რა თქმა უნდა, სპონსორის გარეშე, როგორც უკვე გითხარით, კონცერტის ჩატარება ძნელია. ხალხის ცნობიერებაც შეიცვალა. მათ ურჩევნიათ ამერიკიდან ჩამოსული მომღერლის კონცერტზე წავიდნენ, ვიდრე ქართველი საესტრადო მომღერლისაზე.
– ვიცი, რომ რამდენიმე საოპერო სიმღერა იმღერეთ და თავი ამ ჟანრშიც სცადეთ.
– ამ ჟანრში რაღაც–რაღაცეები გაკეთებული მართლაც მაქვს და კიდევ ვცდილობ, გაკეთებას. შესანიშნავი მასწავლებლები მყავს – ალექსანდრე ხომერიკი და მისი მეუღლე მარინა. ასე რომ, ამ კლასს მათთან გავდივარ. რაც შეეხება სცენაზე ამ ჟანრის შესრულებას, 2000 წელს ასეთი ბედნიერება მქონდა და ბათუმის საოპერო თაეტრში "აბესალომ და ეთერიდან" მურმანი ვიმღერე. ვსინჯე, შევძლებდი თუ არა და გამომივიდა. მიხარია, რომ ამისი უფლება და საშუალება მომცეს. ახლა ეს ოპერა დახურულია, თუმცა, როგორც ვიცი, ქუთაისში ხსნიან.
– ბატონო თემურ, "ივერიამ" ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანათ და ამ ანსამბლის საშუალებით გაგიცნოთ ხალხმა. როგორ გაიხსენებთ "ივერიაში" ყოფნის პერიოდს?
– "ივერიაზე" იმდენია ნათქვამი და დაწერილი, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი. ორმოცი წელია, ჩვენზე იწერება და ტელევიზიაშიც სულ ჩვენ ვჩანდით ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გარეშე არაფერი ხდებოდა. თავს ვალმოხდილად ვთვლით ხალხისა და ქვეყნის წინაშე. 1968 წლიდან მოყოლებული დღემდე ბევრი პროგრამა და მიუზიკლი გავაკეთეთ, როგორებიცაა "არგონავტები", "ჩხიკვთა ქორწილი", "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი". მიუზიკლის გაკეთება იმ პერიოდის საბჭოთა სივრცეშიცა და ევროპაშიც იშვიათობად ითვლებოდა. ამ ყველაფერს სულ რაღაც თორმეტი ადამიანი ვაკეთებდით. ჩვენ თვითონ ვუკრავდით, ვმღეროდით და ვცეკვავდით. ყველაზე დასაფასებელი ისაა, რომ ქართველმა ერმა ეს ყოველივე თავისად ჩათვალა და გულთან მიიტანა. ჩვენც ენერგიას, ცოდნასა და საშუალებებს არ ვიშურებდით. სხვათა შორის, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ კოცერტებს რუსეთში არ ვატარებდით. არადა, ის პერიოდი ისეთი იყო, რომ საკავშირო სივრცე აუცილებლად უნდა მოგევლო. ყველა ანსამბლს კულტურის სამინისტროსგან გეგმა ჰქონდა, რომ წასულიყვნენ ციმბირში, ვლადივოსტოკში და ა.შ. მაგრამ ჩვენ იშვიათად მივდიოდით. თუმცა, ერთხელ კი მოვხვდით ლენინის იუბილეზე. შუა ციმბირში გაგვიშვეს და ისეთ პუნქტებში შევდიოდით, რომლებსაც დასახელება არ ჰქონდათ. იქ გადასახლებული ხალხი ცხოვრობდა. ბოლო ათი–თხუთმეტი წელი რუსეთში იშვიათად თუ ჩავიდოდით, ისიც იმიტომ, რომ ახალი პროექტი გვეჩვენებინა. მაგალითად, "ჩხიკვთა ქორწილისა" და "ფიროსმანის" რუსული ვარიანტები ჩავიტანეთ. ორივე წარმოდგენას კარგი გამოხმაურება ჰქონდა და დიდი გამარჯვება იყო. რაც შეეხება უახლოეს პერიოდს, ოჯახის უფროსი ალექსანდრე ბასილაია გარდაგვეცვალა. მის ნამუშევრებს რომ გადახედოთ, მათგან ბევრი არ ჟღერს. მას უამრავი კარგი მელოდია აქვს შექმნილი. თვითონაც კი არ ითვლიდა, რამდენი ჰქონდა, წერდა და წერდა. მისი მთელი ცხოვრება, სულიცა და გულიც ეს იყო. ბოლო ხანებში "ივერიამ" ძალიან კარგი პროექტი გააკეთა, რომელიც ჩვენი იდეური მამის, ჯემალ ბაღაშვილის დამსახურებით მოხდა. სცენარი და ლექსები სწორედ მან შექმნა. პირველმა არხმა "ჩხიკვთა ქორწილის" ქართული ვარიანტი გადაიღო. მასში ძველ ივერიელებთან ერთად ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. საერთოდ, დროს თავისი მიაქვს და, გინდა თუ არა, მაინც ბერდები. მე და ბუს სიბერე არ შეგვეხო, რადგან ბუსა და არწივს წლები არ გააჩნიათ. ბუ, რაც უფრო თეთრი და ბებერია, მით უფრო ჭკვიანია. არწივიც ყოველთვის არწივია. ამიტომაც ჩვენ ამ მიუზიკლში ისევ ჩავერთეთ. რაც ყველაზე მთავარია, "ჩხიკვთა ქორწილის" ქართული ვარიანტი გაკეთდა. მისი პირველი ვარიანტი რუსული იყო. ეს აუცილებელი პირობა იყო, რადგან საბჭოთა პერიოდში მიუზიკლს ქართულ ენაზე ვერ გააკეთებდი. პირველი "ჩხიკვთა ქორწილი" ჟენია გირლსბურგმა გადაიღო და ძალიან კარგი გამოვიდა. იმ პერიოდში ინგლისში მიუზიკლების კონკურსი ჩატარდა, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცოდით. თურმე, "ჩხიკვთა ქორწილს" პირველი ადგილი აუღია და ეს ამბავი ნახევარი წლის შემდეგ გავიგეთ. ჟენია გირლსბურგსაც გვიან უთხრეს და კაცი გაგიჟებული იყო, პრიზი არ გადმომცეს, მაგრამ ის მაინც ეთქვათ, რომ გავიმარჯვეთ, გამიხარდებოდაო. სიმღერა "გზა დამილოცე", რომელსაც "არგოს" ვეძახით და "არგონავტების" მიუზიკლს ლაიტმოტივად გასდევს, ერთ–ერთი საუკეთესო მელოდიაა. სადაც კი ვიმღერებდით, რა ქვეყანაც უნდა ყოფილიყო, ხალხი ფეხზე დგებოდა და ჩვენთან ერთად მღეროდა. იგი ერთგვარი ჰიმნია და შეიძლება ითქვას, რომ არ ბერდება და უდიდესი ფასეულობა გააჩნია.
– "ივერიასთან" ერთად, მთელი მსოფლიო მოიარეთ, უამრავი კონცერტი ჩაატარეთ. ალბათ, იყო ისეთი მომენტები და სიტუაციები, რომლებიც დღემდე გახსოვთ.
– ამ ორმოცი წლის მანძილზე, ოთხმოცზე მეტი ქვეყანა მოვიარეთ. ერთი კი შეიძლება მოვიგონო, როდესაც იტალიაში ვიყავით. აგვისტო იყო, მარიამობის თვე და იქ ამ დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული იყო. ეს ერთგვარი რიტუალივით არის, რომელიც იტალიურ ფილმ "იანვარიუსშიც" არის გამოყენებული. მარიამ ღვთისმშობლის დიდი ძეგლი მოაქვთ, რომელზეც ასხმულია ოქროს ძეწკვები და ასეთი რამეები. მთელი ქალაქი ამ ცერემონიას უკან მოჰყვება. სწორედ ამ სცენას შევესწარი იტალიაში. ისე იყო, რომ ხალხს ამ ქუჩაზე უნდა გაევლო. უამრავი მილიციელი იყო, რადგან ამ ცერემონიას ქალაქის წარჩინებული და გავლენიანი პიროვნებებიც ესწრებოდნენ. საკმაოდ ემოციური მომენტი იყო. მე და ერთი ქართველი ბიჭი გარეთ გამოვედით და ამ ყველაფერს ვუყურებდით. იმ ბიჭს ვუთხარი, რომ ამ ქანდაკებას აუცილებლად ვატარებ–თქო. წინ კაცი მოდიოდა, რომელსაც დიდი კვერთხი ეჭირა და ამით ხელმძღვანელობდა. ამ კაცთან მივედი და ვუთხარი, რომ ქანდაკების ტარება მინდოდა. თავიდან მტკიცე უარი განმიცხადა. შემდეგ ვუთხარი, ქართველი ვარ, ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია–თქო. იმ კაცმა მითხრა, ამისი ტარება ასე ადვილად არ შეიძლება, რადგან ხალხი ამისთვის მთელი წელი ემზადება, მარხულობს და სულიერად იწმინდებოდნენო. მოკლედ, ეს კაცი შევაწუხე და ბოლოს მითხრა, ეკლესიაში რომ დავასვენებთ, იქ დამხვდი და გატარებინებო. ეს თითქოს მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი ფორმაა, მაგრამ ხომ ქრისტიანულია, თანაც, ისინიც ჩვენსავით მარიამ ღვთისმშობელს სცემენ პატივს. რაც შეეხება ქანდაკებას, იმდენად მძიმე იყო, რომ ოც–ოცდახუთ კაცს მოჰქონდა. ჰოდა, მეც ჩამაცვეს ჯვაროსნების ფორმა და ერთი ბიჭის ადგილზე შემაგდეს. ისე დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა. საქმე იმაშია, რომ ისინი სპეციალურად ერთი სიმაღლისანი იყვნენ, მე კი მათზე მაღალი აღმოვჩნდი. რადგან მაღალი ვიყავი, მთელი ეს სიმძიმე ჩემზე გადმოვიდა. როდესაც უკან დავბრუნდი, ჩვენებმა გაიკვირვეს სად იყავიო. ჯანსუღ ჩარკვიანიც იქ იყო. რომ ვუთხარი, წმინდა მარიამის ქანდაკება ვატარე–თქო, არ დამიჯერეს და მხარი ვაჩვენე, რომელიც სიმძიმისგან სისხლიანი მქონდა. ამას წინათ ჯანსუღს შევხვდი და ეს ამბავი გამახსენა.
– ბატონო თემურ, თქვენ ლურჯი მონასტრის სტიქაროსანი ბრძანდებით, ამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– ჩემი გზის გამკვლევი და დამრიგებელი არის მამა დავითი. ხშირად ვუცდენ ხოლმე, რადგან ამ ბოლო ხანებში უცხოეთში კონცერტები მქონდა. ჩემი შვილიშვილი ანდრიაც სტიქაროსანია და ერთად დავდივართ ლურჯ მონასტერში. ანდრია თორმეტი წლისაა და კალათბურთს თამაშობს. მისი გუნდი სტამბოლში საერთაშორისო შეჯიბრზე მიიწვიეს. მეც თან ვახლდი. ის და მისი ორი მეგობარი აია–სოფიაში წავიყვანე. იქ ღვთისმშობლის ერთადერთი ფრესკაა შემორჩენილი, იმ ფრესკასთან დავდექით და ყველამ ერთად "მამაო ჩვენო" ვთქვით. ჩემს შვილიშვილსა და მის მეგობრებს ეს ფაქტი მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ მუსლიმანთა ტაძარში "მამაო ჩვენო" თქვეს. ეს ტაძარი თავიდან სწორედ მართლმადიდებლური იდეებით შეიქმნა, მაგრამ შემდეგ მუსლიმანებმა მიისაკუთრეს.
– ბატონო თემურ, მონასტერში თუ გიცხოვრიათ?
– ათონის მთაზე ვიყავი სამი დღე. საქართველოშიც მსურდა მონასტერში წასვლა, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ვერ მოვახერხე. ხერხემალზე საკმაოდ რთული ოპერაცია მაქვს გაკეთებული, სამონასტრო ცხოვრება კი მძიმეა და გამიჭირდება. როდესაც კარგად ვიყავი და ჯანმრთელობაც მივარგოდა, მონასტერში წასვლისგან ცოტა შორს ვიყავი. საერთოდ, ეკლესიურად ყოველთვის ვცხოვრობდი და მთლად შორსაც არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი გაბედული ნაბიჯები მხოლოდ ბოლო პერიოდში გადავდგი.
– იმისათვის, რომ ადამიანმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს. თქვენს შემთხვევაში რა იყო მიზეზი?
– მართლაც, საჭიროა, რაღაცამ გიბიძგოს, რადგან სხვანაირად არ ხდება ხოლმე. ჩემს შემთხვევაშიც ასეთი რამ ალბათ იყო. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე ეკლესიურად ვცხოვრობდი. ეს უფრო შემდგომში მოხდა. საერთოდ, ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მეც ვცდილობ, ამ გზას გავყვე. თუმცა, ყველაფრის უფლისთვის დაბრალება არ შეიძლება. ზოგიერთმა ადამიანმა იცის, რომ თუ ცუდი მოხდა, მაშინვე უფალს აბრალებს.
– რაც შეეხება თქვენს განვლილ ცხოვრებას, როგორ ფიქრობთ, არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადრე შეგეძლოთ, მაგრამ ვერ გააკეთეთ?
– რა თქმა უნდა, გაცდენილი ბევრი მაქვს. უამრავი რამის გაკეთება შეიძლებოდა და ამას ახლა ვნანობ. ბევრი კარგი სიმღერის ჩაწერა და შესრულება შეიძლებოდა, თუნდაც ოპერაში ძალების მოსინჯვა. მართალია, ამ მხივ რაღაცეები გავაკეთე, თუმცა, დაგვიანებით. წლები მაინც თავისას შვრება. ოპერას ახალგაზრდული ენერგია სჭირდება, მაგრამ, როგორც მეუბნებიან, ხმაში ცინცხალი ნოტები ჯერ კიდევ მაქვს. გული მწყდება, ამდენი რომ გავაცდინე. სხვათა შორის, როდესაც უცხო ენების ინსტიტუტში ვაბარებდი, ხელაშვილი იყო, რომელმაც მითხრა, კარგი ხმა გაქვს და კონსერვატორიაში მოდიო. მაშინ იმდენად გაჭირვებული ცხოვრება მქონდა, თან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი და თან ვმღეროდი. კონსერვატორიაში რომ მივსულიყავი, მუშაობას ვეღარ შევძლებდი და ისეთი ვიღაც უნდა მყოლოდა, ვინც მაჭმევდა, ჩამაცმევდა. ალბათ ამანაც გამოიწვია ის, რომ თავის დროზე ოპერაში ვერ წავედი. ეს არის საქმე, რომლისთვისაც თავი და, საერთოდ, ყველაფერი უნდა გადადო. საოპერო ხელოვნების მსახური უნდა იყო. ეკლესიაშიც ასეა, ან უნდა დადიოდე, ან – არა. ხანდახან სიარული მე არ მესმის, რადგან ეს თითქოს ეკლესიური სწავლების არსს შეურაცხყოფს. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება სხვა არ დამეთანხმოს.
– ბატონო თემურ, რას ნიშნავს ის ფაქტი თქვენთვის, რომ ხალხი გცნობთ და უყვარხართ?
– ეს რთული კითხვაა, რადგან ხალხის სიყვარული უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე არაფერს ვიგონებ და ხალხთან ისე ვიქცევი, როგორიც ვარ. თავის მოჩვენება და თამაში არ მიყვარს. ერთადერთი, რასაც ჩემს ხალხს არასდროს ვაკადრებ, ეს არის სხვა იდეოლოგიის სიმღერა, ანუ ჩემი აქამდე ნამღერისგან განსხვავებული. მსმენელი მომღერალსა და მის იდეოლოგიას ეჩვევა და სხვას არ გაპატიებს. სანამ ცოცხალი ვარ, ვიმღერებ და როდესაც აღარ ვიქნები, ალბათ ხალხი მაპატიებს.

თეონა კენჭიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий