суббота, 2 июля 2011 г.

თემურ წიკლაური: "წაწლობა უდიდესი ვაჟკაცობის გამოვლენა იყო"

მომღერალ თემურ წიკლაურის აზრით, ზოგადად ხალხში არც ერთი ტრადიცია არ იკარგება, მხოლოდ სახეს იცვლის. სახეს რამდენად კარგად იცვლის, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოსო, აღნიშნა ბატონმა თემურმა.
მისთვის ქართული ტრადიციები მართლმადიდებლობასთან არის გადაჯაჭვული და ის, რაც ქრისტიანობისგან დაშორებულია, მისთვის მიუღებელია.
თვით წაწლობისა და სისხლის აღების ადათშიც ბატონი თემური დიდ ხალხურ სიბრძნეს ხედავს.

– ბატონო თემურ, თაობათა შორის ბრძოლაზე, ღირებულებების გადაფასებაზე რა აზრის ხართ, ეს ყოველთვის პროგრესის მომტანია?
– ახალ თაობას თავისი ხედვა აქვს. დროს თავის ცვლილებები შეაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოლიტიკაში. სწავლის მეთოდები იცვლება. ახალი თაობა სხვა ფილმებს უყურებს, სხვა გარემოში იზრდება, პრესა სხვა კუთხით აშუქებს მოვლენებს. ცდილობენ, თავი გამოიჩინონ. ადამიანთა მოდგმას ახასიათებს წინსვლის ასეთი სახე. ტრადიციებს რაც შეეხება, თითოეულ პიროვნებას თავისი ჩამოყალიბებული ტრადიცია აქვს, ოჯახს – თავისი, სახელმწიფოს, საზოგადოებას – თავისი.
– თქვენი თაობა რამდენად დამჯერი შვილები იყავით?

– მე ომის შემდგომი პერიოდის თაობა გახლავართ. გაჭირვების დღეებში ვარ დაბადებული და გაჭირვება ადამიანებს აახლოებს, საზოგადოებას უფრო შეკრულს და მობილიზებულს ხდის. მაშინ "დიდ კომუნიზმს" აშენებდნენ და ჩვენ მათი შვილები ვიყავით. მართალია, მე კომუნისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობდი. დაჯერებას რაც შეეხება, უფროს–უმცროსს შორის ყოველთვის ხდება შეჯახებები. უმცროსს არ სჯერა უფროსის, ჰგონია, რომ მასზე მეტი იცის. უფროსს მეტი გამოცდილება აქვს და ამას ადრე თუ გვიან უმცროსიც გაიგებს. შვილები ვერ დაიჯერებენ, სანამ თავიანთ თავზე არ იწვნევენ ცხოვრების მწარე მათრახს, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოხვდება.
– თქვენ ძირითადად რასთან დაკავშირებით გქონდათ მშობლებთან წინააღმდეგობა?
– თექვსმეტი წლიდან ვმუშაობ და არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია მშობლებთან. მე თვითონ შევქმენი ჩემი ცხოვრება. მშობლებთან კონკრეტული შეჯახება არ მქონია, რადგან ცხოვრებამ მიკარნახა და მაიძულა, მცირე ასაკიდან მემუშავა თავის გადასარჩენად. სიმღერაც აქედან დაიწყო.
– თქვენს შვილთან რა წინააღმდეგობები შეგხვდათ?
– მოგეხსენებათ, ჩემი გოგო მომღერალია. თითქოსდა უნდა მქონოდა წინააღმდეგობები, რადგან მე ჩემი სტილი მაქვს სიმღერის, ჩემი ფილოსოფია. მე ჩემებურად ვუყურებ ამ სფეროს, მას თავის შეხედულება ჰქონდა და აქვს. მე ვერაფრით გადავარწმუნებდი, გინდა თუ არა, ჩემნაირად იმღერე–მეთქი. ეს არ იქნებოდა ჩემგან სწორი მიდგომა. რჩევები თავისთავად არის, რადგან ერთ ოჯახში ვცხოვრობთ. ქეთინოს მაგალითი ჰქონდა "ივერიის" სახით. რაც თვითონ დაინახა, ეს მისი ხედვის ამბავია. უფრო ჩამოყალიბებული და მებრძოლი ადამიანია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, დაჟინებით რომ მიმეთითებინა რამეზე.
– მოგწონთ მისი სიმღერის სტილი?
– რატომაც არა, მე ყველაფერი მომწონს. უბრალოდ თვითონ უნდა მონახოს თავისი გაწეული და დახარჯული ენერგიით საზოგადოებაში ადგილი. იგი საკმაოდ პოპულარულია და ლამაზ სიმღერებს მღერის. კიდევ ვამბობ, იგი ახალი თაობაა, კომპიუტერის, ახალი ინფორმაციების, ე. წ. გლობალიზაციის თაობაა. კაი დრო გავა, სანამ მიხვდება ადამიანი, რომ დედამიწას საგლობალიზაციო არაფერი სჭირს.
– როგორ ფიქრობთ, იკარგება თუ არა გარკვეული ტრადიციები?
– ტრადიცია კი არ იკარგება, არამედ სახეს იცვლის. სამყაროში არაფერი იკარგება. ქალსა და მამაკაცს შორის დამოკიდებულება თავისთავად შეიცვლებოდა. იგივე ტელევიზორის შემოსვლის შემდეგ, ე.წ. დემოკრატიის შემოსვლის შემდეგ, ამ ღვთივკურთხეულ საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, არ შეიცვლებოდა? ადრე ქალი აბანოში მიჰყავდათ და მამაკაცის მხარე – დედები, ბებიები იქ ათვალიერებდნენ. იქამდე არავინ იცოდა, ეს ქალი კოჭლი იყო, ბრუციანი თუ რა სჭირდა. ეს ტრადიცია იყო. ახლა ქუჩაში მშვენივრად დაათვალიერებ, ჭიპი სად აქვს და ა.შ. გახდილები დადიან. რაღა დათვალიერება უნდა?!
– წაწლობის ტრადიციაზე რა აზრის ხართ?
– ეს უზარმაზარი ვაჟკაცობის გამოვლენა იყო. უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო მისი კაცობის, როდესაც სტუმრად მისულს, სრულიად უცხო კაცს თავის ქალიშვილს ჩაგიწვენს მასპინძელი საწოლში. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პატივისცემა და ნდობაა სტუმრის მიმართ! აქ ორივე მხარე დიდ პასუხისმგებლობას იღებს. სხვაა, რატომ უნდა ჩაეწვინათ. მთაში როგორ შემოინახავდნენ სხვანაირად ქალწულობის ინსტიტუტს ანდა ვაჟკაცობის ტრადიციას? ასეთი ფორმა იყო.
– სისხლის აღების ტრადიციაზე რას იტყვით?
– მე ვიტყოდი, რომ ეს კანონის დაცვის, ძალადობის შეჩერების ერთ–ერთი სახე იყო. თუ ერთი გაბედავდა ამის გაკეთებას, მაშინ მას მოუხდებოდა სისხლის გაღება. კბილი კბილის წილ და სისხლი სისხლის წილ – ეს ჯერ კიდევ როდის ითქვა? როცა მოსემ ჩამოიტანა თავისი კანონი და დადო, იმის მერე მოდის. შემორჩა სისხლის აღების წესი, რადგან მთა სხვანაირად ვერ შეინარჩუნებდა თავის თვითმყოფადობას და კაცობას. ერთი თუ გაიმეტებდა მეორეს, შიში ექნებოდა, რომ მასაც გაიმეტებდნენ. ეს შემაკავებელი პროცესი იყო. ეს ჩემი აზრია და არსად წამიკითხავს, ამიტომ მკითხველის წინაშე ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ნახეთ, ვაჟა–ფშაველამ როგორ გაასწრო ყველას? "ის სტუმარია დღეს ჩემი, გინდ ზღვა ემართოს სისხლისა". ნახეთ, სადამდე ასწია ადამიანის შეგნება? იმიტომ, რომ ქრისტიანი იყო. შენდობის კუთხით მიუდგა და არ განიკითხა. ტრადიცია საზოგადოებრივი პროცესია და ადვილი განსასჯელი არ არის.
– "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ეს სიტყვები ჩვენმა თაობამ აიტაცა. თვლით, რომ ევროპელები ვართ?
– რას ნიშნავს ევროპელები და რას – აზიელები, მე არ ვიცი და ეს საერთოდ მიუღებელია. ჩემი პასუხი ასეთია – მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. მე არც ევროპელი ვარ, არც აზიელი. ევროპელია კარგი თუ აზიელი? რომელია კარგი? ჩამოუყევით აზიელ ცნობილ ფიზიკოსებს, მეცნიერებს, ასტრონომებს, მაშინ რა გამოდის, ევროპელები ვინ ყოფილან? ალბათ მოსწონს ეს წინადადება ამ თაობას და არ იციან, რას ნიშნავს.
– სუფრის ტრადიცია გამორჩეულია. თქვენ რა მოგწონთ ქართულ სუფრაში?
– ახალგაზრდებს რომ გამოიყვანენ ხოლმე, აბა, ღვინის სმა რა არის, სუფრა რა არის და ა.შ. ახალგაზრდა, გამოუცდელმა ადამიანმა რა იცის, სუფრა რა არის, ან რა იცის, რა არის ქეიფი?! ბავშვი კი არ უნდა ალაპარაკო, ალაპარაკე ცოტა დიდი, გამოცდილი ადამიანი. ტრადიციის მატარებელს რატომ არ ალაპარაკებენ? რა, გლობალიზაციას უშლის ხელს?! ჩვენი წარსული, ის სიმდიდრე, რაც ქართველ კაცს გააჩნია, არის ღვინო, რომელიც არს სისხლი ჩვენი ქრისტესი და პური არს ხორცი ქრისტესი. "ახალი ტრადიცია" რა უბედური ნათქვამია?! ესე იგი ძველიც არსებობს, ხომ? კიდევ იციან – ცოცხლად მღერისო. ესე იგი მკვდარი სიმღერაც არსებობს?! ცოცხალი ლეშები ხომ არიან? ახლაც ცოცხალი მკვდრები წამოდგნენ ჩვენს უწმინდესზე და უნეტარესზე და დაიწყეს ჩვენი დედაეკლესიის შელახვა. ესენი ცოცხალი ლეშები არიან. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასეა. ახალი ტრადიცია უნდათ შემოიტანონ – აგინონ მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს. ყოჩაღ!.. (ტაშს უკრავს).
სუფრის ტრადიციას რომ დავუბრუნდეთ, როგორია დღევანდელი სუფრა? წამლის გაკეთება და მარიხუანას მოწევა? ისეთ საზოგადოებაში არც უნდა დაჯდე, სადაც აყალმაყალი ატყდება. ღვინო ამჟღავნებს ადამიანის ბუნებას. ტრადიცია ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული შეხედულებაა. უნდათ, რომ ვაჟა–ფშაველა სასკოლო პროგრამიდან ამოიღონ, ასევე შოთა რუსთაველი და უნარ–ჩვევების ჩასმას აპირებენ. ბავშვს თუ ბილეთი აქვს, ორსულ ქალს არ უნდა დაუთმოს ადგილი და თუ მშობლები შვილს გაუწყრებიან, შვილმა სასამართლოში უნდა უჩივლოს – ეს არის ახალი ტრადიცია?!
– თქვენი აზრით, ამგვარ "რჩევებს" ჩვენი შვილები გაითვალისწინებენ ოდესმე?
– ალბათ გაითვალისწინებენ. სამყარო დადებითი და უარყოფითი ძალებისგან შედგება. ხან შავი ძალები მძლავრობენ, ხან – ნათელი. ეკლესია მიუთითებს, გიყვარდეს მოყვასი შენი, არა კაც კლა, არ მოატყუო, პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა, გიყვარდეს ერთი ღმერთი. გააკეთე ეს ყველაფერი და აღარ არის საჭირო სხვა რამის ძებნა! ყველგან ხელის ფათური არ შეიძლება. მით უმეტეს, უწმინდესის შეხება იგივეა, რაც მთელი საქართველოს სულში ფათური. ამიტომ ამაზრზენია, რაც მოხდა. ის ადამიანი, ვინც მას შეეხო, განსჯის კი არა, დასჯის ღირსია. საზოგადოებამ უნდა მოიშოროს, მაგრამ ხედავთ, რომ ჩუმად არის?
– ქართულ ოჯახში მამაკაცის პრიორიტეტულობა იყო და ახლაც არის. ქალი ქმრის მორჩილად ითვლებოდა, შვილების გამზრდელად და დიასახლისად. კაცი კი ოჯახის მარჩენალი იყო. ახდაც ასე უნდა იყოს?
– კი, ეს ქრისტიანული შეხედულებაა. ბიბლია არის პირველი წიგნი მთელ დედამიწაზე. იქ წერია, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი მამაკაცისა, მაგრამ ქალი კისერი არის, საითაც უნდა, იქით შეუძლია მიატრიალოს თავი. ქალს ამდენი ჭკუა უნდა ეყოს. გადახედეთ შუა საუკუნეებს. იმ პერიოდში შეუძლებელი იყო, ქალს დიდი ცოდნა ჰქონოდა და ყველას არც ეცალა წერა–კითხვის სასწავლად. ქალს რა ევალებოდა? ოჯახის შენახვა და შვილების გაჩენა, რომ ერი არ გაწყვეტილიყო. კაცს ხმალი ეჭირა და აღმა–დაღმა დარბოდა. ქალი თუ იჯდა სახლში და კაცი მუშაობდა, ეს იმიტომ, რომ ის კაცი მეტ პატივს სცემდა ქალს. დღეს ქალები საბერძნეთში, თურქეთში ჰყავთ გაგზავნილი სამუშაოდ, რომ აქ ნარკოტიკების ფული იშოვონ კაცებმა. 500 ათას ნარკომანს ინახავენ საქართველოს ქალები! 500 ათასი ნარკომანი კი მთელი საქართველოა. ნარკომანია დაავადება კი არა, სამშობლოს ღალატია!

ანა ნოდია

Комментариев нет:

Отправить комментарий