суббота, 2 июля 2011 г.

სული სხვანაირად არ იწვრთნება: ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო!


ერთმანეთს 17 აპრილს, ბზობას შევხვდით. ეკლესიიდან მოდიოდა სადღესასწაულო მსახურების შემდეგ - სტიქაროსანია.
მითხრა: ისეთი გრძნობა მაქვს, ეს ინტერვიუ ჩემი ვაჟის - გიორგის ხსოვნას ეძღვნებაო.იქნებ, ასეც არის, რადგან ის ხსოვნა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენ კი დღეს ამ ცხოვრების პირისპირ ვდგავართ, ასე, საქვეყნოდ. არ უხერხულობს, რადგან თვითონაც ამ ქვეყნისაა, ამ ხალხის, რომელსაც 45 წელიწადია, უმღერის, რომელმაც ძალიან შეიყვარა და დღესაც სიამოვნებით უსმენს. ამჯერად ხალხს მის ნაფიქრალსა და გულწრფელ ნათქვამს მოვასმენინებთ და არა - ნამღერს... ჩვენს პირისპირ მომღერალი თემურ წიკლაურია.

- კოჯორში გავიზარდე. ლაღი ცხოვრება არ მქონია. სიმღერა კი ძალიან მიყვარდა. პატარ-პატარა კომპოზიციებსაც კი ვქმნიდი, მაგრამ ჩვენთან მუსიკალური სკოლაც არ იყო, თუნდაც ნოტები რომ მესწავლა. 14 წლის ვიყავი, კოჯორში დასასვენებლად ამოსული ჯემალ ბაღაშვილი რომ გავიცანი. იცოდით, რომ ჯემალი ახალგაზრდობაში სპორტსმენი იყო, "შტანგისტი" (იცინის)? დაკუნთული სხეული ჰქონდა.
იმხანად 19 წლის იქნებოდა. მე და ჩემი მეგობრები გვერდიდან არ ვცილდებოდით - აღფრთოვანებით ვუსმენდით გიტარაზე მის დაკრულს. კოჯორმა დაგვამეგობრა და მოგვიანებით სწორედ ამ მეგობრობამ მიმიყვანა "ივერიაში", თუმცა მანამდე... სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე.
ვფიქრობდი, რომ ინგლისური ენის პროფესიულად შესწავლით საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას მოვახერხებდი. მაგრამ ოჯახს მატერიალურად უნდა დავხმარებოდი, ამიტომ სწავლის პარალელურად მუშაობაც მიწევდა. "პლეხანოვზე", დიდი უნივერმაღის (ახლა რომ "თი-ბი-სი ბანკია") გალანტერიის საწყობში უთენია ვცხადდებოდი, ვალაგებდი და 9 საათისთვის ინსტიტუტში მივდიოდი.
ასე რომ, ხელფასი, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი - დაახლოებით, 100-120 მანეთი მქონდა, უშრომელად ერთხელაც არ ამიღია. მუშაობისა და სწავლის პარალელურად კი ინსტიტუტის ანსამბლში ვმღეროდი. მალევე, 1967 წელს, ახალშექმნილ ანსამბლ "ციცინათელაში" მოვხვდი. ჯემალი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. იმხანად ხშირად ვერ ვნახულობდი - "ციცინათელასთან" ერთად სულ გასტროლზე ვიყავი, მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარე.
ამის გამო საღამოს განყოფილებაზეც კი გადავედი. დავოჯახდი კიდეც - მეუღლე, ლილი ზღვაურიც "ციცინათელაში" გავიცანი. ერთად ვმღეროდით და ვცეკვავდით იქ. მერე კი ჯემალმა "ივერიაში" მიმიწვია. მეც დავთანხმდი და მას შემდეგ - 1971 წლიდან "ივერიელი" ვარ და არა მარტო მე - ლილიც წავიყვანე...
- ბატონო თემურ, უდიდესი ტრაგედია დაგატყდათ თავს - 6 წლის ვაჟი, გიორგი გარდაგეცვალათ. ასეთი უბედურება ხშირად ცვლის ადამიანებს, ხანდახან ოჯახებსაც ანგრევს ან მეორე შვილისადმი აგრესიას იწვევს...
- ოჯახებსაც ანგრევს და ადამიანებსაც. ჯანსაღი, საღ-სალამათი შვილი დამეღუპა და, ალბათ, ექიმების მიზეზით. კონკრეტულად ვერავის დავადანაშაულებ, ის კი ვიცი: რომ ჩავძიებოდი ამ ამბავს, თოფი უნდა ამეღო და ვიღაც მომეკლა. იმხანად ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი მართლაც ფასობდა, მეხის გავარდნასავით იყო. ნუ მიწყენთ და, იმ დროს სიყვარულიც და პატივისცემაც მეტი იყო. 1990-იანმა წლებმა გააუფასურა სიკვდილიც და სიყვარულიც. თუნდაც ახლა, მასმედია ყოველდღე რომ ვიღაცის მკვლელობით, გაუპატიურებით, გაძარცვით, ჩვილის გადაგდებით, მამათმავლობასა და ათასგვარ უხამსობაზე საუბრით იწყებს საინფორმაციო გამოშვებებს. კი მაგრამ, სიკეთე აღარ ხდება ამ ქვეყნად? დაიწყე, რომ რომელიღაც სამშობიაროში, ვთქვათ, ათი ბავშვი დაიბადა, სადღაც კიდევ კარგი ამბავი მოხდა.
სასიამოვნო მოჰყევი და თუ გინდა, კვირაში ერთხელ გამოაცხადე ის ცუდი ამბავიც. ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელია და არა - გაუგებარი წარმომავლობის რელიგიის. მეტი რა უნდა მოგცეს სამყარომ, როდესაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი ხარ, უფლის კვართი შენს ქვეყანაშია დაბრძანებული, წმინდა გიორგი მფარველობს და კიდევ მრავალი სიწმინდე ინახება შენს მიწაზე! ამას იცით, რატომ ვამბობ? მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების დასაწყისში უბედურება დამატყდა თავს და დამანგრია, უმნიშვნელოვანესი რამეც მოხდა:
ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამიდგა გვერდით მთელი საქართველო. იმხანად მიუზიკლ "არგონავტებზე" ვმუშაობდით. 10-15 აპრილს პრემიერა უნდა გვქონოდა, ჩემი გიორგი კი ხარებას - 7 აპრილს დაიღუპა. ანსამბლის წევრებს ვუთხარი, მეყოფა, რაც ვიმღერე, ახლა თავი უნდა დამანებოთ, ჩემთვის მინდა ვიყო-მეთქი. გაგიჟდნენ. წამიყვანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. უწმინდესი კარგა ხანს მელაპარაკა, მომცა სანთელი, წიგნი და დამარიგა, წიგნი 40 დღეს იკითხე და კითხვისას სანთელი აანთე ხოლმეო (ისეთი დღეებია, რადგან იმ განცდების გახსენება მთხოვეთ, რამაც დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა ჩემში, მეც გულახდილი ვარ და გიყვებით იმას, რაც ასე სახალხოდ არასდროს მომიყოლია).
გინდ დამიჯერეთ, გინდ არა: მეორმოცე დღეს დავასრულე წიგნის კითხვა და იმავე დღეს ჩაიწვა სანთელიც. ერთ კვირაში დავდექი სცენაზე და მალე "არგონავტებით" მთელი საქართველო მოვიარეთ - 100 კონცერტი ჩავატარეთ. ეს გასტროლი ჩემთვის სიკვდილს უდრიდა - აუტანელი ტკივილი უნდა დამეძლია, საკუთარ ტკივილში უნდა "მოვხარშულიყავი" და გამოვბრძმედილიყავი. ალბათ, სული სხვანაირად არ იწვრთნება:
ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო. საქართველოს თითოეულ ქალაქში ნებისმიერი წარმოდგენა იწყებოდა იმით, რომ მაყურებელი ფეხზე დგებოდა და სანთელს გვინთებდა. ეს ხომ დაუჯერებელია? ასეთ თანაგრძნობასა და პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემი უბედურებისადმი, ჩემდამი, ანსამბლ "ივერიისადმი"... უკვე კარგა ხანია, ინდივიდუალურად მიწევს გამოსვლა.
ან ვინმეს დაბადების დღეა, ან ვიღაც კონცერტს აწყობს, უარს არავის ვეუბნები, მაგრამ არც ჰონორარს ვიღებ. ყოველთვის საქართველოსთვის ვმღერი და ამით ვეუბნები მადლობას ჩემს ქვეყანას, ხალხს უდიდესი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისათვის, ჩემი სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის, გიორგის სულის მოხსენიებისთვის... სიცოცხლის ძალა მომეცა. უფალი მაძლიერებს და მიმიყვანა კიდეც ეკლესიაში: 4 წელიწადია, ლურჯი მონასტრის სტიქაროსანი ვარ. მერე ჩემი შვილიშვილი, 13 წლის ანდრიაც მივიყვანე, ისიც სტიქაროსანია და დღეს უკვე ერთად ვემსახურებით უფალს...
- თქვენს მეუღლეს, ქალბატონ ლილისაც, ალბათ, თქვენ ამხნევებთ.
- ლილი ჩემზე ძლიერია. იმ უბედურებამდე მე მოქეიფე და მონადირე კაცი ვიყავი. საქეიფოდ პატარა გიორგისაც დავატარებდი ხოლმე. უბეში მეჯდა, თავამოყოფილი და ასე "ვქეიფობდით" ერთად. გასაოცარი სიყვარული გვქონდა. თითქოს ზედმეტადაც მიყვარდა. ლილი კი ყოველთვის ზომიერი იყო, მშვიდი, რელიგიური. ამიტომაც ვაჯობეთ ტკივილს. ქეთი კი, ჩვენი ქალიშვილი, იმხანად 12-13 წლის იყო. შეგვეშინდა, ბავშვს სულიერი ტრავმა არ მიეღო და ყველანაირად გავარიდეთ მძაფრ განცდებს.
- ცხოვრება გაგრძელდა. აგერ ანდრია გყავთ. მეგონა, მასაც შევხვდებოდი.
- ეკლესიიდან ერთად წამოვედით, მაგრამ შინ დავტოვე, ჩინურის მასწავლებელთან უნდა წასულიყო (გაოცებას ვერ ვმალავ. ჩინური იეროგლიფების სწავლა მართლა "ჩინური" მგონია - ი.ხ.). რატომ არ უნდა იცოდეს - ნახევარი დედამიწა ჩინურად ლაპარაკობს და ვფიქრობ, საჭიროა (იღიმის). ძალიან კი არ ეხალისება, მაგრამ იცის, რომ რაც მეტი ეცოდინება, უკეთესია. არაჩვეულებრივად ხატავს, ინგლისურსაც სწავლობს, რაც მთავარია, მშობლიურ ქართულს სწავლობს საფუძვლიანად. ნეტავ, ბავშვობაში ჩემთვისაც დაეძალებინათ სწავლა, ან სახრით ვეცემე ვინმეს, ან კარგად გაელაწუნებინა, არ ჯობდა? ასე რომ, ჩემსა და მის ბავშვობას შორის პარალელსაც ვერ გავავლებ: მას რომ პაპა ჰყავს (საკუთარ თავს გულისხმობს), მე ისეთი არ მყოლია (იცინის).
ისედაც, ანდრია სხვა დროის შვილია. მე ხალხის შვილი ვარ, ხალხმა მომიყვანა აქამდე. ისეთი მეგობრები მყავს, ერთ ამოსუნთქვად ღირს. ანდრიასაც ვუსურვებ, ასეთები შეხვედროდნენ ცხოვრების გზაზე. მთავარია, კარგი ბიჭია და ვგრძნობ, გული საგულეს "უმუშავებს", იქ, სადაც ღმერთი ბუდობს. ძალიან მეიმედება და დარწმუნებული ვარ, ის და მისი თაობა მართლაც დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრებენ. ჩამოყალიბდება ეს ქვეყანაც, აბა, რას იზამს! ღვინო ერთ დღეში ხომ არ დგება? რომ დააყენებ, ჯერ უნდა დადუღდეს, მერე ჭაჭა ამოიღო (ამ ეტაპს, მგონი, გადავცდით). მერე იწმინდება ღვინო, გადაიღებ და მხოლოდ ასეთია სასმელად კარგი, თორემ ახალი ღვინო გაგანადგურებს. ეგრეა ჩვენი ცხოვრებაც...

ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

Комментариев нет:

Отправить комментарий