суббота, 2 июля 2011 г.

თემურ წიკლაური: "სკოლებში მოძღვარი აუცილებელია"


თემურ წიკლაური უმნიშვნელოვანეს ტრადიციად მიიჩნევს მოყვასის თანადგომასა და სიყვარულს. თვლის, რომ ეს არ უნდა დაიკარგოს, რადგან ჩვენი გადარჩენის ერთადერთ გზას სწორედ ამაში ხედავს. ბატონ თემურს 13 წლის შვილიშვილი, ანდრია ჰყავს, რომელსაც ხშირად ურჩევს, რომ წიგნი იკითხოს და, ზოგადად, წიგნის კითხვის სიამოვნებას ეზიაროს. მაშინ, როცა უფროსი თაობა ერთი ხელის მოსმით ამბობს, რომ კომპიუტერი ცუდია, ბატონ თემურს ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო შეხედულება აქვს და ამბობს, რომ ყველაფერი კომპიუტერს არ უნდა დაბრალდეს. მისი აზრით, მთავარი ბავშვის სწორი აღზრდა და სწორი მიმართულების ჩვენებაა. ეს კი, პირველ რიგში, მშობელმა და მასწავლებლებმა უნდა იტვირთონ. "გუმბათი" თემურ წიკლაურს ტრადიციებზე სასაუბროდ შეხვდა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა. ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ბატონო თემურ, რამდენად ტრადიციული ბრძანდებით?

– ტრადიციული ვარ და ტრადიციებს ვიცავ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონეცკში ვიყავი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ჩვენ, ორივე, ერთ დღეს, 22 იანვარს ვართ დაბადებულნი. წელს გადავწყვიტეთ, რომ დონეცკში აღგვენიშნა ორივეს და ამიტომაც ჩავედი. ესეც ერთგვარი ტრადიციაა ჩემთვის, როდესაც ამ ქალაქში ჩავდივარ, ეს არის მეგობრობის ერთგვარი გამოხატულება. თავდადება მეგობრისა და მოყვასისადმი, ეს არის ჩვენს სისხლსა და ცნობიერებაში გამჯდარი ტრადიცია. ეს საამაყოა, რომ ქართველებს ასეთი სიყვარული გვერგო. საერთოდ, ტრადიცია არის ადამიანის მოქმედება, რომელიც ასწლეულებისა და ათასწლეულების გამოცდას უძლებს. რომ ამბობენ, ახალი ტრადიციაო, ასეთი რამე არ მესმის. ტრადიცია ხომ სიძველით განისაზღვრება. უფალს როდესაც ეკითხებიან, რა მოვიმოქმედოთო, იგი ამბობს, რომ "მამაო ჩვენო" იკითხეთო. ასევე ამობს, რომ მოყვასის სიყვარული და მსახურება შეძელითო. ჩემი აზრით, ესეც ტრადიციაა. ჩვენ მთელი ორი ათასი წლის მანძილზე ვიწრო, ეკლიან გზაზე დავდივართ. უამრავი შემოსევა გვაქვს გადატანილი. მარტო ერეკლე || მაგალითიც კმარა, რომელმაც ას ათასი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენ ერთმანეთის გატანის ტრადიცია რომ არ გვქონოდა, ალბათ გაგვიჭირდებოდა, აქამდე მოგვეღწია. ქართველ კაცს მიზანი ყოველთვის ჰქონდა, თუ რისთვის იბრძოდა. ჩვენ რომ ყველასთან ფარ–ხმალი დაგვეყარა, დღეს ან თურქები ვიქნებოდით, ან ოსმალები, ანდა მონღოლები. მე ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია სწორედ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომაა და გადარჩენის ერთადერთ გზას მასში ვხედავ.
– თქვენსა და დღევანდელ თაობას რომ ადარებთ, რა არ მოგწონთ ახალგაზრდებში?
– თაობებს შორის თანხმობა არასდროს ყოფილა და ალბათ არც იქნება. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომელიც ყველა თაობას თავის სიახლეს სთავაზობს. მით უმეტეს, ახლა, ისეთი პერიოდია, როდესაც ტელევიზიები და სხვადასხვა ქვეყნები საკუთარ იდეოლოგიას თავს გვახვევენ. მე არ მესმის ის დამოკიდებულება, რაც ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა, რომ სკოლებში სექსუალური სწავლება შემოიღონ. სხვათა შორის, გივი ბერიკაშვილი ამბობს ხოლმე, რომ ქართველებმა ეს საქმე ძალიან კარგად იცოდნენ, ხალხს ათი–თორმეტი შვილი ჰყავდა, ქვეყანა მრავლდებოდა და ახლა ისეთი რა უნდა გვასწავლონ, რაც არ ვიცითო. დღევანდელი თაობა მომწონს. საქართველოს ღვთის წყალობა და ნიჭი არასდროს მოჰკლებია. ჩვენს სულიერებას განსაზღვრავს ის, რომ პირველ საუკუნეში უფლის კვართი ჩამოიტანეს და აქ დაკრძალეს, ის, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ის, რომ წმინდა გიორგი არის ჩვენი მფარველი. ხომ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, ზოგან ყველაფერი იყინება, ზოგან სიცხისგან იხუთებიან. ჩვენ კი ყველაფერი აგვაცილა უფალმა და ეს კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მადლობა ღმერთს, რომ არც ვიყინებით და არც ვიწვით. ჩვენ რომ ეს მადლი არ გვქონდეს, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდით. ასეთ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი არ გაიაზროს და მთელი გულით არ მიიღოს. ის თაობა, რომელიც ღია გულის კარით ხვდება ამას, სულ სხვანაირად აღიქვამს რეალურ ცხოვრებას რეალურ დროში, ვიდრე ჩვენი თაობა აღიქვამდა. იმიტომ, რომ ჩვენ პერიოდში ეს ყველაფერი დახურული იყო, ცხრაკლიტულში იყო და თუ ვინმე ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა, ისჯებოდა. მაშინ სულ სხვა იდეოლოგიას გვთავაზობდნენ. ახლა კი, როდესაც ყველაფერი გაიღო, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ეკლესიები სავსეა ახალგაზრდებით. უწმინდესის ერთ–ერთი მონაყოლიდან ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქებმა ჩვენს პატრიარქს უთხრეს, ჩვენს ეკლესიებში სამოცდაათი წლის ზემოთ მყოფი ხალხი დადის და თქვენთან ახალგაზრდები ჭარბობენო. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საზოგადოებას შესანიშნავი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სწორ გზაზე იარონ. ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ და ნიჭი სწორად უნდა გამოვიყენოთ. საზღვარგარეთ ბევრი ქართველი მეცნიერია, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან. არსებობს კოსმოსური და ატომური სადგურები, სადაც წამყვანი პოზიციები ქართველ მეცნიერებს უკავიათ. ჩვენში დიდი პოტენციაა ჩადებული და ამას მოფრთხილება უნდა.
– დღევანდელ ახალგაზრდა მომღერლებზე რას გვეტყვით?
– არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც უცხოურ სიმღერებს გენიალურად მღერიან. სხვისი სიმღერის მღერა ადვილი არ გეგონოთ, მაგრამ ის ხომ მაინც სხვისია. როდესაც თავისი სიმღერის მღერას ისეთივე დონეზე ისწავლიან, როგორც უცხოურს მღერიან, აყვავება მერე ნახეთ. ხომ გაგიგიათ გამოთქმა: თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო. ასე მოგვდის ჩვენც. განა, იმას ვამბობ, რომ უცხოური არ იმღერონ, პირიქით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქართულ სიმღერას ნუ დაივიწყებენ. ჩვენ პერიოდში უცხოური სიმღერა იკრძალებოდა, ამ სიამოვნებას მოკლებულნი ვიყავით. სამოცდაათიან წლებში ვიმღერეთ "სუპერ სთარიდან" რაღაც ნაწყვეტები და ისეთი ამბავი ატყდა, ვერ წამოიდგენთ. მახსოვს, რუსეთში გვქონდა გასტროლები და რუსების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გვეუბნებოდნენ, ამ სიმღერებს რომ ასრულებთ, არ გიჭერენო? ერთხელ, მახსოვს, ციმბირში ვიყავით გასტროლებზე და მინდოდა "ჰავა ნაგილა" მემღერა, რომელიც ებრაელთა გამაერთიანებელი სიმღერაა. ეს რომ გაიგეს, ლამის იქაურობა დამატოვებინეს, არადა, ისედაც ციმბირში ვიყავი და სადღა გადამასახლებდნენ. ჩვენ ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ახლა კი, რასაც გინდა, იმას იმღერებ.
– თქვენი შვილიშვილი 13 წლისაა, მასთან თუ კამათობთ, თუნდაც იმაზე, რომ გამუდმებით კომპიუტერთან არ იჯდეს?
– კომპიუტერმა ყველა საზღვარი გადმოანგრია ჩვენს ცხოვრებაში და უმაგისოდ დღევანდელობა წარმოუდგენელია. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან მასში უამრავი კარგი და საინტერესო პროგრამაა. თუმცა, ბავშვს მიმართულება უნდა მისცეს მშობელმა, თუ რას უყუროს კომპიუტერში. მშობელმა უნდა აუხსნას, რომ ჯობია საინტერესო საიტებზე შევიდეს. ამიტომ მარტო კომპიუტერსა და ბავშვს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ბევრ მშობელს ეზარება ყურადღების მიქცევა, მათთვის მთავარია, ბავშვი სახლში იყოს, მერე რა მოხდა თუ კომპიუტერთან ზის. იმას კი არ უკვირდებიან, იმ კომპიუტერში ბავშვი რას უყურებს. ეს უარესია, რადგან თუ იქ ბავშვმა ცუდი რამ ნახა, გარეთ რომ გავა, ამას გაიმეორებს. მშობლის დანიშნულება ისაა, რომ მიმართულება მისცეს შვილს, სწორად უნდა აღზარდოს. სკოლამაც იგივე როლი უნდა შეასრულოს. ახლა სკოლებში მანდატურები რომ ჰყავთ, ალბათ კარგია, რადგან წესრიგს ამყარებენ, მაგრამ თავისი არსით ისინი პოლიციელები არიან. ამდენი თაობა გავიზარდეთ და სკოლაში პოლიციის ყოფნის საჭიროება არასდროს ყოფილა. პოლიციელის აღზრდილი ბავშვიც პოლიციელი გამოვა, ახალგაზრდები მთლად სტერილურად არ უნდა აღიზარდონ. ჩემი გადმოსახედიდან, უმჯობესი იქნებოდა სკოლაში შეეყვანათ სასულიერო პირი, ვიდრე პოლიციელი, რომელსაც ძველქართული სახელი – მანდატური უწოდეს. მოძღვარი სკოლაში აუცილებელია, რომ მან ბავშვებს სიკეთე დაანახოს. პატარებს მისი არ შეეშინდებათ, მანდატურის კი ეშინიათ. შიშით აღზრდილი ბავშვი საშინელებაა. ის გულში ჩაიდებს ყველაფერს. ჩვენ დროსაც იყო ასეთი იდეოლოგია, რომ ბავშვებს რატომღაც პოლიციელობა უნდოდათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ამაში ძალას ხედავენ და უნდათ, სხვები მათ დაემორჩილონ. ბავშვის აღზრდა რთული საკითხია და ყველა ვალდებულია, რომ სწორად გააკეთოს ეს, მანდატური იქნება, მასწავლებელი, მშობელი თუ სულიერი მოძღვარი.
– კომპიუტერმა წიგნი ნაწილობრივ ჩაანაცვლა. შვილიშვილს ურჩევთ ხოლმე, რომ წიგნი იკითხოს?
– რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეუბნები, რომ წიგნი წაიკითხოს. ეს პრობლემა ალბათ ყველა ოჯახში დგას და გასაკვირიც არაა, რადგან უფრო ადვილია, სურათებს უყურო და იქედან აღიქვა ნაწარმოები, ვიდრე დაჯდე და წიგნი იკითხო. ჩემი შვილიშვილი ასე თუ ისე კითხულობს. ცოტა კიდევ რომ წამოიზრდება, უფრო მეტად მიხვდება, რას ნიშნავს წიგნის კითხვა, რამხელა სიამოვნებაა, როდესაც კითხვაში დაგათენდება და არ გინდა წიგნის სამყაროს მოსწყდე. ეს ბედნიერება წინ აქვს. ამდენი ათასწლეულია წიგნი მთელ სამყაროს მოსდევს და შეიძლება, ის კომპიუტერმა მთლიანად ჩაანაცვლოს. თუმცა, მე, როგორც ძველი თაობის წარმომადგენელი, მაინც წიგნის კითხვას ვარჩევ. წიგნი თითქოს შენია, ახლოსაა შენთან, შეგიძლია ყველგან იკითხო და სადაც წახვალ ჯიბით ატარო. მაგრამ, როგორც ჩანს, ტექნიკურ რევოლუციაში დაბადებულ თაობას სულ სხვა წარმოდგენა აქვს. თავიდან, ნათურა რომ გამოიგონეს, ხალხი ამის წინააღმდეგიც იყო, ისევ სანთელი უნდოდათ. ტელეფონი რომ შემოვიდა, არც ეს მიუღიათ ადვილად. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტექნიკური პროგრესი მუდმივად თან სდევს დედამიწას, რომელიც მას დაღუპვისკენ და არა აღზევებისკენ მიაქანებს. ჩვენ თვითონ ვართ საკუთარი თავის მტრები.
– ქართული სუფრაც ჩვენი ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
– სუფრის, ქეიფის ტრადიცია ყოველთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუდამ დამპყრობლები ებრძოდნენ, ქართველი კაცი სუფრას მაინც არ ივიწყებდა. იცოდა, საფრთხე ელოდა, შეიძლება მომკვდარიყო კიდეც ამ ბრძოლაში, მაგრამ ქეიფს მაინც განაგრძობდა. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ჩვენში ეს ტრადიცია ისევ არის შემორჩენილი. სუფრა ძალიან საინტერესო რამაა, რომელსაც თავისი თამადა და მეინახეები ჰყავს. სუფრა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ერთად არიან ახლობელი ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ერთად ყოფნის სიტკბოებას ეზიარონ. თორემ უცხოები არ სხდებიან საქეიფოთ. ამდენად, ეს ტრადიცია მეტად მნიშვნელოვანია, რათა ურთიერთობები არ დაიკარგოს.
– თამადის ინსტიტუტზე რას გვეტყვით?
– ქართველებს სუფრა საინტერესო გვაქვს იმითაც, რომ გვყავს თამადა, ანუ წამყვანი. უფალმაც ხომ ასე თქვა, რომ ცხვრის ფარას წინ აუცილებლად უნდა მიუძღოდეს ერკემალი თხა. თუ იგი კარგად ივლის, ფარაც კარგად წავა და თუ ის გადაიჩეხა, მასთან ერთად ყველა ცხვარი იჩეხება. ასეა სუფრაზეც, რადგანაც თამადა იმ წინამძღოლის როლს ასრულებს, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს. სადღეგრძელო უნდა თქვას, იმღეროს, იხუმროს. თუ სიმღერა თავად არ შეუძლია, გვერდით მომღერალი უნდა დაისვას და ა.შ. თამადა უნდა იყოს გამოცდილი, ნაკითხი, ჩახედული უნდა იყოს პოეზიაში, საერთო განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული. მისი თვალთახედვა სუფრის წევრებსაც უნდა გამოადგეთ. ადვილი არაა თამადის არჩევა, ყველა მეორე ვერ ითამადებს. ამიტომაც არის, რომ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი სუფრაა, ადამიანები ცდილობენ, თამადა კარგად შეარჩიონ. მე სადღეგრძელოს ვადარებ კარგ ლოცვას. იგი ლოცვის ერთ–ერთი ფორმაა, რადგან, როდესაც ვინმეს ადღეგრძელებ, მას ლოცავ, აქებ და ამით სტიმულს აძლევ. შეიძლება ძალიან აქო და ადიდო ვიღაც, მაგრამ სინამდვილეში ასეთი კარგი ადამიანი სულაც არ იყოს. თუმცა, ამ ქებით, მას შეიძლება უბიძგო იმისკენ, რომ მართლაც ასეთი გახდეს. ადრე ქეიფი ხშირად მიწევდა. "ივერიას" დღეში სამი–ოთხი კონცერტი ჰქონდა და, შესაბამისად, სამი ბანკეტი გვქონდა, დილით, შუადღეზე და საღამოს. ყველა საჭიროდ თვლიდა, რომ სუფრა გაემართა, რადგან ჩვენი მარტო კონცერტი კი არ იყო საინტერესო, არამედ ქეიფიც.
– გვითხარით სადღეგრძელო, რომელსაც განსაკუთრებულად სვამთ.
– ასე ვერ გამოვარჩევ. ძველ დროს ასე იყო, რომ აუცილებლად სვამდნენ უფლის სადღეგრძელოს, მერე მეფის, თავისი ქვეყნის, გარდაცვლილების და ა.შ. მეფის სადღეგრძელო აუცილებელი იყო, იმიტომ, რომ ის იყო ქვეყნის წინამძღოლი. შეიძლება მეფე არ ჰყვარებოდათ, მაგრამ მისი სადღეგრძელო მაინც უნდა დაელიათ. ასე რომ, სუფრა მნიშვნელოვანი რამაა ჩვენს ცხოვრებაში და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ ქეიფი ცუდია, არ შეიძლება. ამას ამბობს ის, ვინც არ იცის ქეიფისა და სუფრის დანიშნულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი შეურაცხყო, ვინც ეს იცის. ქეიფში გაცილებით დიდი რამეა ჩადებული, ვიდრე მუცლის გავსება და უზომო ჭამა–სმა. მერე რა, თუ ვიღაც სადღეგრძელოს ყანწით სვამს? ამის გამო მასზე არ უნდა თქვა, რომ მხოლოდ დალევა აინტერესებსო. შეუძლია და იმიტომ სვამს ყანწით, შენ თუ არ შეგიძლია, უბრალოდ არ დალიო და ვინც დალია, იმას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ერთი ასეთი ამბავი გამახსენდა, რომელიც კოლუმბიაში შეგვემთხვა. 1974 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ვიყავით ამ ქვეყანაში. ერთხელ რესტორანში ვქეიფობდით. გვერდით მაგიდასთან ერთი ქალი და კაცი ისხდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, სადღეგრძელოებს ვსვამდით, თან ბევრს ვლაპარაკობდით, გვენატრებოდა ჩვენი ქვეყანა, ოჯახები და ასე სადღეგრძელოებში გამოვხატავდით ამას. ამ კაცს გაუკვირდა და გვკითხა, ვინ ხართ ასეთები, რომ ამდენს ლაპარაკობთ სუფრასთანო. ჯემალ ბაღაშვილმა აუხსნა, რომ ჩვენ ასეთი ტრადიცია გვქონდა. იმ კაცმა გვითხრა, თქვენ ამიხსენით ასე რატომ სვამთ და მე სუფრას გაგიშლითო. ასე გაიშალა სუფრა, დავიწყეთ ქეიფი და გარდაცვლილების სადღეგრძელოს რომ მივადექით, ეს კოლუმბიელი გაოცდა. ჩვენ ავუხსენით, რომ ყოველდღე ან კვირაში ერთხელაც რომ გვექეიფა, გარდაცვლილებს მაინც ვახსენებდით. ეს ძალიან გაუკვირდა და ტირილი დაიწყო. გვითხრა, ჩემი ძმა ოთხი წელია გარდაცვლილია და იმის საფლავზეც კი არ ვყოფილვარო. მშობლების სადღეგრძელოს მნიშვნელობაც რომ ავუხსენით, ესეც გაუკვირდა. თქვა, დედაჩემისთვის ორი წელია, არც კი დამირეკავსო. ეს კაცი კოლუმბიის პოლიციის შეფი, ანუ მინისტრი აღმოჩნდა. დედაქალაქიდან მეორე ქალაქში იყო ჩამოსული, ვიღაც ქალთან ერთად, დროის გასატარებლად. იმდენად გადაირია ჩვენი სუფრითა და ტრადიციებით, რომ პირობა მოგვცა, რომ დედასაც ინახულებდა და ძმის საფლავზეც მივიდოდა.

თეონა კენჭიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий