суббота, 2 июля 2011 г.

"მონადირეც" ვარ, მესაკუთრეც, ეჭვიანობის რა მოგახსენოთ?!”

"მე საქართველომ ფეხზე დამაყენა, ჩემი ქვეყანა გვერდში დამიდგა, მაშინაც, როცა ძალიან მიჭირდა. საქართველოს შვილი ვარ, მას ვეკუთვნი და არა მაქვს უფლება, სადაც დამიძახებენ, არ მივიდე, არ ვიმღერო. არავინ გეკითხება, გინდა თუ არ გინდა, გემღერება თუ არ გემღერება. "ივერია" ხალხის საკუთრებაა და მისი წევრებიც ვალდებულნი ვართ, ხალხის სამსახურში ვიყოთ", - მითხრა ინტერვიუს დასასრულს ბატონმა თემურ წიკლაურმა. ცოტა ხნის წინ საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს, რისთვისაც მადლობას უხდის ქალაქის მერს. ამბობს, რომ ეს უდიდესი ტვირთია მისთვის. ამ ტვირთის საზიდად, კიდევ ბევრი შრომა მოუწევს...

- საინტერესოა, როგორ მუსიკას უსმენთ?
- სერიოზულს. მაგალითად, მოცარტს, ჩაიკოვსკის. მიყვარს ოპერები.
- როკი?
- კარგად შესრულებული ყველაფერი კარგია. თუმცა ძალიან ჩახლაფორთებულ ჯაზს ვერ ვუსმენ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მარტოობა მომწონს, კითხვას და მუსიკით ტრფობას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. მეგობრები ვიკრიბებით კვირაში ერთხელ მაინც, ერთმანეთს დაგროვილ შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ხოლმე.
- ეს სუფრასთან ხდება?
- საქართველოში აბა, სხვაგან სად მოხდება?! ჩვენს საძმოს ჩვენი კანონები გვაქვს, კარგა ხნის წინ მივიღეთ და მას მერე ვემორჩილებით.
- როგორია ეს კანონები?
- არდაგვიანება, პირველ რიგში...
- არაპუნქტუალობაში ალბათ ჯერჯერობით არ გამოუჭერიხართ მეგობრებს.
- (იცინის) არა, ამას ჩემს დაავადებად მივიჩნევ. კონცერტების დროს არ შეიძლებოდა დამეგვიანა - მე ვიწყებდი და მე ვამთავრებდი. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა თავისთავად გამომიმუშავდა. ჩვენს "კანონებში" ისიც შედის, რომ ბევრი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთან მიღებულია, იმდენი ალკოჰოლის მიღება, რამდენიც სასარგებლო იქნება გონისთვის, გულისა და ორგანიზმისთვის. სხვა "კანონებს" ვერ გაგიმხელთ, თორემ გადაიღებენ მერე ჩვენგან (იღიმის).
- სიმღერა ალბათ აუცილებელი პირობაა თქვენს "კანონებში"...
- აუცილებელი. ლექსიც. მყავს მეგობარი, ვასილ ბოლაშვილი, რომელმაც თითქმის მთელი "ვეფხისტყაოსანი" იცის ზეპირად. წარმოიდგინეთ ქეიფი, სადაც სადღეგრძელოს ლექსით ამბობენ, თანაც - რუსთაველის ლექსით! ანდაც - პუშკინი, ლერმონტოვი, ვაჟა რომ ალამაზებს სუფრას!..
- თქვენც გექნებათ საყვარელი ლექსი, რომელსაც სადღეგრძელოებში იყენებთ; ასეა?
- მე ვცდილობ, თამადა არ ვიყო. თან იმღერო და თან ითამადო - ცოტა რთულია: ორივე ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. სიმღერა კონკრეტულია და ამიტომ არის საქმე. თამადობაში "კონკრეტულობა" სმაში გამოიხატება; კიდევ - დიდი პასუხისმგებლობაა: თამადა ფილოსოფოსი, მჭევრმეტყველი უნდა იყოს.
- ამაზე პრეტენზია არ გაქვთ?
- მე (ასე მგონია) უპრეტენზიო ადამიანი ვარ.
- "ჭიქის მოპარვას" რომ ეძახიან, ეგ ჩაგიდენიათ?
- არა. თუ სუფრასთან დაჯდები, არ უნდა "იქურდო" და საერთოდ არ უნდა იქურდო.
- უპრეტენზიო ადამიანი ვარო, მითხარით. ოჯახშიც ასეთი ხართ - მშვიდი, წყნარი?
- ახლა, მთლად მშვიდი... მკვდარი კი არა ვარ?!
- რა გაღიზიანებთ?
- შინ იქნება თუ გარეთ - ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას და უმადურობას.
- ოჯახში რა უფრო მეტად გაღიზიანებთ - ასალაგებელი საწოლი, გასარეცხი ჭურჭელი თუ ის, რომ კერძი არ არის მომზადებული?
- რა გითხრათ?.. არ დავფიქრებულვარ ამაზე. თუ არ არის ყველაფერი წესრიგში, მიზეზზეც უნდა იფიქრო: ალბათ არ შეეძლო ადამიანს, დრო არ ჰქონდა ამისთვის. შენ თუ გაქვს - გააკეთე.
- გაგიკეთებიათ?
- საჭმელი - იშვიათად. მე ჩემებურად ვიცი, გემრიელად მინდა ვჭამო. ჩემს ქალიშვილს ქეთოს და მეუღლესაც მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძი.
- კონკურენციას უწევთ მეუღლეს, როგორც მივხვდი. გემრიელად ვაკეთებო, - რომ ამბობთ, მეუღლეს არ ეწყინება? ის გემრიელ კერძებს არ ამზადებს?
- როგორ გეკადრებათ (იღიმის) - მთელი ცხოვრება ის არ აკეთებს?! რომ არ გამოსდიოდეს... არ მათქმევინოთ.
- როგორი ქმარია თემურ წიკლაური?
- ეს ცოლს ჰკითხეთ. მე როგორ უნდა გითხრათ?!
- როგორ ფიქრობთ?
- ლოიალური, ალბათ, ყურადღებიანი; პასუხისმგებლობიანი.
- ყველა დადებითი თვისება ჩამოთვალეთ...
- მერე - ცუდია?
- არაფერს გსაყვედურობთ ცოლი?
- რა გითხრათ?.. რა უცნაურ კითხვებს მისვამთ! ისეთი კითხვებია, საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. როგორ ვბანაობ და რა შამპუნს ვხმარობ - ვის რაში აინტერესებს?!
- ეგ არ მიკითხავს. გავიმეორებ: რას გსაყვედურობთ მეუღლე?
- არაფერს. ჩვენი ურთიერთობა თვითშეგნებაზეა აგებული. ყვირილი და ჭურჭლის მტვრევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, რა შეიძლება და რა - არა. გამახსენდა: მთხოვს იმას, რომ ბევრი და ხშირად არ დავლიო. ჩემი ჯანმრთელობა ადარდებს, - პატარა ბიჭი აღარ ხარო, - მეუბნება.
- თქვენ თუ შეგაქვთ კორექტივები თუნდაც მის ჩაცმის სტილში ან ხასიათში?
- როგორ გითხრათ?.. ძალიან უპრეტენზიოდ ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენი ფილოსოფიური შეხედულებები გვაქვს - სამყაროზე, სხვა ადამიანებზე და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე. იმის დაძალება, - მე რასაც ვფიქრობ, შენც ის იფიქრე აუცილებლადო, - წარმოუდგენელია. ამას რომ მიხვდება ოჯახი, სიწყნარე ისადგურებს ხოლმე. თუმცა არსებობს საერთო ვალდებულებები, რომლებიც ორივემ უნდა გაითავისოს. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, იმდენს ვფიქრობდით ამ წლების განმავლობაში, რა ჩაგვეცვა სცენაზე, იმდენი პრანჭვა-გრეხა გვიწევდა, დავიღალეთ და ახლა უპრეტენზიო ჩაცმას ვანიჭებთ უპირატესობას. თან, ჩემი მეუღლე ბევრ დროს სახლში ატარებს, დიასახლისის როლი მთლიანად მოირგო. გვივლის ყველას.
- ე.ი. თავი მოგიძღვნათ!
- რა არის ამაში ცუდი?! ბიჭოს! მე რომ ვუძღვნი მთელ ჩემს ცხოვრებას, ცუდია?!
- შორიდან - მკაცრი, ბრაზიანი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებთ; სინამდვილეში როგორი ხართ?
- (იცინის) ხომ ამჩნევთ, როგორი რბილი, დამყოლი, მოსიყვარულე, პატივისმცემელი, თავაზიანი ადამიანი ვარ. შეხედულება მაქვს ასეთი, რა ვქნა?! ბავშვობიდან "არწივად" "ვმუშაობდი" (იცინის).
- როდის ბრაზდებით?
- როცა სიმღერა არ გამომდის.
- ასეც ხდება?
- ხდება, როცა სიმღერა "ჩემი" არ არის: სიმღერა ჩემმა სულმა და გონებამ უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში მას ხელი არ უნდა მოვკიდო.
- როგორია გაბრაზებული თემური?
- ფინთი (იცინის)... როგორ ვთქვა, არ ვიცი. ცუდ ტონალობაში ვლაპარაკობ, ოღონდ - არ ვყვირი. სუსტი კაცის პოზიციაა მტვრევა, ჩხუბი, ბილწსიტყვაობა. თუმცა ამ უკანასკნელს ზოგჯერ მეც ჩავდივარ.
- მართლა?!
- ვაიმე, თავი აღსარებაზე მგონია! ქალი მღვდელი? პირველად ვნახე (იცინის).
- ჰობი გაქვთ?
- ჰობი ვინ არის (იცინის)?.. ძლიერ გამოკვეთილი სურვილი, ალბათ.
- ასე იქნება განმარტებული ლექსიკონში.
- თავგადაკლული მონადირე ვიყავი ერთ დროს. 25 წელია, შევეშვი ამ საქმიანობას: მივხვდი, რომ ცოდვაა; დიდი ხანია, ვეღარ ვკლავ. ადრე ნადირობდნენ იმიტომ, რომ საჭმელი ეშოვათ და ოჯახი ერჩინათ. საწყალი შველი დადის, შვილი ჰყავს, სიცოცხლე უხარია და შენ, ჩასაფრებული, დურბინდით, იარაღით, გარშემო ძაღლებით... საშინელებაა. მიუღებელია ჩემთვის.
- ზოგადად, "მონადირე", "მესაკუთრე" ხართ?
- "მონადირეც" ვარ, "მესაკუთრეც". ეჭვიანობის რა მოგახსენოთ?.. ქალი მთლად უნდა გადაირიოს, მე რომ ვიეჭვიანო... ახლა არ მკითხოთ, "გადარევა" რა არისო (იცინის)?!. ახალგაზრდობაში კი ვეჭვიანობდი, სულ რავა დავმუნჯდებოდი. სცენაზე დგომამ ფსიქოლოგობა მასწავლა, ბევრ რამეს ვხედავ ადამიანებში, მათ თვალებში; ახლა შემიძლია, არაფერი ვთქვა და თვალებით ვილაპარაკო.
- ეჭვიანობაზე ვსაუბრობდით...
- ეჭვს ძალიან დაბლა ჩამოჰყავს ადამიანი. არასრულფასოვნების კომპლექსია და სხვა არაფერი. რაზე უნდა ვიეჭვიანო? - სხვას მეტი ტაში დაუკრეს, უკეთესი სიმღერა იმღერა თუ რა?! სისულელეა! "ივერია" ყოველთვის გამარჯვებული იყო. ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ ჩვენ დამარცხება არ გვიგემია.
- რამდენად ერთგული ხართ?
- საკუთარი თავის?
- არა, მეუღლის.
- 43 წლის ოჯახი გვაქვს და ესაა პასუხი. ორგულობის შემთხვევაში, ან მე წავიდოდი სახლიდან, ან - ის, ე.ი. ლილი.
- თვალიც არ გაგქცევიათ გვერდით?
- როგორ არა?!
- მეუღლის თანდასწრებით?
- ასე ჩაკირკიტებას და დაწვრილმანებას დაანებეთ თავი! ადამიანი ცოდვილია. არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი.
- როდის წითლდებით?
- წვერი მაქვს და ვერ ვხედავ (იცინის)... დიდი ხანია, წვერი მაქვს. ისე კი ერთ ჭკვიან კაცს უთქვამს, - ცხოველებს შორის მხოლოდ ადამიანი წითლდებაო!
- გულჩვილი ხართ? რაზე შეიძლება იტიროს თემურ წიკლაურმა?
- ყოველგვარი სიკეთის გამოვლინებაზე.
- დეპრესია გქონიათ?
- მქონია. საშინელებაა; დეპრესიით გამოწვეული განცდის აღწერა შეუძლებელია. ამ დროს გონი არ მუშაობს, აბსოლუტურად არაფერზე ფიქრობ, ერთი რამის გარდა - რამაც ამ მდგომარეობაში ჩაგაგდო და გამოსავალს ვერ ხედავ.
- შეიძლება გკითხოთ, რამ მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე?
- ჩემი ბიჭის, გიორგის გარდაცვალებამ. არ ვიცი, როგორ გამიგებს მკითხველი, მაგრამ ალბათ ეს უნდა მომხდარიყო, რომ ჩავწვდომოდი იმას, რისთვის მოვდივართ ადამიანები დედამიწაზე; რომ სიყვარული და სიკეთე - ყოვლისშემძლეა; რომ შენ, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ; რომ საჭიროა, ხშირად ჩაიხედო საკუთარ გულში და მონახო საყრდენი შენი სულიერი მდგომარეობისთვის; რომ სხვის სულში ფათურს თავი უნდა დაანებო - და ბევრი სხვა "რომ", რომელიც ურმის გადაბრუნების შემდეგ გამოჩნდება ხოლმე... "გსჯი, რამეთუ მიყვარხარ, რომ ჭეშმარიტება ვიწრო და ეკლიანი გზით მიიღწევა" - ეს ფორმულა შეიძლება მიუსადაგო ჩემს მდგომარეობას. ამ დიდი განსაცდელის შემდეგ, ცხოვრებას სხვა ფერებში ვხედავ, უფრო რეალურ ფერებში, ვიდრე მანამდე ვხედავდი.
- დღეს რა ფერია თქვენი ცხოვრება, ოცნებები?
- ვარდისფერია ჩემი შვილის, ქეთევანის და შვილიშვილის ანდრიას წყალობით. ლილი, შენ არ გეწყინოს! ჩემი შვილიშვილის ქორწილს მინდა მოვესწრო. 14 წლის არის ანდრია. ვოცნებობ, ჩემი ქალიშვილი დამშვიდებული, დაწყნარებული, ფეხზე მყარად მდგარი ვნახო, რომ როდესაც წავალ, ხელს დაგიქნევთ ყველას, იგი იდგეს ამაყად, არ დაეცეს არც სულიერად, არც ფიზიკურად და არც მატერიალურად. კიდევ, სოლო კონცერტს ვგეგმავ და ვნახოთ (იღიმის)...
- სიამოვნებით დავესწრებით და გავაშუქებთ თქვენს კონცერტს, თუ ნებას დაგვრთავთ.
- უკვე დაპატიჟებული ხართ!

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”

Комментариев нет:

Отправить комментарий