четверг, 16 января 2014 г.

ვარსკვლავში გამოხატული 45 წლიანი გზა

თემურ წიკლაური: "ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე"

  22 იანვარს ფილარმონიაში თემურ წიკლაურის საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი ჩატარდება. მალე უკვე ვარსკვლავოსანი მომღერალი წინასაკონცერტო სამზადისისა და განვლილი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.
 - ჩემი საიუბილეო კონცერტი ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ. 45 წელი შესრულდა რაც სცენაზე ვდგავარ, ჩემს ხალხსა და ქვეყანას ვემსახურები და ამ დროის განმავლობაში სათქმელიც ბევრი დამიგროვდა. მართალია ყველაფერს ვერ "ვიტყვი" რადგან 200 სიმღერაზე მეტი ვიმღერე და ოთხ სპექტაკლზე მეტში ვითამაშე მაგრამ დაახლოებით 23 სიმღერას შევასრულებ. კონცერტის რეჟისორი როგორც ყოველთვის, ჯემალ ბაღაშვილი გახლავთ. ყოველთვის ალექსანდრე ბასილაიას და მას ეკუთვნოდა სპექტაკლებისა და ბევრი სხვა იდეა, სიმღერა, მუსიკა. თუშარაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო და რატომ მოვნახო პანტა, როცა თურაშაული გვერდში მყავს, ჯემალ ბაღაშვილის სახით. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მემღერა. ხალხმა ასე თუ ისე იცის, რა გზით ვიარე ამდენი წლის განმავლობაში, ამიტომ, თავიდან სამტკიცებელი არაფერი მაქვს და ისეთი სიმღერები შევარჩიეთ, რომლებიც ყველაზე მეტად "ჩემია". ახალი სიმღერაც ბევრი მაქვს და რამდენიმეს ამ კონცერტის დროსაც შევასრულებ. მინდა, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც გამოვიყვანოთ: გიორგი ბოლაშვილი, და-ძმა ბედიები, ტატო გოდერძიშვილი. დაბადების დღეს ქალიშვილი ქეთევანიც მომილოცავს. ჩემი ყურადღება ხმიანი მომღერლებისკენ მივმართე, რომ გვერდი დამიმშვენონ. ახალი ხმის, ახალი ფილოსოფიის გაგონება სასიამოვნო იქნება. "ივერია" ამ ხერხს ადრეც ხშირად მიმართავდა, იგივე, "არგონავტებში". კონცერტს ჩემი "ივერიელი" ნუგზარ კვაშალი წაიყვანს. "ივერია" მუდამ ერთად იქნება!

 ვარსკვლავის გახსნა

 - ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე (იცინის).
დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა, ასე ადრე "ქვა დამედო". ბატონი დავითი შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია. მერე ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარც მე ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე (იცინის). რამეთუ, ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს.

 ნარეკლიანი ცხოვრების გზა

 - საინტერესო ფაქტია, რომ ჟურნალ "გზაში" ჩემი ცხოვრების გზა იქ­ნება მოტანილი. ჩემი გზა მხოლოდ დალხენილი არ იყო. ის იყო ვარდი, რომელსაც ეკლებიც აქვს. მართალია, "ივერია" ვარდი იყო და ასევე დარჩა, მაგრამ ეკლებიც ჰქონდა. ხუთი წევრი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ: ალექსანდრე ბასილაია, გოგი ლეონიძე, ამირან ბოჭორიშვილი, ავთანდილ შარაშენიძე, თენგიზ ჩხეიძე. პირადად მე, გადამხდა ის, რისი ვაჟკაცურად გაძლებაც ძნელი იყო, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევამ, მისმა მხარში ამოდგომამ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან და ფეხზე დამაყენა. რა თქმა უნდა, მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ. ესეც ჩემი გზაა. დრო რომ გადის, ადამიანს უფრო მეტად დადებითი მოგონებები "აწუხებს", ვიდრე - უარყოფითი, მაგრამ გააჩნია ამ უარყოფითსაც... ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა - "ივერია" არასოდეს დამარცხებულა და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ეს 45 წელი მხოლოდ ჩემი გზა არაა, მე "ივერიასთან" ერთად ვარ.
 ლეგენდარული "ივერია"
 - 1971 წელს ჩემმა მეგობარმა და ძალიან ახლობელმა ადამიანმა - ჯემალ ბაღაშვილმა, რომელსაც 55 წელია, ვიცნობ, შემომთავაზა, რომ ერთად ვყოფილიყავით. მაშინ "ივერიაც" ახალი შექმნილი იყო. ბავშვობის მეგობარს ვერ ვუღალატე და ამ ანსამბლში გადმოვედი. იმის შემდეგ, ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი, ჩემს მეუღლესთან - ლილი ზღვაურთან ერთად და ასე მოვდივართ ამდენი წელია... ჩვენ ქვეყანასა და ხელოვნებას ვემსახურებით.

 "ფიროსმანი" - ყველაზე საპასუხისმგებლო როლი

 - "ფიროსმანი" 1995 წელს დაიდგა. მგონია, დედამიწაზე იმიტომ მოვედი, რომ ფიროსმანისთვის, მისი არსისთვის "ხელი შემეხო" და განმესახიერებინა ისე, როგორც შევძელი; სიმღერით იმ სულსა და გარსში ჩავტეულიყავი, რაც ფიროსმანს ჰქონდა. ეს ურთულესი პროცესი იყო და არა მგონია, რომ მე ბოლომდე შევასრულე დაკისრებული მისია, მაგრამ დიდი სიამოვნება და სულიერი ზრდა ნამდვილად განვიცადე. ფიროსმანის განსახიერება ჩემთვის დიდი გამოცდა და პატივი გახლდათ. ეს წარმოდგენა დიდხანს, დაახლოებით ათი წელი იქმნებოდა. იგი უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდოდა, ფიზიკურად მაინც დავმსგავსებოდი მას, ამიტომ 21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ის პერიოდი მხოლოდ ფიროსმანზე ფიქრით, მასზე ლიტერატურის კითხვით, მისი სურათების ნახვით და ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან (როგორც სცენარისა და ლიბრეტოს ავტორთან) საუბრებში გავატარე. სიმღერა - "იყიდება საქართველო" 1987 წელსაა შექმნილი. მაშინ თითქოს ისეთი არაფერი მოელოდა საქართველოს... ეს ფიროსმანის არია იყო. ის ტიროდა თავის ქვეყანას. მას დასცინეს - გაზეთში დაუწერეს, "მალიარი" ხარ და წადი, კედლები შეღებე, მხატვრებს თავი დაგვანებეო, - და ეს ისევ ქართველებმა გაუკეთეს. ამას გაგება უნდა და ამისთვის შეიქმნა "იყიდება საქართველო". გენიალურმა პოეტმა - მორის ფოცხიშვილმა ლექსი დაწერა, ალექსანდრე ბასილაიამ კი - მუსიკა. კონცერტზე ამ სიმღერას აუცილებლად შევასრულებ. ჩემი სულის გამოვლინება ამ სიმღერებით ხდება, ამით გამიცნო ხალხმა, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიმღერო ფიროსმანის არია, "მანანებო", "ყველა ხევსური და ყველა სვანი", "ჰერიო, ბიჭებო" და ა.შ.

 პირველი მუსიკალური ნაბიჯები

 - სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვმღეროდი. მაშინ სკოლებში ხალხური შემოქმედების გუნდები არსებობდა და ყველა ხალხური სიმღერა იქ მასწავლა ნათელა პატარიძემ (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული). მერე უკვე უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში მომიწია ყოფნამ, სადაც სამი წელი ვისწავლე. მოგეხსენებათ, სტუდენტისთვის ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა იყო საჭირო, მე კი ისეთი ოჯახიდან არ ვიყავი, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი, ყველაფერი თავად უნდა მომეპოვებინა, ამიტომ სწავლა ვერ დავამთავრე. ინსტიტუტშიც ვმღეროდი და სხვათა შორის, კარგი ანსამბლი გვქონდა. შემდეგ ჩამოყალიბდა ოქტეტი - "ციცინათელა", სოსო ებრალიძის ხელმძღვანელობით, სადაც ოთხი გოგონა და ოთხი ვაჟი ვიყავით. ვმღეროდით, ვცეკვავდით, რაღაცებს განვასახიერებდით და ა.შ. შესანიშნავი პროგრამა გვქონდა და გასტროლებით მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ. სხვათა შორის, ხელისუფლება გვაფინანსებდა. ნახევარი დედამიწა გვაქვს ნანახი (იცინის). დაახლოებით 80 ქვეყანა მოვიარეთ. ვცდილობდით, რომელ ქვეყანაშიც ვიყავით, იმ ერის სიმღერებიც გვემღერა, მაგრამ ძირითადი მაინც, ჩვენი სამშობლო და ენა იყო. ამიტომ, ჩვენი თემატიკა, სულითა და არსით, სუფთა ქართული გახლდათ... "ჩხიკვთა ქორწილი" 1000-ზე მეტჯერ ვითამაშეთ. მაყურებელი "გვაიძულებდა", არ გავჩერებულიყავით და პარალელურად, სხვა სპექტაკლებიც დაბადებულიყო. კომუნისტების დროს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და 1986 წელს ვმღეროდით, - ფულიანებსა და ოქროს მქონეებს რქები ეზრდებათ-თქო. წარმოიდგინეთ, ახლა რომ იგივე ვიმღეროთ, რა ამბავი ატყდება (იღიმის).

 გიორგი წიკლაური - მომღერლის უდიდესი ტკივილი და ტრაგედია

 - ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც უფ­ალმა მომიწყო. არავინ იცოდა, შევძლებდი და გავაკეთებ­დი ამას თუ ყურებს ჩამოვყრიდი, ბრძოლის უნარსა და უფლისადმი რწმენას დავკარგავდი... მწამს, მჯერა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება იმისთვის, რათა გონმა გაიღვიძოს და ადამიანმა უფრო მეტად იწამოს უფლისა, ვიდრე მიწიერი ცხოვრებისა. ახლა ასე ჩამოვყალიბდი, თორემ ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ვიფიქრე. 1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი, ბიჭო, შენ იციო! ეს მათი სულიერი ერთობის გამომხატველია და ძალას გაძლევს, ასეთ დროს ლომი ხდები. სტიქაროსნობა - მეგობარი მყავდა, მამა გრიგოლი, ლურჯი მონასტრის დეკანოზი, რომელმაც იქ მიმიყვანა და აგერ უკვე 8 წელია, სტიქაროსანი ვარ. ასე თუ ისე, ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. სტიქარის ჩაცმა ადვილია, მაგრამ შემდგომი ქმედებაა მთავარი: ეს ფორმა ანგელოზისაა და მე რამდენად ანგელოზი ვარ, ვერ გეტყვით (იცინის). თუმცა, ვცდილობ, ის სიმღერები, ლექსები და სიტყვები, რაც ჩემს რეპერტუარშია, შეეფერებოდეს და მისადაგებული იყოს ჩვენს მართლმადიდებლობასთან და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს მიმართული. ამას ნამდვილად ვცდილობ და როგორ გამომდის, უფალმა განსაჯოს.

 კონცერტი საბერძნეთში

 - ბატონო თემურ, რედაქციაში საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისგან მოვიდა წერილი, სადაც ისინი დიდ მადლიერებას და აღფრთოვანებას გამოხატავენ თქვენ მიერ იქ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის გამო და ვარსკვლავის გახსნას წინასწარ გილოცავენ.
 - რას ამბობთ?! დიდი მადლობა მათ ასეთი შეფასებისათვის! ბოლო წლებში იქ რამდენიმე კონცერტი გავმართე, მაგრამ მანამდე კომერციული პროექტები იყო და ბოლოს, გამოვთქვი სურვილი, რომ მათ დავხმარებოდი, მხოლოდ გზისა და სასტუმროს ხარჯების დაფარვა ვთხოვე, დანარჩენი კი, რაც თანხა შემოვიდოდა, ქართველ ემიგრანტებს უნდა გაენაწილებინათ; ისინი ხომ ლუკმაპურის საშოვნელად არიან იქ წასულები, თანაც - რთულ მდგომარეობაში იყვნენ. მითხრეს, - მოდი, ეს თანხა იაშვილის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავურიცხოთო. წარმოგიდგენიათ, ქართველები რა მაგრები ვართ?! თვითონ იქ პურის ფულს ეძებენ და ასე ერთიანად მოსული თანხა ჯიბეში ვერ ჩაიდეს. მათი გულები და გონი სიკეთითაა აღსავსე. შესანიშნავი ქალბატონები - მაიკო და ლიგია ატარებენ ხოლმე მსგავს კონცერტებს და დიდი მადლობა მათ ასეთი სიყვარულისა და ქრისტიანობით აღსავსე გაგებისთვის. დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება, მხოლოდ მოსაწვევებით შეგიძლიათ მობრძანდეთ. თბილისის მერია მეხმარება და დიდი მადლობა მას ამისთვის; მადლობა ქალაქის მერს, კულტურის სამსახურსა და ნეკა სებისკვერაძეს, რომ 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. მსურს მოვიწვიო ჩვენი ჯარისკაცები, აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი ადამიანები, მომავალი პოლიციელები პოლიციის აკადემიიდან, რადგან ისინი სწორედ იმ იდეოლოგიას ემსახურებიან, რასაც მე ხალხს ჩემი სიმღერებით ვთავაზობ, რომ სამშობლო არ გაიყიდოს, რომ ჭეშმარიტება ბატონობდეს დედამიწაზე, რომ ჩვენ ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი გვაქვს, რომელსაც შენახვა და მოვლა სჭირდება. ჰოდა, სხვას ვის მივმართო, თუ არა მათ? დანარჩენები, თუ მოვლენ, მოვიდნენ, თუ არა და, მე მაინც ვიმღერებ (იცინის).
 თამთა დადეშელი ჟურნალი ”გზა”