суббота, 2 июля 2011 г.

თემურ წიკლაური ხეებზე ქეიფობდა

მომღერალ თემურ წიკლაურს არ უკვირს, რომ ღვინის ქვეყანაში კარგი ჭამა–სმა და კარგი ქეიფი იციან, მისთვის ის უფრო გასაკვირია, რომ ამ ტრადიციის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ცნობილ "ივერიელს" სად არ უქეიფია და ყველგან ქართული ლაზათით. ისე, რომ უცხოელები "მოურჯულებია".

თემურ წიკლაური:
– საქართველოში ასე ხშირად, ყოვედღიურად, სუფრები მე–19 საუკუნემდე არ იმართებოდა. სად ჰქონდა იმის დრო ქართველს, მჯდარიყო და ექეიფა?! ხმალი ეჭირა ხელში და დარბოდა აღმა–დაღმა, ამდენ გადამთიელს ებრძოდა. ამიტომ უცაბედი, მისატანებელი საჭმელები უფრო იყო.
2000 წელზე მეტია, რაც ქრისტემ გვითხრა, ღვინო არის სისხლი ჩემი, პური ხორცი ჩემი და მიიღეთ, რომ მე მეზიაროთო. ქრიტიანი აღმსარებლებიც ზოგი წესიერად ვასრულებთ ამას და ზოგი არაწესიერად. რაც შეეხება სუფრის წარმართვას, ესეც პატარა სახელმწიფოა, თავისი პრეზიდენტით, პარლამენტით და მსმენელებით, პრეზიდენტი რომ არის გონიერი და ჭკვიანი, მაშინ სუფრაც კარგი გამოდის.
ხალხში არის ლეგენდარული თამადების სახელები შემორჩენილი, რომლებიც ენაწყლიანებიც იყვნენ და გულმართალნიც თავისი ქვეყნისა და ხალხისადმი.
– ალბათ თქვენც შესწრებიხართ ლეგენდარულ თამადებს.
– მე დოდო აბაშიძესთან მქონდა შეხება. სხვები ცოტა ადრე იყვნენ, ვიდრე მე გავხდი სუფრასთან მისაშვები. ყველა არ მიიშვება სუფრასთან, წლების მიხედვითაც და სხვანაირადაც. დოდოს ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" მოგვიწია ერთად ყოფნა. ხშირად გვაქეიფებდა ხოლმე ბიჭებს. დაგვისვამდა და გვეფერებოდა. ცნობილი თამადა იყო, როგორც მჭევრმეტყველებით, ისე სმის შესაძლებლობით. დაახლოებით ერთ ფუთს სვამდა – 16 ლიტრამდე, მაგრამ მხოლოდ ის სვამდა, სხვებს არ აძალებდა. ახლა რომ მუსირებს აზრი, რომ ქართული სუფრა გადმონაშთია და ახალ ტრადიციებს უნდა ჩაეყაროს საფუძველი, გაუგებარია. რაღაცას წერენ, ბავშვებს ალაპარაკებენ, რომლებმაც არც ღვინის ფასი იციან, არც შრომის და საერთოდ არაფერი იციან. თუ მავანმა ქეიფი არ იცის, ხალხმა რა დააშავა?! რატომ ახვევ თავს უმწიფარი ბალღების აზრს იმ ხალხს, რომელსაც გავლილი აქვს ცხოვრების გზა და კარგად გრძნობს თავს მაგიდასთან?! ჭამა–სმა არ არის მარტო ქეიფი. სუფრა არის კონტაქტის დამყარება ადამიანთა შორის. ყავასთან ვერ მყარდება ეს კონტაქტი, ვერც ჭიქა ჩაისთან. ისე ლაქლაქითაც არაფერი გამოდის.
– ბატონო თემურ, მოდით, გავიხსენოთ, როგორ ქეიფობდით "ივერიელები".
– სადაც კი ჩავდიოდით, დასწრებაზე იყო, ვინ გააკეთებდა ბანკეტს. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ სიმართლეა, რომ ხანდახან დღეში რამდენჯერმე გვიწევდა ქეიფი. ქუთაისში გვქონდა 80 კონცერტი, დღეში – 3 და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ 30 დღის განმავლობაში ღამე ბანკეტი იყო და კონცერტებს შორის – ქეიფი. ძირითადად კულისებში იმართებოდა დიდი სუფრები თავისი ატრიბუტიკით. ეს არ იყო "მოდი, დავთვრეთ", არა. ისეთი სიმხიარულე იყო, რომ ხშირად დარბაზიდანაც ამოდიოდნენ. ეტყობა, იმიტომ შეგვიყვარა ხალხმა ასე, რომ ხედავდნენ, ჭამაც შეგვიძლია, დალევაც, სიყვარულიც და კონცერტის კეთებაც.
– ვის ათამადებდით "ივერიელები"?
– ალექსანდრე ბასილაიას ხმათა უმრავლესობით ვირჩევდით. ხშირად თამადობდა ჯემალ ბაღაშვილიც, ასევე ყოველი ჩვენგანი. მანქანები არ გვყავდა ყველას და ერთმანეთის მანქანებით დავდიოდით. მთვრალები, გამორიცხული იყო, საჭესთან დავმსხდარიყავით და დასწრებაზე იყო, პირველი ვინ დალევდა, რომ მერე გაეგრძელებინა სმა. ამით ვახო ტატიშვილი გამოირჩეოდა. შევარდებოდა, ყველას დაასწრებდა ერთი ჭიქა ღვინის დალევას და მერე იძახოდა, აი, დავლიე და საჭესთან ვეღარ დავჯდებიო.
– ვიცი, რომ კარგი თამადა ხართ. გამორჩეული ემოციებით და შიგ ჩადებული აზრით რა სადღეგრძელოს ამბობთ?
– არის სადღეგრძელოები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია, მაგრამ არის ერთი სადღეგრძელო, რომელიც ჩემია. წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამ ადამა პაპას და ევა ბაბოს თამადობით. უფალი ენდო ადამს და ევამ იგი გაასულელა. მერე ადამი თავს იმართლებდა, მე კი არ ვარ დამნაშავე, ქალმა მაჭამაო. მერე უფალი მოვიდა და აიღო თავის თავზე მთელი ქვეყნის ცოდვა. იმ ერთი ვაშლის გულისთვის ატყდა მთელი ამბავი, მაგრამ მაინც ჩვენი პაპა და ბაბო არიან.
– როგორი მსმელი ხართ?
– საშუალო. 4–5 ბოთლს ვსვამდი. ღვინოსაც გააჩნია. ახლა ვართ ხუთი მეგობარი და ყველგან ვეღარ ვქეიფობთ. ალბათ არც არის საჭირო. 40 წელი ქეიფში გავატარეთ, ხან ხეზე ვსვამდით, ხან ხის ძირში და ხან სად.
– ხეზე როგორ?!
– ცხინვალში ვიყავით სანადიროდ მეგობრები და ხეებზე ავედით. ერთი ქვემოთ დარჩა. თოკით ჭიქას ჩამოვუშვებდით და ის გვივსებდა ღვინით. ხეზე უნდა გეცეკვა, გემღერა და ლექსით უნდა გეთქვა. იყო ერთი ხორხოცი.
იგივე მაქვს გაკეთებული საბერძნეთში, სპარტაში. გასული საუკუნის 80–იან წლებში საქართველოს წარმომადგენლები ჩაგვიყვანეს იქ. კონცერტის მერე ქალაქის მერიამ მოგვიწყო ბანკეტი. სუფრა გაიშალა. ქალაქის მერი ახალგაზრდა ბიჭი იყო და მეუბნება, მოდი, დიდი ჭიქით დავლიოთო. დავლიოთ–მეთქი და ვატყობ, თვალში ამომიღო. ავდექი და ვიმღერე ბერძნული სიმღერა. ვა, რა კარგიაო. მაშინ ბუზუკები მოიყვანეთ–მეთქი და მართლაც მოიყვანეს ღამის 3 საათზე. აშკარაა, ერთმანეთს ვეჯახებით. ვუთხარი, მოდი, ხეზე დავლიოთ–მეთქი. ხეზე რატომო. კარგია–მეთქი. წავედით და ავედით ხეზე, მაგრამ იქ ხომ მხოლოდ ზეთისხილის ხეებია, დაბალი, დაგვაჯული. კი ავედით და დავლიეთ, მაგრამ ვეღარ ჩამოვედით. ტოტებს შორის გავეჩხირეთ და მერე პოლიცია მოვიდა, ჩვენ ჩამოსაყვანად.
ჯემალ ბაღაშვილი იგონებს ხოლმე ერთ ისტორიას – კულუმბიაში შეემთხვა. კალი არის იქ ერთი ქალაქი. ჩვენი გამყოლი მოსკოვიდან, რომელიც ყველგან დაგვყვებოდა, ავად გახდა და დავტოვეთ ბოგოტაში. მარტო ვართ კალიში და თავისუფლებით ვტკბებით. ჯემალი და ვახო დასხდნენ რესტორანში და სვამენ, თან სადღეგრძელოებს ამბობენ. გვერდით კაცი და ქალი ისხდნენ. ამ კაცს უკითხავს ჯემალისთვის, ენა თუ იცითო. ჯემალმა იცის ესპანურიც, ინგლისურიც. რა გნებავთო, უთხრა ჯემალმა. რას დაპარაკობთ, ამდენსო. ვქეიფობთო, უპასუხა. მე ვიყიდი სასმელს, საჭმელს, მაგრამ თქვენ ამიხსენით, რას ლაპარაკობთო და წავიდა ქეიფი. ჯემალმა რომ დედის, მშობლების სადღეგრძელო შესვა, გაგიჟდა კაცი, დედის სადღეგრძელოსაც სვამთო. თურმე ტირილი დაიწყო, დედა არ მინახავს 4 წელია, მარტო ცხოვრობს აქვე, კალიშიო. მერე რომ წასულების სადღეგრძელო უთქვამს ჯემალის, სულ გაგიჟებულა, ძმა გარდაცვლილი მყავს და წლებია მის საფლავზე არ ვყოფილვარო... ის კაცი კოლუმბიის პოლიციის მინისტრი აღმოჩნდა. წავიდა, იყიდა თაიგული და დედამისს წაუღო.
სადღეგრძელო და საუბარი – ეს არის ენერგიის ერთ–ერთი სახე, რომელსაც ადამიანი გამოსცემს, ისევე როგორც ლოცვა.კოლუმბიის პოლიციის მინისტრიც კი გადმოვიდა ქართველების მხარეზე და ამ ბედოვლათ ახალგაზრდა ქართველებს ვერ შევაგნებინეთ, რომ, თუ არ იცი სმა, ნუ დალევ! კონიაკი, არაყი არ არის საქეიფო სასმელი, საქეიფოა ღვინო, ისიც – კეთილი კაცის დაყენებული, რადგან ავი კაცის ავი გამოდის და ტვინს აგირევს.

მანანა გეგია

1 комментарий: