суббота, 2 июля 2011 г.

ის სიმღერა მე მომიტანეს, დავიწუნე და ამას პირველად ვამბობ...

"დიდი ხანია უკან ვიყურები, მაგრამ უკან დაბრუნება არ შემიძლია", - მითხრა ინტერვიუს დასაწყისში თემურ წიკლაურმა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მომღერალი უცხო ენების სპეციალისტი გახლავთ, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია, ადრეული ასაკიდან სცენას მიეჯაჭვა და დღემდე ყველასთვის საყვარელი მომღერალია. ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს. ამბობს, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთია, ათმაგი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე. დღეს ბატონ თემურს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, საპატიო თბილისელის წოდება მინდა მოგილოცოთ...

- დიდი პასუხისმგებლობაა ნამდვილად. ახლახან ვსაუბრობდი ჩემს მეგობრებთან ამ თემაზე სწორედ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, უპასუხისმგებლო ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამემატა, ვიდრე აქამდე მქონდა, მძიმე ტვირთია, ძალიან მძიმე. ვის მოუვიდა თავში აზრად არც ვიცი, ორი დღით ადრე მითხრეს ამ წოდების შესახებ და მართალი გითხრათ, ენა ჩამივარდა.
- თავმდაბალიც ყოფილხართ... ჩვენ დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ და პირველ რიგში, იმ გამოცდილებაზე გვიამბეთ, მშობლებისგან რომ მიიღეთ...
- მამა ადრე გარდამეცვალა, 18 წლის ვიყავი მაშინ. სკოლის შემდეგ ქალაქში წამოვედი და ჩემს ყოფაში ძალუმად ქალაქის ყოფიერება ჩაერთო. კოჯორში ვარ დაბადებული და იქ შეძენილი საზოგადობასთან ურთიერთობა, უფროს-უმცროსობა აქ ლაკმუსის ქაღალდივით გამოჩნდა. სოფელში შეძენილი გამოცდილება წესიერებისკენ, უფროსის დაფასებისკენ, ქალის პატივისცემისკენ ყოფილა მიმართული. მამა ხელოსანი იყო, არაჩვეულებრივი თამადა ყოფილა და ბევრს სვამდა თურმე. დედა დიასახლისი გახლდათ.
- ფიზიკურად თუ გიშრომიათ?
- რა თქმა უნდა, სხვანაირად სოფელში ვერ გაიტანდი თავს. ოჯახს დახმარება სჭირდებოდა, მხოლოდ საჭმელად და დასაძინებლად არ გაგვაჩინა ღმერთმა. მიწას ვამუშავებდით, ვთესავდით, ვთოხნიდით და მერე მოსავალს ვიღებდით. შეშა მოგვქონდა ტყიდან, ვაპობდით. ამიტომ ეს საქმიანობა ვიცი, მუქთახორა და დოყლაპია არასდროს ვყოფილვარ.
- "ქუჩის აკადემიას" რომ ვეძახით, ეს სად გაიარეთ, სოფლად თუ ქალაქში?
- უფრო თბილისში. სოფელს ქუჩა არ გააჩნია, იქ ერთი ქუჩაა და ერთი აზრის მატარებელი ხალხი ცხოვრობს. საკმარისია, ფეხი დაგიცდეს და მთელმა სოფელმა იცის. ყოველი შენი ქმედება სახალხოდ განიხილება. იქ ვერ ითამაშებ, ცუდი ხარ - ჩანს, კარგი ხარ - ესეც ჩანს. ქუჩას რაც შეეხება, ყველაფერი ხდება, შავსაც შეიძლება შეეკრას კაცი ყმაწვილობის ასაკში და თეთრსაც. ამბიციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ადრეული ასაკიდან ვმღეროდი და იმთავითვე გავხდი ცნობილი სახე. ამის გამო ყველგან მოვხვდი, შავებთანაც და თეთრებთანაც, თავად გამოთქვამდნენ ჩემთან ურთიერთობის სურვილს. მომღერალი ხომ ყველასთვის მღერის. თან მაშინ არ იყო ასე დაყენებული საკითხი, შავს თუ ხელი ჩამოართვი, დაგიჭერთ და გაგასამართლებთო. დიდ პატივს მცემდნენ, როგორც წესიერ კაცს, არავის უთქვამს, შენც გაშავდიო, მაგრამ ყველას ვიცნობდი თეთრსაც და შავსაც, "ცეკას" მდივნებსაც და სახელმწიფოს მეთურებსაც. 13 სახელმწიფო მეთაურს მოვესწარი და ყველასთან მქონდა ურთიერთობა, მათ კონცერტებზე გამოსვლა, საზღვარგარეთელი სტუმრებისთვის სიმღერა, ყველასი ვიყავი, ყველასი.
- შეიძლება, ვაჟკაცობა და სამართლიანობა ქუჩაში ისწავლო?
- რა თქმა უნდა. თუმცა თუ საფუძველი არ გაქვს ჩაყრილი და შენი ბინა არ არის აშენებული კლდეზე, მერყევი იქნები და საითაც ქარი დაუბერავს, იქით გადავარდები. თუ ძირში გასწავლეს სიკეთე, კი გაივლი იმ ჯოჯოხეთის კარს, რაც ქუჩაში ხდება, მაგრამ სწორად გაივლი. თუ არ დაეცი, ვერც წამოდგები. ჯერ უნდა დაეცე, წამოდგომას რომ შეეცადო. ჭუჭყი უნდა ნახო, სუფთას რომ შეადარო. და თუ სუფთა ხარ, ჭუჭყი აღარ უნდა შემოუშვა, იმიტომ, რომ შენც გაჭუჭყიანდები. სუფთა წყალში ჭუჭყიანს რომ ჩაასხამთ, ისიც გაჭუჭყიანდება. ასეა ადამიანიც.
- სკოლამ, მასწავლებლებმა რა გამოცდილება მოგცეს, განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე?
- პირველ კლასში მასწავლებელი მიყვარდა, ჩვენი დამრიგებელი. მერე ფიზიკის მასწავლებელი მიყვარდა, ქართულ ლიტერატურაში მყავდა საოცარი პედაგოგი. მახსოვს, როგორ ვარჩევდით ერთად "ვეფხისტყაოსნის" ტაეპებს. მათემატიკის მასწავლებელი ერთი მოქეიფე კაცი იყო. სულ იმას ვნატრობდით, წინა დღის ნაქეიფარი მოსულიყო. ნაბახუსევზე ბორჯომს მივართმევდით და კარგად იყო ჩვენი საქმე. სოფელი იმით იყო კარგი, რომ თავისუფლები ვიყავით. შატალოზე რომ წავიდოდით, ტყეში დავიკარგებოდით, კაციშვილი ვერ გვპოულობდა. მაშინ გათბობა სად იყო, შეშას ვაპობდით, ღუმელი რომ აგვენთო. დიდი გაწევ-გამოწევა გვქონდა, ვინ წავიდოდა შეშის დასაჩეხად, გაკვეთილს რომ აცდენილიყო, მე-7 კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მერე ცოტა მოვუკელი, სხვა ინტერესები გაჩნდა. რომ შეგიყვარდება, აღარაფერი შედის თავში, სასურველი თვალების გარდა ვერაფერს ხედავ.
- რა ასაკში შეგიყვარდათ პირველად?
- ხომ გითხარით, პირველი კლასის მასწავლებელი მიყვარდა-მეთქი. მიყვარდა, სხვანაირად მიყვარდა, ასე არც ერთი მასწავლებელი არ მყვარებია. არ ვიცი, რა უნდა დავარქვა ამას, ახალგაზრდაც არ იყო თან. ამ გრძნობას სხვას ვერაფერს დავარქმევ, გარდა სიყვარულისა. სიყვარული ხომ გრძნობის ღვთიური გამოსახულებაა. ღმერთი არს სიყვარული და სიყვარული არს ღმერთი. ამიტომ ვერ გეტყვით, რა ხარისხის, ან საით იყო მიმართული ჩემი სიყვარული. უბრალოდ, სიყვარულში ჩაფლული ბავშვი ვიყავი.
- მგონი, თქვენ სიყვარული გიყვარდათ...
- პირველად გავიგე ეს გამოთქმა და ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივია, სიყვარული მიყვარდა, მომწონს!
- თქვენ გამო მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?
- როგორ არა, კლასში 11-12 ბავშვი ვიყავით და როცა გაჭირვება გვქონდა კლასს, ან გაკვეთილი არ ვიცოდით, ან საკონტროლო იყო დასაწერი და არ ვიყავით მომზადებულნი, მხარს ავუბამდით ერთმანეთს და ათას სისულელეს ვაკეთებდით. ერთხელ მინები ჩავამსხვრიეთ კლასში. ერთი ამბავი ატყდა. მაშინ მინის შოვნა ადვილი საქმე არ იყო, მშობლებიც დაიბარეს სკოლაში, რაიონის განათლების განყოფილებამდე მივიდა საქმე. ბოლოს გამოვტყდით, ვინც "გავისარჯეთ" და მინები მიგვატანინეს. ეს ის დრო იყო, კუთხეში რომ აყენებდნენ ბავშვებს ცუდი საქციელისთვის. ძალიან მრცხვენოდა, ამ ადგილს თუ დავიკავებდი. კლასელების მრცხვენოდა, გოგონების, ვყოყლოჩინობდი და ეს როგორ მაკადრეს-მეთქი, ვფიქრობდი.
- პირველ სამსახურზე, პირველ ჰონორარზე რას მეტყვით?
- შიმშილის დაკმაყოფილების გრძნობა გაიძულებს, რომ იმუშაო. 27 მანეთი მქონდა სტიპენდია ინსტიტუტში, უცხო ენებზე ვსწავლობდი. მერე ჩემმა მეგობარმა, რომელიც თბილისის ცენტრალურ უნივერმაღში მღეროდა (მაშინ ყველა ცენტრალურ დაწესებულებას შემოქმედებითი კოლექტივები ჰყავდა) თან წამიყვანა. გავაკეთეთ ტრიო, პარალელურად გამაფორმეს საწყობში მუშად, 66 მანეთი მქონდა ხელფასი. ეს დიდი ფული იყო მაშინ. ამას დამატებული სტიპენდია, თვეში 100 მანეთი გამოდიოდა. მართალი გითხრათ, მუშაობას არავინ გვაძალებდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახალტურებდი, ესეც აღზრდის გამოისობით. დილით საწყობში ვმუშაობდი, 9-ის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდი, მერე რეპეტიციები მქონდა, ინსტიტუტის თვითშემოქმედებით ჯგუფთან, თუმცა მაინც მრჩებოდა დრო იმისთვის, რომ ორი კურსი კარგად მესწავლა. მერე სხვა სამუშაო გამოჩნდა, ფილარმონიაში ანსამბლი "ციცინათელა", სოსო ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. ამას მოჰყვა ტელევიზიაში გამოჩენა და ნელ-ნელა გამიცნო ხალხმა.
- რაში დახარჯეთ პირველი ხელფასი?
- არ მახსოვს, ალბათ ბიჭებთან ერთად ვიქეიფე. იმ პერიოდში მამა უკვე გარდაცვლილი მყავდა და დედას ფინანსური დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა, ჩემი დახმარება ის იყო, რომ საკუთარ თავს ფინანსურად თავად ვუზრუნველყოფდი. იქ კიდევ სხვა ოჯახური გასაჭირი იყო, რაზეც ახლა არ მსურს საუბარი. არ მინდა, ჩემი ტკივილი სხვას თავზე მოვახვიო.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილს, იყო განსაკუთრებული აკრძალვა ან მოთხოვნა თქვენი მხრიდან?
- წეღან ჯოჯოხეთის კარი ვახსენე. ყველა ადამიანი აღებს ამ კარს. არ ვიცი, ვინ როგორ ხედავს ამ ცხოვრებას, მაგრამ სამოთხე რომ არ არის დედამიწაზე, ეს ნამდვილად ვიცი. ამიტომ, როცა ადამიანი შეცდომას უშვებს, თუ იცი, რომ ეს შეცდომაა, უნდა მიუთითო, ვალდებული ხარ, თუნდაც არ იყოს შენი შვილი. აკრძალვა, მართალი გითხრათ, არ მახსენდება. ისე უნდა გაზარდო შვილი, რომ შენც გისმენდეს. რასაც ეტყვი ყურად იღოს. თუ ვერ გაზარდე, რამდენიც გინდა ელაპარაკო, არ დაგიჯერებს, შეიძლება, თავი დაგიქნიოს და მაინც თავისი გააკეთოს. ჩემი და ჩემი მეუღლის ყოფა ცოტა სხვაგვარი იყო. წელიწადში 6-7 თვე გასტროლზე რომ ივლი, რთულია, შვილი აკონტროლო. ქეთი სანამ პატარა იყო, თან დაგვყავდა, ციმბირი, სიცივე, ყინვა და შიმშილი ჩვენთან ერთად აიტანა ბავშვმა. ქეთოს ხან კულისებში ეძინა და ხანაც თვითმფრინავში. როცა სწავლა დაიწყო, სკოლაშიც უჭირდა ჩემს შვილს, მოკლებული იყო იმ ფუფუნებას, მშობლებს ესა თუ ის გაუგებარი გაკვეთილი აეხსნა მისთვის. დღეს ძალიან განვიცდი ამას, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. არ გვქონდა ბინა, ჭერი, რომლის ქვეშაც ვიცხოვრებდით. ხომ უნდა დავმდგარიყავით ფეხზე, სადამდე შეიძლებოდა კიბის ქვეშ ცხოვრება?! და სანამ შევძელით, ელემენტარული პირობები შეგვექმნა ჩვენი ყოფისთვის დედამიწაზე, დროც გავიდა.
- ბოლო დროს ხშირად ვიყურები უკანო, მითხარით, განსაკუთრებით თუ დარდობთ თქვენს რომელიმე ნაბიჯს?
- რა თქმა უნდა და მუდმივად ვეძებ თავის გამართლების საფუძველს. გამოუცდელობა ჩაგადენინებს შეცდომებს, ის, რომ სხვას არ უჯერებ, მაგრამ თუ თვითონ არ გაიარე, არ წაიქეცი და ცხვირი არ წაიმტვრიე, სხვისი დაჯერება არ გინდა. რა ვუყო, მეც მაქვს შეცდომები დაშვებული. ის სიმღერა არ მიმღერია, რომელიც უნდა მემღერა. პირველ კურსზე ვიყავი უცხო ენებში, როცა მუსკომედიაში ჩამაბარებინეს. ძალიან მოვეწონე და მითხრეს, მუსკომედიაში გადმოდიო. მე ვერ შევძელი, ჩემს დეკანს რომ დავეკითხე, ისედაც იმღერებ, არ გადახვიდეო, მითხრა. დავუჯერე. მერე კონსერვატორიიდან მოვიდნენ და გამსინჯეს, მათაც ყველაფრის მიტოვება მთხოვეს. ვერც ეს შევძელი. ვიღაც რომ მყოლოდა გვერდით მრჩეველი, კონსერვატორიაში წავიდოდი.
- რომელ სიმღერას გულისხმობდით, არ ვიმღერეო, რომ თქვით?
- "თეთრი გედი" მე მომიტანა კომპოზიტორმა, ახლა პირველად ვამბობ. დაუწყნარებელ ხასიათზე შევხვდი, პირადული განცდები მქონდა, ვერც მოვისმინე ნორმალურად. არ მომწონს-მეთქი, ვთქვი. მალევე მომეწონა, მაგრამ უკან ხომ არ წავიღებდი ჩემს სიტყვებს, ჯიქი აღმოვჩნდი.
- ეს სიჯიუტე, ჯიქური ხასიათი გეხმარებოდათ თუ ხელს გიშლიდათ ცხოვრებაში?
- კიდევ კარგი, ჯიქი ვთქვი და ვირი არა (იღიმის). სიმყარე შენს გადაწყვეტილებებში უნდა გქონდეს ადამიანს, მაგრამ სანამ ჯიქი გახდები, გონი უნდა გამოიყენო. გონი იმიტომ გაქვს ადამიანს, რომ შვიდჯერ გაზომო და ერთხელ გაჯიქდე. ნათქვამია, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ათამდე დაითვალეო. ვერ დავითვალე მაშინ და რა ვქნა. თუ იტყვი, პასუხიც უნდა აგო ნათქვამზე და ნამოქმედარზე. პასუხისმგებლობა გამომიმუშავდა. 40 წელია სცენაზე ვდგავარ და ალბათ ორჯერ მაქვს დაგვიანებული რეპეტიციაზე. მე რომ დამეგვიანებინა, ისეთი ვალდებულება მქონდა, კონცერტი არ დაიწყებოდა. ის ორი შემთხვევაც საპატიო იყო. პირველად ბინის ორდერი რომ მომცეს, დავლიეთ და დამაგვიანდა კონცერტზე. სცენაზე რომ გავედი, შემატყვეს, ფეხზე ძლივს რომ ვიდექი. გულახდილად ვთქვი, ბინა მაჩუქეს და მთვრალი ვარ-მეთქი, მოვიბოდიშე. ერთი ამბავი ატყდა, ტაში, გრიალი.
- დღეს რას საქმიანობთ?
- კი, გარდაიცვალა ალექსანდრე ბასილაია, დიდი კომპოზიტორი, მოქალაქე და პიროვნება, რამაც ანსამბლ "ივერიის" შეჩერება გამოიწვია, მაგრამ ჩვენ დამარცხებულნი მაინც არ წავსულვართ, გამარჯვებულები წავედით სცენიდან. მოაქვთ ახალი სიმღერები ჩემამდე... ვწერ ახალ სიმღერებს, როგორც ნახეთ, ახლახან "გამაპატიოსნეს" (იცინის), უფრო სწორად, ჩვენი საყვარელი დედაქალაქის საპატიო მოქალაქედ დამასახელეს. ახლა სოლოკონცერტისთვის ვემზადები.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"

Комментариев нет:

Отправить комментарий