вторник, 8 ноября 2011 г.

თემურ წიკლაური: "ლილის სულიერმა სიმტკიცემ ცხოვრებისკენ შემომაბრუნა"

ლეგენდარულ ანსამბლ "ივერიის" არწივი, მომღერალი თემურ წიკლაური, 4 ნოემბერს თავის 65–ე დაბადების დღეს დიდი კონცერტით აღნიშნავს და მეგობრებს ელოდება. რა თქმა უნდა, ამ დღეს მის გვერდით იქნება მისი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრი, უერთგულესი და უსაყვარლესი ქალი, ლილი ზღვაური, რომელთანაც ბატონ თემურს 45 წელი აკავშირებს. ხელოვანთა წყვილის ცხოვრების გზა ტკივილითა და ეკლიანი ვარდებით იყო მოფენილი, მაგრამ ამ გზას ისინი სიყვარულითა და რწმენით დღემდე ერთად მოუყვებიან.
– ბატონო თემურ, სანამ ჩვენს მთავარ თემას შევეხებოდეთ, იმ უახლოესი მოვლენის შესახებ გვიამბეთ, რომლისთვისაც ემზადებით.
– 4 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ყველას გეპატიჟებით ჩემს 65 წლის საიუბილეო კონცერტზე, რომელიც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება. მსმენელის წინაშე ახალი და ძველი სიმღერებით წარვდგები. ჩემი მეუღლის და შვილის გარდა, ამ კონცერტში არავინ მონაწილეობს, რადგან ჩემი საიუბილეო საღამოა. რაც აქამდე გამიკეთებია, იმის შემაჯამებელი კონცერტი იქნება. "ივერიელები", როგორც ერთად ვიყავით, ისევ ერთად ვართ: საღამოს რეჟისორია ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. ბასა და თამარ ფოცხიშვილები შექმნიან სცენაზე იმ სილამაზეს, რასაც მაყურებელი იხილავს – მათ არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ. კონცერტზე 25 სიმღერას შევასრულებ. იმდენია სამღერი და სათქმელი, რომ 25 სიმღერა ცოტაა, მაგრამ ხალხი გამექცევა, მეტს ვერ გაუძლებს. სათქმელი დამიგროვდა და იმიტომაც გამოვდივარ სცენაზე. თუ სათქმელი არ გაქვს, სახლში უნდა იჯდე. რომ არა ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო, ეს კონცერტი არ შედგებოდა. მოგეხსენებათ, ხელოვანთა ხვედრი საქართველოში არასახარბიელოა. ჩვენ თავის დროზე რომ კონცერტებს ვატარებდით, იმდენად საინტერესო იყო ეს ხალხისთვის, რომ წელიწადში დაახლოებით 350–ჯერ ვიდექით სცენაზე. დღეს ერთი კონცერტის ჩატარება რომ სირთულეს წარმოადგენს, ეს ალბათ არც მსახიობთა არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს და არც მომღერალთა, ხალხის შეჭირვებაზე მეტყველებს. რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, "რუსთავი 2" და რადიო "არ დაიდარდო" იღებენ თავიანთ თავზე, რომ გვერდში დამიდგნენ და ამ კონცერტის შესახებ ხალხს შეატყობინონ. ალბათ სხვებიც გამოჩნდებიან. მე არავისთან მივდივარ და არ ვთხოვ. ალბათ თვითონ მოვლენ და მიპოვიან.
– თქვენი მეუღლე, ქალბატონი ლილი, ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებს. მაყურებლისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება სცენაზე მისი ისევ გამოჩენა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების მთავარ ქალბატონზე. როგორც გაიცანით ის?
– ჩემი მეუღლე, ლილი ზღვაური მსახიობია. მუსკომედიის განხრით თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ანსამბლ "ციცინათელაში" გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო 1966–67 წლებში. მაშინ ორივე სტუდენტები ვიყავით. თითქმის 45 წელია, ერთად, სიმღერ–სიმღერით მოვდივართ. არ მკითხოთ ახლა, ერთმანეთი გიყვართ თუ არაო. რადგან 45 წელი ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, უბრალოდ სხვა ურთიერთობა ყალიბდება – შეჩვევა, ერთმანეთზე ზრუნვა და მოვლა, მეტი ყურადღება და ურთიერთპატივისცემა. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, გასტროლებზეც ხშირად ერთად დავდიოდით. მეც კარგად ვმღეროდი და ლილიც. ჩვენი დუეტიც შემორჩა.
– რითი მოგხიბლათ ქალბატონმა ლილიმ მაშინ, როცა თქვენი ურთიერთობა იწყებოდა?
– გარეგნობით. გარდა ამისა, ერთმანეთს დაემთხვა ხასიათი, მისწრაფებები, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, რელიგიური შეხედულებები, სიმღერის სიყვარული და, რაც მთავარია, ერთმანეთისაკენ სწრაფვა. მერე ამას სიყვარული დავარქვით და დავქორწინდით.
– საყვარელი ქალისთვის "საგმირო საქმეთა" ჩადენა ხომ არ მოგიწიათ?
– ცოლის მოყვანა გმირობა არ არის?! მეტი რა გმირობა ჩამედინა?! ოჯახის შექმნას რომ აპირებ, ეს დიდ გმირობას მოითხოვს, განსაკუთრებით მამაკაცისთვის, რადგან პასუხისმგებლობას იღებ ოჯახის წინაშე. სხვა ისეთი არაფერი ჩამიდენია: არც დევი მომიკლავს და არც ციხესიმაგრეები დამინგრევია.
– როგორ სთხოვეთ ქალბატონ ლილის ხელი და გული?
– ჩვეულებრივად და, რომ დამთანხმდა, გულშეწუხებული დავეცი მიწაზე.
– თქვენს ქორწილს როგორ გაიხსენებდით?
– ქორწილი ზაპოროჟიეში გადავიხადეთ. იმ პერიოდში დიდი ქორწილის გადახდის საშუალება არ გვქონდა. მოხეტიალე, უფულო მსახიობები ვიყავით. უკრაინაში ვიყავით გასტროლებზე და გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოგვეწერა, რადგან მაშინ სასტუმროში სხვანაირად ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მივედი ქალაქის თავთან და ჩემი გასაჭირი ვუამბე. კარგი კაცი აღმოჩნდა. მკითხა, მართლა გინდა ცოლის მოყვანაო. კი, და ხელის მოწერა მინდა–მეთქი. არ გამოვა ასეო და თავის ბინაში ჩამწერა მუდმივად. ახლა მოიყვანეო, მითხრა. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოესწრო. ხელი მოვაწერეთ. მერე კონცერტი გვქონდა. კონცერტის შემდეგ ცოტა ვიქეიფეთ და ეს ფაქტი აღვნიშნეთ. მაშინ მე 22 წლის ვიყავი, ლილი – 21 წლის. ქალაქის თავის ბინიდან იმ დღესვე ვეღარ ამოვეწერე და საქართველოში დავბრუნდით. მერე, როცა ისევ მოვხვდი უკრაინაში, მისი ბინიდან ამოვეწერე, რომ რამე სხვა აზრი არ გასჩენოდა. ეს ადამიანი უბრალოდ მენდო, ძალიან კარგი პიროვნება გახლდათ.
– მამა ახალგაზრდა ასაკში გახდით. შვილების გაზრდაში აქტიურად მონაწილეობდით?
– სწორედ იმიტომ, რომ ხშირად ერთად მივდიოდით გასტროლებზე, ჩემი პირველი შვილი, ქეთევანი, უფრო ბებია–ბაბუასთან იზრდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ მშობელმა მაინც კეთილი უნდა ინებოს და თავად გაზარდოს შვილი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ცუდად არის გაზრდილი. უბრალოდ გული მეთანაღრება, რომ ის წლები გამოვტოვე, რაც ბავშვის აღზრდისთვის უნდა დამეთმო. ვერ ვისიამოვნე იმ წლებით და ვერ მოვეფერე ისე, როგორც მინდოდა, თორემ ქეთევანი არაჩვეულებრივად აღზრდილი ქალი გახლავთ. ისიც მომღერალია.
– ამაყობთ თქვენი ქალიშვილით?
– ქეთევანი მაშინ მოხვდა კონსერვატორიაში, როდესაც საქართველოში ძმათა მკვლელი ომი მძვინვარებდა და არავის ეცალა სასწავლებლად, არაფერი ფუნქციონირებდა. შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა. ალბათ დიდი ნიჭი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამგვარ სიტუაციაში სწავლა მოახერხო. იმ პერიოდში ანსამბლ "ივერიაში" მიუზიკლი "ფიროსმანი" იდგმებოდა და იქ მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი სხვა პროექტებშიც იყო. ასე ჩამოყალიბდა თვითმყოფად და ძალიან საინტერესო მომღერლად და მოცეკვავედ, სცენაზე არაჩვეულებრივად მოძრაობს.
– თქვენს ოჯახს დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი, რომელიც უმცროსი შვილის, გიორგის დაკარგვას ეხება. თქვენი გამოცდილებით, რა აძლიერებს ამ დროს მშობელს, რომ ამ ტკივილს გაუძლოს?
– ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს... 6 წლის ასაკში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი წავიდა ამქვეყნიდან. ხარება დღე იყო. ეს უდიდესი ტკივილი რწმენამ გადაგვატანინა. იმ წლებში, როცა ჩემი გიორგი თავისთან მიიხმო უფალმა, სიკვდილი გაუფასურებული არ იყო, კაცის სიკვდილს განიცდიდნენ. ადამიანის სიცოცხლე ძვირად ფასობდა. ქვეყანა თითოეულ შვილს ითვლიდა. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული გახდა სიცოცხლე იაფი. ადამიანი სხვის გარდაცვალებას ისე უყურებს, თითქოს ეს მას არასოდეს შეეხება...
– ამბობენ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ქალი დგასო. თქვენმა ცოლმა, ქალბატონმა ლილიმ, რა როლი ითამაშა თქვენს წინსვლაში? ცხოვრების განმავლობაში რა თვისებები აღმოაჩინეთ მეუღლეში?
– ჩვენ ეკლიანი ვარდებით მოფენილ გზაზე ვიარეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო, რადგან რომ არა ამგვარი გზა, ალბათ საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდით. დედამიწაზე ასეა მიღებული – აუცილებელია იმ განსაცდელების გადატანა, რასაც უფალი მოუვლენს ადამიანს. ღვთის წყალობად ჩავთვლიდი ჩემი მეუღლის ასეთ თავდაჭერილობას და სულიერ სიძლიერეს. მან უდიდესი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა იმ დროს, როცა ჩვენი შვილი, გიორგი, იმქვეყნად წავიდა. რომ არა მისი სიმტკიცე და თავშეკავება, არ ვიცი, ცხოვრებას რამდენად დავუბრუნდებოდი.
– 45 წლის შემდეგ თქვენი ოჯახი ცხოვრების რა ეტაპზეა?
– იმდენი საერთო შეხების წერტილი ჩნდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობა სხვა ხარისხში, სხვა სიმაღლეზეა. ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ამდენი წლის ოჯახს შეეფერება. ჩვენ გვყავს შვილიშვილი ანდრია და ეს ოთხნი ხელიხელჩაკიდებულნი მივდევთ ცხოვრებას. ბევრს არ ვითხოვთ და, რაც გვაქვს, სიამოვნებით გავცემთ, თუ ეს ქვეყანას და გვერდში მდგომ ადამიანებს სჭირდებათ. ისევ ხალხის სამსახურში ვრჩებით.

понедельник, 7 ноября 2011 г.

ორმოცამდე ცოცხლად შესრულებული სიმღერა და მხოლოდ რამდენიმე დუეტი სცენაზე, "არწივი" ისევ ფორმაშია

ორმოცამდე ცოცხლად შესრულებული სიმღერა და მხოლოდ რამდენიმე დუეტი სცენაზე, "არწივი" ისევ ფორმაშია. "ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს" - ამ სახელწოდებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა, თემურ წიკლაურმა და მისმა შემოქმედებამ მთლიანად დაიპყრო.

კონცერტი მომღერლის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ეს იყო საღამო, სადაც საერო და სასულიერო პირები, ერთნაირად გამოხატავდნენ ემოციებს.

"თემურ წიკლაური დიდებული ქართველი მომღერალია. ეს ადამიანი "არწივობას" ყოველთვის გამოხატავს, ამ ყველაფერთან ერთად კი ძალიან თავმდაბალი მართლმადიდებელია, მრავალი ღვთის სადიდებელი სიმღერა და გალობა აქვს ჩაწერილი. დღევანდელი საღამო, ერთ-ერთი უბრწყონვალესი საღამოა, ვულოცავ ბატონ თემურს ამ წარმატებას." - ამბობს "ჯეონიუსთან" მეუფე თადეოზი.

სცენაზე მხოლოდ რამდენიმე "ივერიელი" იდგა, დანარჩენები კი დარბაზიდან ამხნევებდნენ მომღერალს.

"ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. 65 წელიწადი, ეს არ არის დიდი დრო. ასი წელი არ ვიქნები ბებერიო, გესმით, რა ომახიანად მღერის? ჩვენი მთავარი მომღერალია ანსამბლში, ვულოცავ თემურ წიკლაურს იუბილეს," - ამბობს ვახტანგ ტატიშვილი.

საღამოს რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი ჩვეულ ამპლუაში, კულისებში , კვლავ აქტიურად ამხნევებდა სცენაზე მდგარ მომღერალს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩატარდა ბრწყინვალედ ჩემი ძვირფასი მეგობრის, თემურ წიკლაურის სოლო კონცერტი. სხვას არც ველოდით, იყო საოცარი ერთიანობა. როგორც ხედავთ, მარტო იდგა და პირველი ნომრიდან, ბოლო ნომრამდე მღეროდა ცოცხლად. კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებ. ეს არის კაცი, რომელიც ბოლომდე იხარჯება შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც." - აცხადებს ანსამბლ "ივერიას" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი.

სცენაზე ფარდის დაშვების შემდეგ, მომღერალმა რამდენიმე წამით ჩვენთვისაც მოიცალა.

"უჩვეულო დღეა დღეს ჩემს ცხოვრებაში, დიდი ხანია არ ვმდგარვარ სცენაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა ყველას." - ამბობს "ჯეონიუსთან" მომღერალი.

კონცერტის ბოლოს, 65 წლის იუბილარმა "არწივმა" ესტაფეტა სიმბოლურად ბავშვთა ვოკალურ გუნდ "ძლევაის" და მის ხელმძღვანელ კახა ონაშვილს გადასცა.

მომღერალმა მადლობა გადაუხადა ყველა იქ მყოფ ადამიანს, თავის მეგობრებს, ქალაქ თბილისის მერიას, პირადად გიგი უგულავას და კულტურის სამსახურს ღონისძიების სპონსორობისთვის. თამარ და ბასა ფოცხიშვილებს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს, რადიო "არ დაიდარდოს", საინფორნაციო სააგენტო "ჯეონიუსს" და გაზეთ "პრაიმ ტაიმს" მედიაპარტნიორობისთვის.

მეფე არწივი და ფიროსმანი, ასე ძალიან რამ შეგვაყვარა?! - დიდი თემო წიკლაურის დიდი კონცერტი


შეუძლებელია ქართველი გერქვას, ქართველად გრძნობდე თავს და ამ დიდი ქართველის შემოქმედება არ მოგწონდეს, არ მოგწონდეს მისი ნაღდი ქართული, ვაჟკაცური ხმა, არ მოგწონდეს მისი ბუნება, მისი ქართველობა, შეუძლებელია ქართველად გრძნობდე თავს და ემოციების გარეშე უსმენდე მის შესრულებულ "იარონ"-ს, "გააჩერე დედამიწა ჩავდივარ"-ს (რომელიც სხვათაშორის თანამედროვე ახალგაზრდობის "ძააან ტაკოი ტიპებს" ურთიერთობის სლოგანად გაუხდიათ და აზრზეც არ არიან საიდანაა ეს სიტყვები!)
თემო წიკლაურმა სოლო-კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა და 2500 მაყურებელი ემოციების გარშემო შეკრიბა, ქართველობა გაახსენა და სულიერი სიძლიერე შემატა, - ყოველშემთხვევისთვის ასეთი საბრძოლო განწყობითა და გრძნობით გამოვედით ჩვენ დარბაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღით ადრე თემო წიკლაურმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემა `პირისპირ`-ში (იხილეთ ჩანაწერი) მაინც გაჩნდა კონცერტის შემდეგ ერთი კითხვა - საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა ენერგია, რომ ერთმა 2500-ს გაუნაწილა?
რაც შეეხება კონცერტის არაემოციურ ნაწილს - ასეთი უბრალოდ არ ყოფილა, ორ მოქმედებად დადგმული საღამო (ჯემალ ბაღაშვილის რეჟისორობითა და ბასა და თამარ ფოცხიშვილების ხელშეწყობით) ერთი კარგი ქეიფის სუფრასავით გათავდა, ქართულად, წესების დაცვით და არც არავის შეუცხადებია ის, რომ მომღერალს რამდენგანმე ტექსტი აერია, ემოციები ვერ დაფარა, წაუცეკვა, წაუღიღინა :) – მოკლედ ფაქტი იყო, რომ თემო წიკლაური თავს ისე გრძნობდა სცენაზე როგორც საკუთარ სახლში, ან რა გასაკვირია როცა ის ამ სცენაზე 40 წელია დგას?! და მითუმეტეს მაშინ, როცა მეუღლე და შვილი გვერდით ყავდნენ, რომლებთან ერთადაც ემოციური სიმღერებიც შეასრულა. უდაოდ დიდი იყო დედისადმი მიძღვნილი სიმღერა და რომ შეიძლებოდეს, ის დედის ჰიმნადაც უნდა აღიაროს ვინმემ, ან უბრალოდ ყველამ საკუთარ დედას უნდა მიუძღვნას და შეძლოს ვინმემ ხშირად მოასმენინოს ქუჩაში, ბირჟაზე, თუნდაც სუფრაზე შეკრებილ ახალგაზრდა ქართველ ვაჟკაცებს (!) საკუთარი დედის გინება ვაჟკაცობის დარად რომ გაუხდიათ!
ეს, თემო წიკლაურის კონცერტი იყო - თავის ხუმრობით, თავის დიდი ბავშურობით (თუმცა წელს მას 65 წელი შეუსრულდა), თავის ერთგულებით და თავის სიყარულით სამშობლოსადმი, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელიც ზუსტად, რომ მისნაირების გადასარჩენია, კაცების - რომელსაც ეროვნული სულისკვეთება შერჩათ და მისი განაწილება სხვებისთვისაც შეუძლიათ!
მადლობა თემო, რომ არსებობ და შეგიძლია სხვასაც ასწავლო, ქართველობა, ვაჟკაცობა და ერის სიყვარული, - კიდევ დიდხანს იმღერე თემო. . .
დიახ! თემო და არა ბ-ნო თემო, რადგან შენ ყველა ნაღდი ქართული ოჯახის წევრი უნდა იყო!