вторник, 8 ноября 2011 г.

თემურ წიკლაური: "ლილის სულიერმა სიმტკიცემ ცხოვრებისკენ შემომაბრუნა"

ლეგენდარულ ანსამბლ "ივერიის" არწივი, მომღერალი თემურ წიკლაური, 4 ნოემბერს თავის 65–ე დაბადების დღეს დიდი კონცერტით აღნიშნავს და მეგობრებს ელოდება. რა თქმა უნდა, ამ დღეს მის გვერდით იქნება მისი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრი, უერთგულესი და უსაყვარლესი ქალი, ლილი ზღვაური, რომელთანაც ბატონ თემურს 45 წელი აკავშირებს. ხელოვანთა წყვილის ცხოვრების გზა ტკივილითა და ეკლიანი ვარდებით იყო მოფენილი, მაგრამ ამ გზას ისინი სიყვარულითა და რწმენით დღემდე ერთად მოუყვებიან.
– ბატონო თემურ, სანამ ჩვენს მთავარ თემას შევეხებოდეთ, იმ უახლოესი მოვლენის შესახებ გვიამბეთ, რომლისთვისაც ემზადებით.
– 4 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში ყველას გეპატიჟებით ჩემს 65 წლის საიუბილეო კონცერტზე, რომელიც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება. მსმენელის წინაშე ახალი და ძველი სიმღერებით წარვდგები. ჩემი მეუღლის და შვილის გარდა, ამ კონცერტში არავინ მონაწილეობს, რადგან ჩემი საიუბილეო საღამოა. რაც აქამდე გამიკეთებია, იმის შემაჯამებელი კონცერტი იქნება. "ივერიელები", როგორც ერთად ვიყავით, ისევ ერთად ვართ: საღამოს რეჟისორია ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. ბასა და თამარ ფოცხიშვილები შექმნიან სცენაზე იმ სილამაზეს, რასაც მაყურებელი იხილავს – მათ არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ. კონცერტზე 25 სიმღერას შევასრულებ. იმდენია სამღერი და სათქმელი, რომ 25 სიმღერა ცოტაა, მაგრამ ხალხი გამექცევა, მეტს ვერ გაუძლებს. სათქმელი დამიგროვდა და იმიტომაც გამოვდივარ სცენაზე. თუ სათქმელი არ გაქვს, სახლში უნდა იჯდე. რომ არა ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო, ეს კონცერტი არ შედგებოდა. მოგეხსენებათ, ხელოვანთა ხვედრი საქართველოში არასახარბიელოა. ჩვენ თავის დროზე რომ კონცერტებს ვატარებდით, იმდენად საინტერესო იყო ეს ხალხისთვის, რომ წელიწადში დაახლოებით 350–ჯერ ვიდექით სცენაზე. დღეს ერთი კონცერტის ჩატარება რომ სირთულეს წარმოადგენს, ეს ალბათ არც მსახიობთა არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს და არც მომღერალთა, ხალხის შეჭირვებაზე მეტყველებს. რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, "რუსთავი 2" და რადიო "არ დაიდარდო" იღებენ თავიანთ თავზე, რომ გვერდში დამიდგნენ და ამ კონცერტის შესახებ ხალხს შეატყობინონ. ალბათ სხვებიც გამოჩნდებიან. მე არავისთან მივდივარ და არ ვთხოვ. ალბათ თვითონ მოვლენ და მიპოვიან.
– თქვენი მეუღლე, ქალბატონი ლილი, ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებს. მაყურებლისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება სცენაზე მისი ისევ გამოჩენა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების მთავარ ქალბატონზე. როგორც გაიცანით ის?
– ჩემი მეუღლე, ლილი ზღვაური მსახიობია. მუსკომედიის განხრით თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ანსამბლ "ციცინათელაში" გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო 1966–67 წლებში. მაშინ ორივე სტუდენტები ვიყავით. თითქმის 45 წელია, ერთად, სიმღერ–სიმღერით მოვდივართ. არ მკითხოთ ახლა, ერთმანეთი გიყვართ თუ არაო. რადგან 45 წელი ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, უბრალოდ სხვა ურთიერთობა ყალიბდება – შეჩვევა, ერთმანეთზე ზრუნვა და მოვლა, მეტი ყურადღება და ურთიერთპატივისცემა. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, გასტროლებზეც ხშირად ერთად დავდიოდით. მეც კარგად ვმღეროდი და ლილიც. ჩვენი დუეტიც შემორჩა.
– რითი მოგხიბლათ ქალბატონმა ლილიმ მაშინ, როცა თქვენი ურთიერთობა იწყებოდა?
– გარეგნობით. გარდა ამისა, ერთმანეთს დაემთხვა ხასიათი, მისწრაფებები, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, რელიგიური შეხედულებები, სიმღერის სიყვარული და, რაც მთავარია, ერთმანეთისაკენ სწრაფვა. მერე ამას სიყვარული დავარქვით და დავქორწინდით.
– საყვარელი ქალისთვის "საგმირო საქმეთა" ჩადენა ხომ არ მოგიწიათ?
– ცოლის მოყვანა გმირობა არ არის?! მეტი რა გმირობა ჩამედინა?! ოჯახის შექმნას რომ აპირებ, ეს დიდ გმირობას მოითხოვს, განსაკუთრებით მამაკაცისთვის, რადგან პასუხისმგებლობას იღებ ოჯახის წინაშე. სხვა ისეთი არაფერი ჩამიდენია: არც დევი მომიკლავს და არც ციხესიმაგრეები დამინგრევია.
– როგორ სთხოვეთ ქალბატონ ლილის ხელი და გული?
– ჩვეულებრივად და, რომ დამთანხმდა, გულშეწუხებული დავეცი მიწაზე.
– თქვენს ქორწილს როგორ გაიხსენებდით?
– ქორწილი ზაპოროჟიეში გადავიხადეთ. იმ პერიოდში დიდი ქორწილის გადახდის საშუალება არ გვქონდა. მოხეტიალე, უფულო მსახიობები ვიყავით. უკრაინაში ვიყავით გასტროლებზე და გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოგვეწერა, რადგან მაშინ სასტუმროში სხვანაირად ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მივედი ქალაქის თავთან და ჩემი გასაჭირი ვუამბე. კარგი კაცი აღმოჩნდა. მკითხა, მართლა გინდა ცოლის მოყვანაო. კი, და ხელის მოწერა მინდა–მეთქი. არ გამოვა ასეო და თავის ბინაში ჩამწერა მუდმივად. ახლა მოიყვანეო, მითხრა. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოესწრო. ხელი მოვაწერეთ. მერე კონცერტი გვქონდა. კონცერტის შემდეგ ცოტა ვიქეიფეთ და ეს ფაქტი აღვნიშნეთ. მაშინ მე 22 წლის ვიყავი, ლილი – 21 წლის. ქალაქის თავის ბინიდან იმ დღესვე ვეღარ ამოვეწერე და საქართველოში დავბრუნდით. მერე, როცა ისევ მოვხვდი უკრაინაში, მისი ბინიდან ამოვეწერე, რომ რამე სხვა აზრი არ გასჩენოდა. ეს ადამიანი უბრალოდ მენდო, ძალიან კარგი პიროვნება გახლდათ.
– მამა ახალგაზრდა ასაკში გახდით. შვილების გაზრდაში აქტიურად მონაწილეობდით?
– სწორედ იმიტომ, რომ ხშირად ერთად მივდიოდით გასტროლებზე, ჩემი პირველი შვილი, ქეთევანი, უფრო ბებია–ბაბუასთან იზრდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ მშობელმა მაინც კეთილი უნდა ინებოს და თავად გაზარდოს შვილი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ცუდად არის გაზრდილი. უბრალოდ გული მეთანაღრება, რომ ის წლები გამოვტოვე, რაც ბავშვის აღზრდისთვის უნდა დამეთმო. ვერ ვისიამოვნე იმ წლებით და ვერ მოვეფერე ისე, როგორც მინდოდა, თორემ ქეთევანი არაჩვეულებრივად აღზრდილი ქალი გახლავთ. ისიც მომღერალია.
– ამაყობთ თქვენი ქალიშვილით?
– ქეთევანი მაშინ მოხვდა კონსერვატორიაში, როდესაც საქართველოში ძმათა მკვლელი ომი მძვინვარებდა და არავის ეცალა სასწავლებლად, არაფერი ფუნქციონირებდა. შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა. ალბათ დიდი ნიჭი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამგვარ სიტუაციაში სწავლა მოახერხო. იმ პერიოდში ანსამბლ "ივერიაში" მიუზიკლი "ფიროსმანი" იდგმებოდა და იქ მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი სხვა პროექტებშიც იყო. ასე ჩამოყალიბდა თვითმყოფად და ძალიან საინტერესო მომღერლად და მოცეკვავედ, სცენაზე არაჩვეულებრივად მოძრაობს.
– თქვენს ოჯახს დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი, რომელიც უმცროსი შვილის, გიორგის დაკარგვას ეხება. თქვენი გამოცდილებით, რა აძლიერებს ამ დროს მშობელს, რომ ამ ტკივილს გაუძლოს?
– ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს... 6 წლის ასაკში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი წავიდა ამქვეყნიდან. ხარება დღე იყო. ეს უდიდესი ტკივილი რწმენამ გადაგვატანინა. იმ წლებში, როცა ჩემი გიორგი თავისთან მიიხმო უფალმა, სიკვდილი გაუფასურებული არ იყო, კაცის სიკვდილს განიცდიდნენ. ადამიანის სიცოცხლე ძვირად ფასობდა. ქვეყანა თითოეულ შვილს ითვლიდა. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული გახდა სიცოცხლე იაფი. ადამიანი სხვის გარდაცვალებას ისე უყურებს, თითქოს ეს მას არასოდეს შეეხება...
– ამბობენ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ქალი დგასო. თქვენმა ცოლმა, ქალბატონმა ლილიმ, რა როლი ითამაშა თქვენს წინსვლაში? ცხოვრების განმავლობაში რა თვისებები აღმოაჩინეთ მეუღლეში?
– ჩვენ ეკლიანი ვარდებით მოფენილ გზაზე ვიარეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო, რადგან რომ არა ამგვარი გზა, ალბათ საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდით. დედამიწაზე ასეა მიღებული – აუცილებელია იმ განსაცდელების გადატანა, რასაც უფალი მოუვლენს ადამიანს. ღვთის წყალობად ჩავთვლიდი ჩემი მეუღლის ასეთ თავდაჭერილობას და სულიერ სიძლიერეს. მან უდიდესი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა იმ დროს, როცა ჩვენი შვილი, გიორგი, იმქვეყნად წავიდა. რომ არა მისი სიმტკიცე და თავშეკავება, არ ვიცი, ცხოვრებას რამდენად დავუბრუნდებოდი.
– 45 წლის შემდეგ თქვენი ოჯახი ცხოვრების რა ეტაპზეა?
– იმდენი საერთო შეხების წერტილი ჩნდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობა სხვა ხარისხში, სხვა სიმაღლეზეა. ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ამდენი წლის ოჯახს შეეფერება. ჩვენ გვყავს შვილიშვილი ანდრია და ეს ოთხნი ხელიხელჩაკიდებულნი მივდევთ ცხოვრებას. ბევრს არ ვითხოვთ და, რაც გვაქვს, სიამოვნებით გავცემთ, თუ ეს ქვეყანას და გვერდში მდგომ ადამიანებს სჭირდებათ. ისევ ხალხის სამსახურში ვრჩებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий