вторник, 25 октября 2011 г.

თემურ წიკლაურის საიუბილეო საღამო "ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს" გაიმართება

თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 4 ნოემბერს, თემურ წიკლაურის საიუბილეო საღამო, სახელწოდებით "ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს" გაიმართება. "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში, თემურ წიკლაურმა და ანსამბლ "ივერიის" ხელმძღვანელმა, ჯემალ ბაღაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

"ეს არის საიბილეო საღამო, რომელიც ჩემი სამოცდახუთი წლის იუბილეს ეძღვნება. ბედნიერი ვარ, რომ სიხარულის გამოხატვის საშუალება მეძლევა. ყველა სიმღერა შვილივით ნალოლიავებია, ამიტომაც ძალიან რთული იყო ორასი საუკეთესოდან ოცდაათი სიმღერის არჩევა“, - ამბობს თემურ წიკლაური.

ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი "ძლევაი" მიიღებს. დაუკრავს ნიკა მემანიშვილის ბენდი, რომელსაც უდირიჟორებს ივერიელი ავთანდილ მამაცაშვილი.

"სრულიად შეგნებულად, ამჯერად ივერიელები ვართ მომსახურე პერსონალის როლში. ეს არის მისი სოლო კონცერტი, მაქსიმალურად გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს, იმას, თუ ახლა როგორია. ცოცხლად შეასრულებს ყველა სიმღერას. თემური ძალიან დიდ სირთულესაც შეეჭიდა, თუმცა, ეს სიურპრიზის სახით, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ბაღაშვილი.

ცნობისთვის თემურ წიკლაურის საიუბილეო საღამო 4 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქალაქ თბილისი მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

Комментариев нет:

Отправить комментарий